მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს. მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რომელიც წინა დღეებში დაფიქსირდა.
„მინდა, გამოვეხმაურო გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს. მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა და წარმატებით დაიცვა სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მორიგი მცდელობისაგან. გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რომელიც წინა დღეებში დაფიქსირდა, რისთვისაც შინაგან საქმეთა მინისტრს და თითოეულ პოლიციელს კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის
მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისა და კანონის დაცვისკენ. ყველას შევახსენებ, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი. პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ვერც ის პოლიტიკოსები, რომლებიც თვითონ ოფისებში იმალებიან და მათი ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებს მძიმე სასჯელისთვის წირავენ.
აქვე, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის და პირადად, ჩემთვის, ძვირფასია საქართველოს თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით ის მოქალაქეები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი და გულწრფელად აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ მომხდარა. კიდევ ერთხელ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა. ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვთქვით უარი, არის სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, რომელიც სწორედ რომ პრინციპულ დაბრკოლებას უქმნიდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას,“- განაცხადა პრემიერმა.