დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბატონმა პასკალ ალიზარდმა მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს შემდეგი შინაარსის წერილით - საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ მოგმართავთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ამ არჩევნების სათანადოდ შეფასება და აღიარება.
„ეუთო/ოდირი არის ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი. ეს თავდასხმა დაიწყო ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე და გრძელდება არჩევნების ჩატარების შემდეგ. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეუთო/ოდირმა, რომელიც არის მთავარი სადამკვირვებლო მისია, რომელიც აკვირდებოდა ჩვენს საპარლამენტო არჩევნებს, ეს არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული. ამ თავდასხმების ფონზე განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბატონმა პასკალ ალიზარდმა მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს შემდეგი შინაარსის წერილით - საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ მოგმართავთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ამ არჩევნების სათანადოდ შეფასება და აღიარება. რაც შეეხება არჩევნების შეფასებას, ამაზეც არის საუბარი, კიდევ ერთხელ, ამ წერილში საუბარია იმაზე, რომ არჩევნებმა მოქალაქეებს ფართო არჩევანი შესთავაზა, არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება. კიდევ ერთხელ არის ხაზგასმა იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ პირობებში.
ასევე აქ საუბარია გარკვეულ კრიტიკულ შენიშვნებზე. ასეთი ტერმინია გამოყენებული, გარკვეული კრიტიკული შენიშვნები და ჩამონათვალია ასეთი, ამომრჩეველზე ზეწოლასა და ფინანსურ უთანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები, ქალთა არასათანადო წარმომადგენლობა პარტიულ სიებში და სხვა. თემა რაც ჰქონდათ მთავარი ოპოზიციის წარმომადგენლებს იყო ე.წ. გაჟონვის თემა. ეს საკითხი საერთოდ არ არის ნახსენები ამ წერილში გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად, ეს საკითხი საერთოდ არ იყო აქტუალური. ეს წერილი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არჩევნები არის აღიარებული, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და ყველა სპეკულაცია არის საფუძველს მოკლებული. მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად ეუთო/ოდირს, ეუთოს სადამკვირვებლო მისია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მისიას, არჩევნებზე დაკვირვებისთვის და მათი ობიექტური შეფასებისთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ათჯერ მეტი პარტიული რესურსი ოთხ პარტიასთან შედარებით, მაგრამ არ მოხდება ასეთ ფაქტებზე თუნდაც პროპორციულ რეაგირება.
„ყურადღება მინდა გავამახვილო პროვოკაციებზე, რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტიულ ოფისებზე. ეს მოხდა როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში. გუშინ სცადეს ქუთაისში ჩვენი ოფისისთვის ცეცხლის წაკიდება, შემთხვევით ცეცხლი გააჩინეს სხვა სართულზე, მაგრამ ეს იყო ცეცხლის წაკიდების მცდელობა. დღეს ქვები დაუშინეს ზესტაფონში ჩვენს პარტიულ ოფისს და თავი გაუტეხეს ერთ-ერთ ქალბატონს, ოფისის თანამშრომელს და არის ასეთი მრავალი ფაქტი. ჩვენ გვაქვს ათჯერ მეტი პარტიული რესურსი ამ ოთხ პარტიასთან შედარებით, მაგრამ არ ვაპირებთ ასეთ ფაქტებზე თუნდაც პროპორციულ რეაგირებას. მათი მიზანია პროვოკაციები, მათი მიზანია, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა, მოთმინებით ვუპასუხებთ და არ გვექნება თუნდაც პროპორციული რეაგირება ამ ყველაფერზე. “, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი.
