"დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს" - ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს

მინდა შევახსენო ევროკავშირს ელჩს - დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.

“სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. პირველივე განცხადებაში და მთელი ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ არათუ ევროინტეგრაციის პროცესს არ ვაჩერებთ, არამედ კიდევ უფრო ვააქტიურებთ ჩვენს ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. ამ ფონზე, სამარცხვინო და შემაშფოთებელია, რომ რადიკალური ოპოზიციისა და მისი კუთვნილი ენჯეოების თუ მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში ევროკავშირის ელჩიც ჩაერთო. ბუნებრივია, ამგვარი მოვლენებიც სერიოზულად არყევს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული ბიუროკრატიისადმი. მინდა შევახსენო ევროკავშირს ელჩს - დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს. საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხისადმი და ასეთივე ღირსეულ დამოკიდებულებას ველით ევროპული სტრუქტურებიდანაც, რაც ქართული საზოგადოების დაკვეთაა

შეგახსენებთ, რომ ამგვარი ფაქტები მძიმედ აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული ინსტიტუტებისადმი. 1949 წლიდან 2008 წლამდე ევროკავშირი სამართლიანობის ერთგვარი სიმბოლო იყო. დღეს კი, ცხადად ჩანს, რომ სიცრუე და უსამართლობა ევროპულ სტრუქტურებში ძალზე ღრმად არის გამჯდარი, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.

სიცრუე და უსამართლობა გამოიხატება იმაშიც, რომ ეუთო/ოდირის დადებითი დასკვნის მიუხედავად, ევროპულ სტრუქტურებს ოფიციალურად კვლავაც არ უღიარებიათ არჩევნების შედეგები. მეტიც, ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი ზუსტად ისეთივე შემართებით ესხმის თავს ეუთო/ოდირს, როგორც ამას რადიკალური ოპოზიცია აკეთებს. როდესაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ მათთვის მხოლოდ ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნების პირობებში აქვს საქართველოს ფასი, ეს ქართული საზოგადოებისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. მოძალადეებთან, მკვლელებთან, მწამებლებთან, ბიზნესის რეკეტიორებთან, ტელევიზიების მიმტაცებლებთან და ომის ინიციატორებთან ყოველგვარი ასოცირება ძირს უთხრის ქართველი საზოგადოების  ნდობას ევროპული ბიუროკრატიისადმი, რაც ჩვენ უკიდურესად გვაშფოთებს“, - განაცხადა პრემიერმა.