"შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის" - ირაკლი კობახიძე

მინისტრების კანდიდატების წარდგენის მთავარი კრიტერიუმები იყო პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობას აქვს გამორჩეული შემადგენლობა და შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან წარმატებული ქვეყნისთვის. 

„რაც შეეხება ძველ, სტაჟიან და ახალ მინისტრებს, მათი წარდგენის მთავარი კრიტერიუმი იყო ორი, რაც არის კლასიკური, ტრადიციული კრიტერიუმები, ეს არის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება. ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნენ წარდგენილნი როგორც სტაჟიანი, ასევე ახალი კანდიდატურები მთავრობის შემადგენლობისთვის. 
ჩვენ გვაქვს, მართლაც, გამორჩეული შემადგენლობა საქართველოს მთავრობაში და ეს შემადგენლობა გამდიდრდა სამი ახალი მინისტრით, როგორც მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი იქნება იუსტიციის მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კი იქნება დავით სონღულაშვილი. სამივე, ისევე როგორც სხვა მინისტრები გამოირჩევიან კეთილსინდისიერებითა და პროფესიონალიზმით. 
დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რაც ასახული იყო ჩვენს საარჩევნო პროგრამაში და, რა თქმა უნდა, თითოეული მინისტრი, თავიდან ბოლომდე, დაკავებული იქნება ამ პროგრამის შესრულებით, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაგრძელდება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე ზრუნვა და ამისათვის კონკრეტული პროგრამაც არის წარდგენილი.

 

„ჩვენი პროგრამის მიხედვით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ განვითარების თვისებრივად სხვა დონეზე გადავალთ. არის ოპოზიციის სურვილები, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიქცეს, მაგრამ არის სავალუტო ფონდის პროგნოზები, რომლის მიხედვითაც ჩვენ მსოფლიოში მეორე ადგილს ვიკავებთ 5-წლიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. პირველ ადგილზე არის ქვეყანა, სადაც ნავთობი აღმოაჩინეს რამდენიმე წლის წინ, ჩვენ ვართ მეორე ადგილზე, წინა სამი წლისა და ამ მეოთხე წლის მონაცემები რომ ავიღოთ, აქ ფართო რეგიონში და ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. მანამდეც ამტკიცებდა ოპოზიცია, რომ ყველაფერი იქნებოდა ცუდად, ქვეყანა ჩამოიქცეოდა, ეკონომიკა ჩამოიქცეოდა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ პირველ ადგილზე გასვლა ევროპაში, ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის კუთხით წინა სამი წლის განმავლობაში და წლევანდელი ზრდა შარშანდელზე მაღალია, რაც არის ძალიან კარგი. ეს ტენდენცია თავისუფლად შეგვიძლია შევინარჩუნოთ, მით უმეტეს გვაქვს ძალიან კონკრეტული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, მათ შორის არის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტები, ესენი არის იგივე ავტობანის პროექტის დასრულება, ანაკლიის პროექტი,  შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, თბილისის და ქუთაისის აეროპორტების პროექტები და ა.შ. არის ძალიან ამბიციური პროგრამა, ამაზე ხვალ დეტალურად გვექნება საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მისივე თქმით, სწორედ ეს პროგრამა და პროექტები, რაც არის გათვალისწინებული სამთავრობო პროგრამით, არის იმის გარანტია, რომ არათუ ტენდენცია შენარჩუნდება, არამედ უფრო სწრაფი ტემპით წავა ეკონომიკური განვითარება. 

 

„ეკონომიკის განვითარება არის მთავარი პირობა იმისათვის, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციები გაძლიერდეს  და ა.შ. ყველა კუთხით ეკონომიკას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარება იქნება ჩვენი 4-წლიანი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი. გარდა სხვა საკითხებისა, როგორიც არის ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება, განათლების სისტემის გაუმჯობესება და ა.შ. ამ ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებ ხვალ პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.