"საქართველოში მშვიდობას და სტაბილურობას ვერავინ შეარყევს" - ირაკლი კობახიძე

საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, რომელიც თანმიმდევრულად მიუყვება ევროინტეგრაციის გზას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა უცხოელ სუბიექტებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და უსაფუძვლო პროტესტის წახალისება, რაც ქართულ საზოგადოებაში ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს.

„შემაშფოთებელია, რომ დღემდე არ მოგვისმენია არცერთი უცხოელი სუბიექტის მოწოდება პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვასთან დაკავშირებით. მეტიც, ზოგიერთი უცხოელი სუბიექტი ძალადობრივ მიტინგს მშვიდობიან აქციადაც კი მოიხსენიებს. ამით, ისინი არათუ არ გმობენ და ემიჯნებიან ძალადობას, არამედ, პირიქით, აქეზებენ მას. მეტიც, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, არ უპასუხონ ძალადობას, რითაც მათი განზრახვა, ხელი შეუწყონ „ნაცმაიდანს“ და საქართველოს უკრაინიზაციას, სრულიად ცხადი ხდება. მოვუწოდებთ უცხოელ სუბიექტებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და უსაფუძვლო პროტესტის წახალისება, რაც ქართულ საზოგადოებაში ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს.

 

დასასრულს, ყველას კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, რომელიც თანმიმდევრულად მიუყვება ევროინტეგრაციის გზას. მიუხედავად საქართველოს ომში ჩათრევის გამუდმებული მცდელობისა, ჩვენ ჩვენს ქვეყანას თავიდან ავარიდეთ უკრაინიზაცია და შევუნარჩუნეთ მშვიდობა. მიუხედავად გარედან დაფინანსებული რევოლუციის ორი მცდელობისა, ჩვენ ჩვენს ქვეყანას შევუნარჩუნეთ სტაბილურობა. მიუხედავად ხელოვნური დაბრკოლებებისა, ჩვენ, წელიწადნახევრიანი უკომპრომისო ბრძოლის ხარჯზე, მივიღეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

 

კიდევ ერთხელ ვაძლევთ პირობას ქართულ საზოგადოებას, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მყარი ნდობა გამოგვიცხადა, რომ საქართველოში მშვიდობას და სტაბილურობას ვერავინ შეარყევს და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველო ჯიუტად განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას, რომელიც 4 პოლიტიკური პარტიის სახით არის წარმოდგენილი.

„უკვე მესამე წელია, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, რომლებმაც საქართველოს უკრაინიზაციას ვერაფრით მიაღწიეს, გამუდმებით ცდილობენ კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ქვეყნის დასასუსტებლად, საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის გასაღვივებლად და საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად გამოიყენონ. შეგახსენებთ, რომ ამ 3 წლის განმავლობაში, ჯერ კანდიდატის სტატუსი და შემდეგ, მოლაპარაკებების გახსნის თემა გამოიყენებოდა მთავარ ინსტრუმენტად ქვეყნის იმიჯის შესალახად და საზოგადოების გასახლეჩად.  გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზეც უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას, რომელიც 4 პოლიტიკური პარტიის სახით არის წარმოდგენილი. გუშინ ისიც ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. უბრალოდ, რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები ყოველ ჯერზე ცდილობენ, გამოიგონონ საბაბი ქვეყნის არევის მცდელობისა და საქართველოს უკრაინიზაციისთვის. მათ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რომ 2013 წლის უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით და რაც მთავარია, გამოცდილი და ბრძენი ხალხით, რომლის სიმტკიცესაც ვერავინ შეარყევს. საქართველოში „მაიდნის“ სცენარი ვერ განხორციელდება. საქართველო არის სახელმწიფო და ამას ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს არათუ არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ქვეყანა განაგრძობს ყველა ვალდებულების შესრულებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული

 

„ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ ევროკავშირის მიერვე ჩატარებული კვლევის - „ევრობარომეტრის“ თანახმად, ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ ნდობა ბოლო 6 თვის განმავლობაში 6%-ით, რეკორდულ ნიშნულამდე - 58%-მდე შემცირდა. თუმცა, იმ ადამიანებს, რომელთა დავალებითაც კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები მოქმედებენ, არც საქართველოს ეროვნული ინტერესები აინტერესებთ და არც ევროკავშირის იმიჯი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ხაზგასმით ვთქვით გუშინწინაც და გუშინაც. საქართველოს არათუ არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს ყველა ვალდებულების შესრულებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. ეს არის ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რომელთა 90 პროცენტზე მეტი უკვე 2028 წელს გვექნება შესრულებული.

თუმცა, ამასთან ერთად, არავის მივცემთ საშუალებას, ისეთი ფორმალობა, როგორიც მოლაპარაკებების გახსნის საკითხია, საზოგადოების გახლეჩის, ქვეყნის არევისა და საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობისთვის გამოიყენოს. საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ წაიყვანს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.