ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ შემდეგ გარკვეული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები გადასული არიან იმაზე, რომ მცირედით მაინც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები.
„ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ შემდეგ ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები გადასული არიან იმაზე, რომ მცირედით მაინც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის გარკვეული ზიანი მიაყენონ ბიზნეს საქმიანობას და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მცდელობებიც არის განწირული წარუმატებლობისთვის. ეს არის ბოლო დავალება, რომელსაც ეს ადამიანები ასრულებენ. ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ქმედება კიდევ ერთხელ აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის სახეს.
„სკოლების პოლიტიზება არის კიდევ ერთი თემა, რასაც კიდევ ერთხელ მინდა შევეხო. ეს არის ყოვლად ამორალური ქმედება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის სახეს ზოგადად და ლიბერალური ფაშიზმის სახეს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, არდაგმობა კონკრეტული ადამიანების მხრიდან განიხილება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე.
„მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უხეში, სისტემური ძალადობა რასაც ჩვენ ვხედავთ თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგმიათ შესაბამის სუბიექტებს, ვგულისხმობ პირველ რიგში, საერთაშორისო სუბიექტებს. არავითარი დაგმობა ძალადობის. ეს რა თქმა უნდა, არ შეშვენის არც ევროკავშირის წარმომადგენელ კონკრეტულ დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს და არც აშშ-ის წარმომადგენელ შესაბამის დიპლომატებს, პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს. იმედი გვაქვს, რომ ასეთ დაგმობას მომავალში მაინც ვიხილავთ. რა თქმა უნდა, არდაგმობა კონკრეტული ადამიანების მხრიდან განიხილება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე, რაც არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯერ ეუთო/ოდირმა აღიარა ეს არჩევნები, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია.
„ეს მოხდა შვიდი მოსამართლის ხმით. გახსოვთ, სამ მოსამართლეს მანამდე აცხადებდნენ გმირებად, სიმართლის დამცველებად, ამ შემთხვევაში ამ სამიდან ერთ-ერთმა მოსამართლემაც მხარი დაუჭირა არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ დასკვნას და ეს გახდა ლიბერალური ფაშიზმის ე.წ. ბულინგის მორიგი მსხვერპლი. არის ეუთო/ოდირის დასკვნა. შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირი არის მთავარი ინსტიტუცია, რომელიც აფასებს არჩევნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი ოფიციალური დასკვნა არის არჩევნებთან დაკავშირებით და არის ნული მტკიცებულება არჩევნების არალეგიტიმურობის თაობაზე. ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ შესაბამისი საერთაშორისო სუბიექტების პასიურობას და ამ ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის სისტემური ძალადობა, რომელიც ხდებოდა ამ ექვსი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, თბილისის ქუჩებში. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ეს ყველაფერი მძიმედ აისახება კონკრეტული ინსტიტუტების რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში, ვგულისხმობ ევროკავშირის კონკრეტულ პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს და სამწუხაროდ, მათ ჩართული ჰყავთ ევროპული ინსტიტუტები ამ ყველაფერში და ვგულისხმობ შესაბამის ინსტიტუტებს აშშ-ში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, პოლიციელების ძალადობას იწონებდნენ ადამიანები, რომლებიც მეორე მხარეს დაფიქსირებულ ინციდენტებზე მძიმე რეაქციას გამოხატავდნენ.
„გუშინ ვრცელდებოდა კონკრეტული ვიდეოკადრები, რომელიც ასახავდა ძალადობას ძალიან უხეშ ძალადობას პოლიციელებზე. ადამიანები, რომლებიც მანამდე, მეორე მხარეს დაფიქსირებულ ინციდენტებზე მძიმე რეაქციას გამოხატავდნენ, ამ შემთხვევაში, იწონებდნენ და ხშირად აჟიტირებული კომენტარებით გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ უმძიმესი აგრესიის მიმართ. ეს ყველაფერი აცვენებს იმას, რომ სინამდვილეში, ძალადობის მიუღებლობა მათთვის არის მხოლოდ ფარისევლობა და და ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი.
ოპოზიცია ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ისევე, როგორც მდიდარი ენჯეოების ლიდერები, იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მძიმე, უხეში ძალადობის გამო, რომელსაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აშშ-ში ყველა ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას და ღია მცდელობაა, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა საქართველოში.
„ხედავთ, რომ ყველა ელოდება პრეზიდენტის ინაუგურაციას აშშ-ში, მანამდე სამწუხაროდ, არის იმის ღია მცდელობა, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა ჩვენს ქვეყანაში. მოქმედი საელჩოც, მოქმედი ელჩიც არის ამ გავლენის ქვეშ. აქაც არაფერი პირადი არ გვაქვს ჩვენს მოქმედ ელჩთან. არის არაჩვეულებრივი ქალბატონი, მაგრამ სამწუხაროდ, მას არ შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს იმ გავლენას, რომელიც არის გამოხატული მოქმედი ადმინისტრაციიდან. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ 20 იანვრის შემდეგ ქალბატონი ელჩიც გათავისუფლდება ამ გავლენისგან. თქვენ ხედავთ, აბსოლუტურად კომიკური სახე მიიღო საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა, ისინი დებენ ე.წ. ქარდებს საელჩოს გვერდზე, ხუმრობით რობინ დანიგანს რობინ ქარდიგანი დაარქვეს ამის გამო, ეს მოფერებით, ხუმრობით, არის უწყინარი ხუმრობა გამომდინარე იქიდან, რომ სიტყვა ქარდიგანი ნიშნავს ჟაკეტს ქართულად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ვენის კონვენციის დარღვევაა.
„თავის დროზე ეს ქარდები იდებოდა არჩევნებში ჩასარევად, არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისთვის და ახლა უკვე ქარდები იდება იმისთვის, რომ სხვა პროცესებს შეეწყოს ხელი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ქარდები იდება მიმდინარე სისტემური უხეში ძალადობის ფონზე და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მხრიდან ეს ქარდებიც აღქმული იქნება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი ამ ქარდებში. იმედი მაქვს, 20 იანვრიდან ქალბატონი ელჩი და მთლიანად აშშ-ის საელჩო გათავისუფლდება იმ გავლენებისგან, რაც არასწორი მიმართულებით წარმართავს საელჩოს საქმიანობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.