"უბრალოდ იცის, რომ 72 წლის ქალბატონის დაჭერა შეიძლება არავის მოუნდეს" - პრემიერი სალომე ზურაბიშვილზე

როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით,  ესეც ისტერიკის გაგრძელებაა 

„ამ ქალბატონს აქვს მძიმე ემოციური ფონი და შესაბამისად უკვე წითელ ხაზებს ვეღარ ინარჩუნებს, ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის  საქართველოს კონსტიტუციის და კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა. სისხლის სამართლის დანაშაულიც კი არის მოსამართლეზე ზეწოლა, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად. მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციაც კი არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია, უბრალოდ ამ ადამიანმა იცის, რომ 72 წლის ქალბატონის დაჭერა შეიძლება არავის მოუნდეს, ამიტომ ყველა წითელ ზღვარს გადადის, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი.

 

„ესენი არიან ამორალური ადამიანები. როცა ბავშვს რთავ პოლიტიკაში, როცა ბავშვი მიგყავს ძალადობრივ მიტინგზე, წინასწარ ხომ იციან, რომ მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც სკოლის ბავშვები გინდა, რომ მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ არის ამორალური, თუმცა ამ ქალბატონს, როგორც გაირკვა, არასდროს, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი, არავითარი თვალსაზრისით და დღესაც ავლენს საკუთარ ამორალურობას. მადლობა ღმერთს, რომ პრეზიდენტის პოსტზე, ფორმალურად, მაგრამ როგორც არის, მას აქვს დარჩენილი ზუსტად ოთხი პარასკევი“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, არის კონკრეტული ადამიანების მხრიდან ინტერესი საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით და ამ ფორმატისთვის მზაობა არსებობს. 

 

„არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენ გვახსოვს თავსმოხვეული მოლაპარაკებები 2021 წლიდან, შემდეგ გვაიძულეს, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა. რა თქმა უნდა, დღეს ამის არანაირი რესურსი ოპოზიციას აღარ აქვს. საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ღიაა ჩვენი შეთავაზება. როგორც დავინახეთ, არის კონკრეტული ადამიანების მხრიდან ინტერესი და ამ დღეებში მზად ვართ, რომ საჯარო დისკუსიის ფორმატში დავსხდეთ მათთან ერთად, მაგრამ არავითარი მოლაპარაკებებისთვის რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან ანალოგიური შეთავაზება იყო რამდენიმე თვის წინაც, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, თუმცა მაშინ მთელი ძალით ჩაერთო ლიბერალური ფაშიზმი და ადამიანებს არ მისცეს დისკუსიაში ჩართვის საშუალება.

 

„ჩვენ შევთავაზეთ ყველას, რომ ჩაერთონ საჯარო დისკუსიაში ჩვენთან ერთად. საჯაროში, არასაჯაროში, ნებისმიერი ფორმატისთვის მზად ვართ. იმდენად მყარია ჩვენი პოზიციები, მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით, მზად ვართ, ღია ვართ ნებისმიერი საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსიისთვის.

ჩვენ ანალოგიური შეთავაზება გვქონდა რამდენიმე თვის წინაც, როცა საქმე ეხებოდა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, მაშინ ჩაერთო მთელი ლიბერალური ფაშიზმი და არც ერთ ახალგაზრდას, არც ერთ ადამიანს არ მისცეს დისკუსიაში ჩართვის საშუალება. ვნახოთ ახლა როგორ იქნება. კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ყველას, რომ დაძლიონ ლიბერალურ-ფაშისტური ზეწოლა და ჩაერთონ საჯარო, ან არასაჯარო დისკუსიაში. ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა, სრული მზაობა. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ რაიმე არასწორად გადავწყვიტეთ, აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ მეორე მხრიდანაც ველით იმის მზაობას, რომ თუ დავუმტკიცებთ ჩვენს სიმართლეს, კეთილი ინებონ და ეს სიმართლეც აღიარონ, ეს არის ჩვენი აბსოლუტურად გულწრფელი დამოკიდებულება,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია დადგა ერთად.

„რეალურად, ძალადობრივი ქმედებები კოორდინირებულია სწორედ ოთხმაგი პარტიული ხაზით. გახარიამ მაგალითად წამოცდენის ფორმით თავად აღიარა, თქვა, რომ 100 კაციდან რამდენიმე ათეული მისი მხარდამჭერი იყო დაკავებული. მან პირდაპირ აღიარა მისი აქტივისტების სისტემური ჩართულობა ძალადობრივ ქმედებებში. ასეთი პირდაპირი აღიარება არ ყოფილა სხვა პარტიების მხრიდან, მაგრამ ყველამ ვიცით, რომელი პარტიების კუთვნილება არიან ის ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებდნენ ამ დღეების განმავლობაში. ეს არის ფაქტების ერთობლიობა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. მათ შორის, ოფისებში შემალული პოლიტიკოსებიც ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას. არის ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელსაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება წაყენებული ბრალის მიხედვით. აქ არის პირველ რიგში პოლიტიკანების პასუხისმგებლობა. საუბარი მაქვს ამ ოთხი პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე. პირველ რიგში ამ პოლიტიკანების პასუხისმგებლობაა ის, რომ ასეთი ადამიანები, ახალგაზრდები ჩართეს კრიმინალურ მოქმედებებში და დღეს ეს ახალგაზრდა კაცი რომ არის 7-წლიანი თავისუფლების აღკვეთის რისკის ქვეშ, ეს არის ამ პოლიტიკანების პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.