„ხედავთ, რომ არის ე.წ. ბულინგის მცდელობა საჯარო მოსამსახურეებზე, პედაგოგებზე და მოსწავლეებზეც კი, სკოლის მოსწავლეებზეც. წარმოუდგენელია, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. და არის ე.წ. ბულინგი მედიის წარმომადგენლებზე, გუშინდელი ფაქტიც ვიხილეთ, რაც ხდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. კეზერაშვილის ტელევიზიის წარმომადგენლები ცდილობენ შეიჭრან საზოგადოებრივ მაუწყებელში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საზრდოობენ კრიმინალური ფულით, ეს არის თავის დროზე ქართული ჯარიდან მოპარული ფულით, ეს არის ბიზნესის რეკეტითა და ევროპელი პენსიონერების ძარცვით ნაშოვნი ფულით. ეს ადამიანები ამ შავ ფულს იღებენ ხელფასად და ახლა ცდილობენ, შეიჭრან საზოგადოებრივ მაუწყებელში, არამარტო ხელფასად იღებენ, მე რა ინფორმაციაც მომაწოდეს, ერთ-ერთი ე.წ. ჟურნალისტი, რომელიც ცდილობდა შეჭრას, გუშინწინ, თუ არ ვცდები, შეიძლება გუშინაც იყო, თავად არის „ქოლცენტრის“ მფლობელის მეუღლე. ამ კაცს აქვს „ქოლცენტრი“ ეთ-ერთ კანდიდატ ქვეყანაში, არ დავაკონკრეტებ, ასეთი ადამიანებისგან, რა თქმა უნდა, ყველაფერია მოსალოდნელი. ჩვენ დავიცავთ ყველას ლიბერალური ფაშიზმისგან, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. იქნება ეს საჯარო მოხელე, სკოლის პედაგოგი, უნივერსიტეტის ლექტორი, მოსწავლე, სტუდენტი, თუ ჟურნალისტი, ყველას დავიცავთ ამგვარი ე.წ. ბულინგისგან, ლიბერალური ფაშიზმისგან, ამას გავაკეთებთ მთელი პასუხისმგებლობით,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ.
„მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი, მშვიდობიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს დღეს პროტესტის განცდა. მნიშვნელობა არ აქვს, ეს პროტესტი არის თუ არა საფუძვლიანი, თითოეული მოქალაქე არის ჩვენთვის ძვირფასი. ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ. აქედან გამომდინარე, თითოეულ მათგანს რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად იკვეთებოდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობა, საიდანაც პირდაპირ ჩანს, რომ ეს იყო კოორდინირებული.
„რეალურად იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩართული. მე არ მინდა, ყველა ქვეყანა დავაკონკრეტო, თუმცა რეალურად იკვეთებოდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობა, საიდანაც პირდაპირ ჩანს, რომ ეს იყო კოორდინირებული, ანუ საერთაშორისო მასშტაბის კოორდინაცია ჰქონდა ამ პროცესებს. გარდა იმისა, რომ უცხოური დაფინანსება იყო ჩართული „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობაში, ეს ჩართულობაც იყო აბსოლუტურად კოორდინირებული. სხვანაირად გამორიცხულია, რომ სამი და მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ჩართული ძალადობრივ ქმედებებში. აქ იყო სერიოზული კოორდინაცია. დღეს ბრიტანეთის ელჩმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა, ამ დღეებში ალბათ მოვახერხებ მასთან შეხვედრას, როგორც ჩანს ამ თემასთან დაკავშირებით სურს საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ზოგადად, ყველაფერი არის კოორდინირებული და ტრენინგები უტარდებოდათ ამ ადამიანებს.
„საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ, მაგალითად ე.წ. ხელოვანები. ჩვენ ვსაუბრობდით საზოგადოების წინაშე „კანვასის“ ტრენინგებთან დაკავშირებით და „კანვასის“ ტრენინგებს გადიოდნენ სწორედ ეს, დავარქვათ ხელოვანები. არ მაქვს უფლება, ვიღაცას ე.წ. ხელოვანი ვუწოდო და ნამდვილი ხელოვანი, ეს უნდა შეაფასოს შესაბამისმა აუდიტორიამ, მაგრამ არიან ხელოვანები, შესაბამისი სტატუსის მქონე ხალხი, რომლებიც კეზერაშვილის ჟურნალისტებთან ერთად იჭრებოდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში, შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს. ეს ყველაფერი არის კოორდინირებული. თავის დროზე, ჩვენ როცა ვამბობდით იმას, რომ ხელოვანებს უტარდებოდათ ტრენინგები რევოლუციაში, ვიღაცები ირონიულად გვპასუხობდნენ ამაზე, მაგრამ ფაქტია. არის წარუმატებელი, მაგრამ რევოლუციური პროცესები და ამაში პირდაპირ მონაწილეობენ ეს ადამიანები ხელოვანის სტატუსით. ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებულია. რაც შეეხება მედიაში შეჭრის მცდელობას, ეს არის, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ ხელწერა. ყველას გვახსოვს 2007 წლის 7 ნოემბერი და სხვათა შორის, ერთი-ორი „გულწრფელი“ ახალგაზრდა პირდაპირ ჰპირდებოდა „იმედის“ წარმომადგენლებს 7 ნოემბრის გამეორებას და თან ეს არაერთხელ მოხდა, მრავალჯერადად გაიმეორეს ეს გზავნილი. მართლა გაუგონარი რამეა ეს ყველაფერი, თუმცა, როდესაც ხარ, მაგალითად კუდ-ის მაღალჩინოსნის შვილი და როცა ბავშვობიდან გინერგავენ ამას, რომ 7 ნოემბერი იყო საოცარი, დადებითი მოვლენა, რა თქმა უნდა, ასეთი მორალით იზრდები, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ასეთ ახალგაზრდებსაც უნდა გავუფრთხილდეთ. რაც შეეხება ტელევიზიაში შეჭრას, ყველას გვახსენებს ეს მოვლენა 7 ნოემბერსაც, „იბერიაში“ შეჭრას, რუსთავი 2-ის მიტაცებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცებას თავის დროზე. ეს ყველაფერი ხომ გამოვიარეთ 2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით. სულ რამდენიმე წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ დაემყარებინათ სრული სატელევიზიო მონოპოლია ჩვენს ქვეყანაში. ახლაც არ იცვლება არც ხელწერა, არც მიდგომები, რატომ, ერთი საინტერესო დეტალია, მაშინაც ისინი ამას აკეთებდნენ პატრონის დავალებით და ახლაც იგივეს აკეთებენ პატრონის დავალებით. ხელწერა არ იცვლება. გახარიამ აღიარა, რომ მის მიერაც არის დაორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები. ერთ-ერთ დღეს 100-მდე მოძალადე დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მან განაცხადა, რომ ათეულობით მისი აქტივისტი იყო დაკავებული. მან პირდაპირ აღიარა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების დიდი ნაწილი არის მის მიერ პარტიული ხაზით დაორგანიზებული. რა თქმა უნდა, აქაც საქმეში ერთვება პატრონის ფული, პატრონის მითითებები, მაგრამ პარტიული ხაზი იყო მისი. ეს ადამიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ თვალებს თხრიდა მომიტინგეებს, პატრონის დავალებით, იგივე პატრონის დავალებით ესვრის ახლა პიროტექნიკას პოლიციელებს. ხელწერა არ იცვლება, ზუსტად იგივეა მედიის შემთხვევაშიც. პატრონი ავალებდა თავის დროზე ტელევიზიაში შეჭრას ამ ადამიანებს, „ნაცებს“ და დღესაც ავალებს ტელევიზიებში შეჭრას. ეს არის ზუსტად იგივე ხელწერა. თქვენ უბრალოდ წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებს რომ მოეგოთ 26 ოქტომბრის არჩევნები, რას დაატრიალებდნენ ამ ქვეყანაში - ტელევიზიებში შეჭრა, ადამიანების მკვლელობა, წამება და ა.შ. ბიზნესის რეკეტი. ეს იქნებოდა ორმაგი და ათმაგი მასშტაბით გამეორებული ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მადლობა ღმერთს, გამოვიდა 1 120 000 ადამიანი ამ ქვეყანაში და მხარი დაუჭირა ამ ყველაფრის არდაბრუნებას და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების გაგრძელებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.