"ჩვენ გვყავს ნამდვილი ტოპ ტვინები სამთავრობო გუნდში" - ირაკლი კობახიძე

მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს და ასევე ჩვენი გუნდის ლიდერს, პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანას აქვს მშვიდობა და იმის შესაძლებლობა, რომ იფიქროს განვითარებაზე. 

 

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს. სწორედ ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა ჩვენ მანდატი იმისა, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებაზე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ლიდერს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ დღეს ქვეყანას აქვს მშვიდობა და იმის შესაძლებლობა, რომ იფიქროს განვითარებაზე, წინსვლაზე. მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამ შესაძლებლობისთვის, რომელიც მან ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქვეყანას მიანიჭა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, წინა 4 წელი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, თუმცა მმართველმა გუნდმა ყველა გამოწვევა დაძლია, შეინარჩუნა მშვიდობა ქვეყანაში და ეკონომიკა 40 მლრდ ლარით გაიზარდა.

 

„წინა 4 წელი იყო სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე. ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის ორი მცდელობა, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მცდელობა, ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა, თუმცა ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ და ყველა გამოწვევა დავძლიეთ, შევინარჩუნეთ მშვიდობა და 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ამ 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იყო გუნდის ერთიანობის, გუნდის სიმყარის შედეგი და მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ ამ ერთიანობისთვის, ერთად ბრძოლისთვის, სწორედ, ამ ბრძოლის შედეგია ის მიღწევები, რაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული 4 წლის განმავლობაში. დღეს, საქართველო არის სუვერენული და ძლიერი როგორც არასდროს და ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა,“- განაცხადა ირაკლი კოაბხიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანაა ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში, ასეთი საოცარი თეზისი არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ ამ კანონს, ძაღლს საქართველოში ერქმევა „საბაკა“ და იგივე მიმართულებით, არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ გაიხსნება ევროკავშირთან მოლაპარაკებები, ხვალ გავიღვიძებთ არა თბილისში, საქართველოში, არამედ გავიღვიძებთ ბრიუსელში და ძაღლს ერქმევა „დოგ“, ან რაღაც ამდაგვარი. რაც არ უნდა მოხდეს, გარწმუნებთ, რომ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში, ვიზრუნებთ ამ ქვეყანაზე, ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი, ადამიანს ერქმევა ადამიანი, ამ ქვეყანას ერქმევა ქვეყანა და ამ სახელმწიფოს ერქმევა სახელმწიფო. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი საზრუნავია ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, საქართველო და დღევანდელ პროგრამას აქვს სწორედ ეს შინაარსი - ეს არის ზრუნვა ჩვენს სამშობლოზე, საქართველოზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით,  საზოგადოებამ მხარი დაუჭირა სწორედ ტრადიციულ ფასეულობებს.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც შედგა საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს. ეს იყო უკიდურესად პრინციპული არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა წინა არჩევნები იყო ერთმანეთზე მნიშვნელოვანი, ასეთი პრინციპული მნიშვნელობის მქონე არჩევნები ჩვენ მაინც არ გვქონია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისი მნიშვნელობით იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოლფასი არჩევნები და ჩვენ საზოგადოებას ნათლად დავანახეთ ის, თუ რას ეხებოდა ეს არჩევნები, ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის. საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და ჩვენმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა სწორედ ტრადიციულ ფასეულობებს. ეს იყო არჩევანი ბნელ წარსულში დაბრუნებასა და ქვეყნის ნათელ და  ევროპულ მომავალს შორის. საზოგადოებამ ამ შემთხვევაშიც მხარი დაუჭირა ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს. 
თქვენ იცით, სად უნდოდათ ჩვენი ქვეყნის დაბრუნება, რას განასახიერებენ ის ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას. მათი ხელწერა 9 წლის განმავლობაში, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, იყო ადამიანების წამება, მკვლელობა, ბიზნესის სისტემური რეკეტი, მედიის მიტაცება, ომი, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა და ა.შ. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ ჩადენილი. რა თქმა უნდა, თეორიულად, მათი ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავდა იმ ყველაფრის დაბრუნებას, რაზეც ახლა გვქონდა საუბარი და ეს ქართულმა საზოგადოებამ, ბუნებრივია, არ დაუშვა. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ჯერ კიდევ ჰქვიათ ოპოზიცია. დღეს მათი სკამები არის ცარიელი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, დღეს რომ ისინი აქ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც არის დღეს“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ღირსება არის ეროვნული ინტერესების დაცვის უპირველესი და უმთავრესი გარანტი.

„ჩვენი მიზანია ღირსებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა და მათ შორის ღირსებით ევროკავშირში წევრობის მოპოვება და ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესება. ღირსება არის უპირველესი და მთავარი გარანტი იმისა, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ამოცანაა, როგორც ეს იკითხება ჩვენი სლოგანიდან და სამთავრობო პროგრამიდან, სვლა ევროკავშირისკენ. ეს იქნება რთული გზა. ჩვენ წინ გვაქვს დაახლოებით 6 წელიწადი, ჩვენი მიზანია, როგორც უკვე ითქვა 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირს აქვს თავისი პირობები და ეს ჩვენ თავიდან ბოლომდე უნდა გავითვალისწინოთ. ბუნებრივია, მზად ვართ, გავითვალისწინოთ ყველა ის პირობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და აქ გადის ზღვარი, რაც ღირსებას უკავშირდება ისევ და ისევ და ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი, რომ ისინი პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას. როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობით ევროპისკენ სვლაზე, ევროკავშირმა უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მისთვისაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, მშვიდობით ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ. როდესაც საუბარია ღირსებით ევროკავშირისკენ სვლაზე, რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ტრადიციული ფასეულობები. როდესაც საუბარია კეთილდღეობით ევროკავშირისკენ სვლაზე, კონკრეტული ადამიანები არასწორი მიმართულებით ცდილობდნენ საზოგადოების აზრის წარმართვას და წარმოაჩენდნენ, თითქოს ჯერ უნდა გახდე ევროკავშირის წევრი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიიღო კეთილდღეობა. სინამდვილეში ყველაფერი არის პირიქით. ჯერ უნდა მიაღწიო კეთილდღეობის გარკვეულ დონეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებენ ევროკავშირში. აქაც უნდა გვიჩვენოს ევროკავშირმა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება მისთვის ღირებული და პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოება ენდო მმართველ გუნდს, არის ის დიდი გუნდი, რომელსაც განასახიერებს „ქართული ოცნება“.

„ეს შედგება, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო გუნდისგან და მთელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ბუნებრივია, სამთავრობო გუნდის როგორც ინტელექტუალური შესაძლებლობები, ასევე მათი გამოცდილება და განათლება არის იმის გარანტი, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.