არის პირდაპირი მხარდამჭერი განცხადებები იმ ძალადობის მიმართ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე. ყველას მინდა შევახსენო, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ, მათ შორის ვერც ოფისებში შემალული პოლიტიკოსები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ძალადობრივი პროცესები არის მთლიანად კოორდინირებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.
„ეს ყველაფერი აჩვენებს მთლიანად რადიკალური ოპოზიციის საერთო სულისკვეთებას. ასევე ასეთი ტიპის საუბრები აჩვენებს იმას, რომ სრული სასოწარკვეთა სუფევს დღეს ოპოზიციაში. ყველამ დაინახა, რომ ჩავარდა „ნაცმაიდანი“, მეოთხე მცდელობა ამ ოთხი წლის განმავლობაში და ისინი არიან გადასული ასეთ ოცნებებზე რადიკალურ სცენარებთან დაკავშირებით, თუმცა სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ასეთი გეგმები არ განხორციელდეს, ყველა ხედავს, რომ ასეთი ძალადობრივი პროცესები არის მთლიანად კოორდინირებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ყველა ხედავს, რომ არის პირდაპირი მხარდამჭერი განცხადებები იმ ძალადობის მიმართ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე. ყველას მინდა შევახსენო, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ, მათ შორის ვერც ოფისებში შემალული პოლიტიკოსები“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, გუშინ და გუშინწინ იყო შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი, მცირეწლოვანი ბავშვები, სკოლის მოსწავლეები ძალადობაში ჰყავდათ ჩართული.
„ხედავდით, რომ იყო შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი, მცირეწლოვანი ბავშვები, სკოლის მოსწავლეები ძალადობაში ჰყავდათ ჩართული გუშინ და გუშინწინ. ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას, ამას არ სჭირდება შეფასება, არ სჭირდება გამოხმაურება? პირიქით, ერთადერთი, რაც ჩვენ მეორე მხრიდან ვიხილეთ ეს იყო წამახალისებელი განცხადებები, რაც არის ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება. ამაში ჩაერთო მთელი რადიკალური ოპოზიცია, მთელი მათი მედიასაშუალებები, ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი, ეს რა თქმა უნდა, აჩვენებს მათ სახეს, ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმი. როცა ბავშვებს რთავ არამარტო პოლიტიკაში, არამედ პირდაპირ რთავ ძალადობაში, ეს არის ფაშიზმი და მეტი არაფერი, ყოვლად ამორალური საქციელი,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ერთ-ერთი მთავარი, რასაც ხმარდებოდა უცხოური დაფინანსება მთელი ამ წლების განმავლობაში, იყო სწორედ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება.
“ქვეყანას ჰყავს მტრები, პირველი ეს უნდა ითქვას და ამ წლების განმავლობაში არის პირდაპირი, კოორდინირებული მცდელობა, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქვეყანა არიონ, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, ომი და რა თქმა უნდა, ამ პროცესების გაგრძელებაა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს თბილისის ქუჩებში, რუსთაველის გამზირზე. თუმცა, „ნაცმაიდნის“ მოწყობის ოთხივე მცდელობა ჩავარდა და რა თქმა უნდა ნებისმიერი ასეთი მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ამ ყველაფერში არის ის, რომ არის მასშტაბური კოორდინაცია ამ ყველაფრის უკან. ეს ლიბერალური ფაშიზმი, რასაც ვხედავთ ჩვენ საზოგადოების მცირე, მაგრამ აგრესიულ ნაწილში, არის წლიდან წლამდე გენერირებული უცხოური დაფინანსების საფუძველზე. სწორედ ამიტომ მივიღეთ თავის დროზე კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ხმარდებოდა უცხოური დაფინანსება მთელი ამ წლების განმავლობაში, იყო სწორედ ამ იდეოლოგიის, ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება. როცა გავიხსენე ფაქტი, თუ როგორი აჟიოტაჟით გამოეხმაურა კონკრეტული ლიბერალი ფაშისტი პოლიციელისთვის მძიმე ზიანის მიყენებას, ეს სწორედ ლიბერალური ფაშიზმის გამოხატულებაა. ზუსტად ასეთ ადამიანებს არეკრუტებდნენ ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს ხდებოდა უცხოური დაფინანსებით. ამ დაფინანსების გამჭვირვალობის წინააღმდეგ როგორ იბრძოდნენ, ესეც გახსოვთ. შარშან „ნაცმაიდნის“ მეორე მცდელობა დაუკავშირეს სწორედ გამჭვირვალობის კანონს, და წელსაც, „ნაცმაიდნის“ მესამე მცდელობა დაუკავშირეს ასევე გამჭვირვალობის კანონს. იმიტომ, რომ მათ არ უნდათ, ღიად გაიშიფროს ის მცდელობები, რაც დაკავშირებულია საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელებასთან. ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა, ამიტომ, ჩვენს ქვეყანას სჭირდება გამჭვირვალობა, სიმშვიდე და სტაბილური განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.