"ყოველ ჯერზე როგორ შეიძლება ატყუებდე ყველას, ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

იქნება პარლამენტში ოპოზიცია, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ არ ყოფილა გუნდში მსჯელობა მანდატების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით. 

„ჯერ არ გვიმსჯელია ჩვენ ამ საკითხზე. გახსოვთ, რომ 4 წლის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით. ამაზე გამოდიოდნენ მაშინ ის ე.წ. „ტოპ-ტვინები“, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ პარლამენტის მხრიდან მანდატების ლეგიტიმაციის ცნობა არ იყო კონსტიტუციური, და იგივე „ტოპ-ტვინები“, ე.წ. კონსტიტუციონალისტები აცხადებდნენ, რომ პარლამენტის მხრიდან ამ დეპუტატებისთვის მანდატების არშეწყვეტა იყო არაკონსტიტუციური. თუმცა, საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ, სწორედ, ამ ჩვენი გადაწყვეტილებით ისარგებლა ოპოზიციამ, როდესაც შემოვიდა პარლამენტში და 3.5 წელიწადი, სწორედ, ჩვენი ე.წ. „არაკონსტიტუციური“ გადაწყვეტილების წყალობით სარგებლობდნენ საკუთარი საპარლამენტო მანდატებით, იღებდნენ ხელფასებს, მათ შორის, ამ 6 თვის განაცდურიც მოითხოვეს და ეს ხელფასებიც ბოლომდე აიღეს, ეს იყო მაშინდელი გადაწყვეტილება, მაშინ არ შევუწყვიტეთ მათ მანდატები. ჯერჯერობით არ გვიმსჯელია ამ საკითხზე, შემოვიდა 20 განაცხადი, დაანონსებულია ხვალაც განაცხადების შეტანა, დაველოდებით, ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, საშუალება გვაქვს, რომ 2 კვირაში კენჭი ვუყაროთ ამ საკითხს, მანამდე, ბუნებრივია, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. იქნება პარლამენტში ოპოზიცია, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი. გახსოვთ, წინა 4 წლის განმავლობაში ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში, მაგრამ ამით მაინც არ შეწყვეტილა ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაციის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა, ისინი ერთნაირად აგრძელებდნენ ქუჩისა და დარბაზის გამოყენებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, წინა 4 წლის განმავლობაშიც არცერთი პრობლემის მოგვარებაში არ მიუღია მონაწილეობა ოპოზიციას.

 

„როდესაც ხარ ბოლომდე მომართული დესტრუქციისკენ, იქ საერთოდ არ გაწყობს შენ ჯანსაღი ოპონირება, შესაბამისად, ვერავითარი წვლილი ვერ შეგაქვს სისტემის გაჯანსაღებაში. დღესაც არის, რა თქმა უნდა, სისტემაში არაერთი პრობლემა. არ არსებობს სახელმწიფო პრობლემების გარეშე, სადღაც შეიძლება უფრო ეფექტურად იმართებოდეს პროცესები, სადღაც შეიძლება იყოს კორუფციის პრობლემები და ა.შ. არის უზარმაზარი სისტემა და ამას სჭირდება მუდმივი კონტროლი, მუდმივი მართვა. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ოპოზიცია რომ არსებობდეს, ეს ჩვენთვის იქნებოდა სერიოზული დამხმარე ინსტრუმენტი მართვის გაუმჯობესების კუთხით, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორც ოპოზიციას, ისე NGO-ებს და სხვა შესაბამის სუბიექტებს აქვთ ზუსტად ნულოვანი წვლილი შეტანილი სისტემის გაჯანსაღებაში. თუ სადმე კორუფციის პრობლემას ვხედავდით, თუ სადმე მართვის ეფექტიანობის პრობლემას ვხედავდით, ყველგან ამ პრობლემების გამოსწორება გვიწევდა საკუთარი ხელით და არა ოპოზიციის დახმარებით და მხარდაჭერით და არც NGO-ების მხარდაჭერით და დახმარებით, იმიტომ, რომ ისინი არიან მთლიანად მომართული დესტრუქციისკენ და ეს არის მათი სულისკვეთება, რატომ, იმიტომ, რომ ისინი მოქმედებენ მთლიანად დავალებებით. მათ რომ ჰქონდეთ ელემენტარული პატრიოტიზმი, მოვიდოდნენ და მართლა ჯანსაღად გეტყოდნენ რაღაცას, რომ ეს არის გამოსასწორებელი და იქნებ ამაზე იმუშაოთ, მაგრამ არა, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის დესტრუქცია, პოლარიზაცია, რადიკალიზმი იმიტომ, რომ ეს არის მათი  ერთადერთი დავალება. ერთადერთი, რაც მათ აქვთ დავალებული, არის სწორედ დესტრუქცია, რადიკალიზმი და არავითარ შემთხვევაში ქვეყანაში კონსტრუქციული პროცესებისთვის ხელის შეწყობა“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის პასუხისმგებლობა, მმართველი ძალის მსგავსად, უნდა იყოს ქვეყანაზე ზრუნვა ოპოზიციის რიგებიდან, თუმცა ამას არ აკეთებენ და მხოლოდ ერთი რამ აინტერესებთ - შეასრულონ დავალება, რომელსაც აძლევენ გარედან.

„თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ეს იქნება მათი პრობლემა. ერთ-ერთ ჟურნალისტთან ჰქონდა პოლემიკა მამუკა მდინარაძეს და კითხვა დასვა - მე რომ არ მოვსულიყავი თქვენს ეთერში, ამ ეთერის გაფუჭება თქვენი დანაშაული იქნებოდა, თუ ჩემიო? ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ ამ ქვეყანაზე, ვისარგებლოთ იმ მანდატებით, რომელიც მოგვანიჭა ჩვენმა ამომრჩეველმა. მათი პასუხისმგებლობაც იგივე უნდა იყოს, ზრუნვა ქვეყანაზე ოპოზიციის რიგებიდან და იმ მანდატებით სარგებლობა, რომელიც მათ მიანიჭა ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, მაგრამ ამას არ აკეთებენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის 758 00 ოპოზიციური ამომრჩეველიც გაღიზიანებულია დღეს, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და რომელმაც მხარი დაუჭირა რადიკალურ ოპოზიციას ერთობლიობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი უდიდესი ნაწილი დღეს არის იმედგაცრუებული და ნანობს, რომ მხარი დაუჭირა ერთ, მეორე, მესამე და მეოთხე პოლიტიკურ პარტიას, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, ამ პროცესებით იკვეთება, რომ ესენი არიან სრულიად არაჯანსაღი ძალები, ნული პატრიოტიზმით, ნული ქვეყნის სიყვარულით, ნული ზრუნვა ქვეყანასა და მოსახლეობაზე, არაფერი აინტერესებთ გარდა ერთისა, მათ უნდა შეასრულონ ის დავალება, რომელსაც აძლევენ გარედან,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,  ოპოზიციამ 2 წელი ტყუილში აცხოვრა საკუთარი მხარდამჭერები. 

 

„1000 კაცის მიყვანა არ დაუგეგმავს ოპოზიციას. შეიძლება, აქაც დაგვაბრალონ, რომ მისული იყო 100 ათასი და სინამდვილეში ამ 100 ათასიდან ჩვენ გავაყალბეთ 99 ათასი შეკრების მონაწილე, ნებისმიერი ასეთი განცხადება არის არასერიოზული. ისინი თავად იწვევენ საკუთარი მხარდამჭერების იმედგაცრუებას. ამდენი თვის განმავლობაში ატყუებდნენ ამომრჩეველს. „ფეისბუქზე“ ვნახე მათი ერთ-ერთი წარმომადგენლის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, 20-25 პროცენტი აქვს „ქართულ ოცნებასო“ და მაქსიმუმ გაყალბებით შეიძლება, 10 პროცენტი გააყალბოსო, ეს არის მისი განცხადება - ატყუებდა ხო? ის ატყუებდა, გვარამია, სააკაშვილი, გახარია, ხაზარაძე ატყუებდა, თან მერამდენედ. ეს ხომ პირველი ტყუილი არ არის. ჯერ ატყუებდნენ, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები. 2020 წლის ბოლოდან 2 წლის განმავლობაში ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, დაჟინებით ამბობდნენ ამას. 2 წელი ტყუილში აცხოვრეს საკუთარი მხარდამჭერები, მანამდე 2020-მდე ატყუებდნენ, რომ მოიგებდნენ არჩევნებს - ესეც ტყუილი. 2021-ში არწმუნებდნენ, რომ მოიგებდნენ არჩევნებს, ესეც კიდევ ტყუილი, 2024 არწმუნებდნენ, რომ მოიგებდნენ არჩევნებს, თან ძალიან დიდი უპირატესობით. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ხან 20-25 პროცენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ირაკლი კობახიძის თქმით, ამდენი ტყუილი, რა თქმა უნდა, არ გაჭრის და ამის შედეგია ის, რომ 1000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბა ოპოზიციამ მთავარ დღეს, როდესაც პირველად იკრიბებოდა ქვეყნის ახლად არჩეული პარლამენტი. 

„ეს ტყუილები იწვევს იმედგაცრუებას და ეს არის, საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი იმიტომ, რომ საზოგადოება უკეთ გაარჩევს ასეთ პირობებში ვინ მოქმედებს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და ვინ მოქმედებს უბრალოდ გარე დავალების შესაბამისად. ერთი საინტერესო დეტალია, თვითონ რომ გეგმავდნენ ამ  პროცესებს, რა თქმა უნდა, ყველაფერს მაინც სხვანაირად გააკეთებდნენ იმიტომ, რომ შენ როცა ცხოვრობ ამ ქვეყანაში, მაინც სხვანაირად გრძნობ მაჯისცემას ქვეყნის და შესაბამისად, შეგიძლია წინასწარ იგრძნო, 1000 კაცი გამოვა აქციაზე, 500, 1500, თუ 10 000, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ისინი ყველა ნაბიჯს დგამენ გარედან დავალებით, მათ უწევთ თვითგანადგურების რეჟიმში მოქმედება. გარედან ვერ ხვდებიან როგორია მაჯისცემა, რამდენი კაცი გამოვა 25-ში, 1000 გამოვა, თუ 100 000, ავალებენ ისეთი შეკრების ჩატარებას, სადაც წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ 1000 კაცზე მეტი არ გამოვა. ანადგურებენ საკუთარი ხელით საკუთარ აგენტურას. კარგია ასე პროცესების გაგრძელება, დანარჩენს დაველოდოთ“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.