"სალომე ზურაბიშვილი სკამს ვერ ელევა, ეს არის მთავარი მიზეზი მისი მძიმე ემოციური მდგომარეობისა" - პრემიერი

სალომე ზურაბიშვილი მართლა სკამს ვერ ელევა და ეს არის მთავარი მიზეზი მისი მძიმე ემოციური მდგომარეობისა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა მთავრობის მეთაური სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს ყველაფერი მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე მეტყველებს.

 

„თავისთავად, ამ სიტყვებს რომ იყენებს სალომე ზურაბიშვილი, ეს მეტყველებს მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე. მართლა სკამს ვერ ელევა, ეს არის მთავარი მიზეზი მისი მძიმე ემოციური მდგომარეობისა. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა უმარტივესი ჭეშმარიტება - რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც დევს ხელისგულზე. თვითონ ოპოზიციამ ვერაფერი წარმოადგინა და ბოლოს დარჩნენ იმ მესიჯზე, რასაც ჰქვია გაჟონვა ბიულეტენიდან, ამ დროს ეს გაჟონილი ბიულეტენიც კონვერტში იყო ჩადებული. სადაც ამომრჩეველი სწორად მონაწილეობდა პროცედურებში, არსად ხმის ფარულობა არ იყო დარღვეული. მთელმა ISFED-მა, რომელიც აკვირდებოდა 700 000 ამომრჩეველს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაადგინა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა. ეს ბოლო არგუმენტიც აქვთ ხელიდან გამოცლილი. შესაბამისად, არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ამ სარჩელს და საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება, რამაც გამოიწვია რადიკალური ოპოზიციის იმედგაცრუება,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აჩერებს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ ევროინტეგრაციას ხელოვნურად აჩერებენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები.


„რაც შეეხება ევროინტეგრაციას, დადონ დღესვე მოლაპარაკებები მაგიდაზე, აქვე ვაწერთ ხელს, მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლება აჩერებს რამეს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები აჩერებენ ხელოვნურად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ საქართველო არის ბევრად უფრო წინ, ვიდრე მოლდოვა, ვიდრე უკრაინა, ვიდრე ბოსნია, მაგრამ იქ არის ხელოვნურად ერთი ნაბიჯით წინ წასული თითოეული ქვეყანა და საქართველო არის ხელოვნურად უკან დაწეული. ეს არის უსამართლობა, ამაზე უნდა იმსჯელოს ქართულმა საზოგადოებამ. რა თქმა უნდა, უსიამოვნოა ის, რაც ხდებოდა 6 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე და არავისთვის არ არის სასიამოვნო ამ ყველაფრის გავლა, თუმცა ეს არის უკვე  მე-4 მცდელობა ჩვენს ქვეყანაში „ნაცმაიდნის“ მოწყობის. ეს მცდელობაც ჩავარდა და საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ბრძოლაშია წარმატების გასაღები. ჩვენ რომ ვიბრძოლეთ, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი თავის დროზე, აქაც, სწორედ იმიტომ, რომ ვიბრძოლებთ, იმიტომ, რომ ვაჩვენებთ ღირსებას, ბევრად უფრო ჩქარა ვივლით წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. როგორც კი მოდუნდები, მაშინვე ახალი ხელოვნური დაბრკოლებები გაჩნდება ევროინტეგრაციის გზაზე“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არავითარი საფუძველი სპეკულაციებისთვის არ არსებობს.

„რეალურად, არცერთი ობიექტური შემფასებლისთვის არავითარი კითხვები ამ არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს. არის ეუთო/ოდირის დასკვნა, ყველას შეუძლია განიხილოს ეუთო/ოდირთან ეს დასკვნა. შესაბამისად, არავითარი საფუძველი სპეკულაციებისთვის არ არსებობს, თუმცა გარკვეული ძალები მაინც ახერხებენ სპეკულირებას ამ თემით, რაც დიდხანს ვერ გაგრძელდება“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა 2022 წლიდან მოვლენების განვითარების ქრონოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლის ივნისში საქართველოს ევროკავშირის გადაწყვეტილებით უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. 
„ზუსტად იგივე ადამიანები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ ჩვენს განცხადებას, მაშინ გამოვიდნენ პროტესტით ჩვენს წინააღმდეგ, ანუ ევროკავშირის გადაწყვეტილება კი არ გააპროტესტეს, რომელსაც არავითარი ახსნა და დასაბუთება არ ჰქონდა, გააპროტესტეს რაღაც ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ადამიანებისთვის თვითმიზანია პროტესტის გამოხატვა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის რაიმე გადაწყვეტილების ინიციატორი. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა ხელი ჰკრა ქართველ ხალხს, ევროკავშირში ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე. 2022 წლის ივნისში ხელი ჰკრეს ქართველ ხალხს, როდესაც არ მიანიჭეს კანდიდატის  სტატუსი, თუმცა იგივე ადამიანებმა, რომლებიც დღეს აპროტესტებენ ჩვენს განცხადებას, მაშინ ეს ყველაფერი დააბრალეს ჩვენს ხელისუფლებას. ევროკავშირმა გვითხრა უარი კანდიდატის სტატუსზე და ისევ ჩვენ გამოგვაცხადეს არაპროევროპულად. ამ პოლიტიკოსებმა და ბიუროკრატებმა თვითონ გამოაცხადეს საკუთარი თავი პროქართულებად, როცა ქართველ ხალხს ხელი ჰკრეს და უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე და ამასობაში ჩვენ გამოგვაცხადეს არაპროევროპულ ძალად, როცა ჩვენ ვითხოვდით კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამის შემდეგ, წელიწად-ნახევარი პირდაპირი გაგებით ვეხვეწებოდით ამ ადამიანებს, რომ მოენიჭებინათ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი, არ მოგვანიჭეს, წელიწად-ნახევარი გვახვეწნინეს და არ გვანიჭებდნენ, არც დეკემბერში მოგვანიჭეს, მერე ჰქონდათ შანსი, გაზაფხულზე მოენიჭებინათ, წელიწად-ნახევარი ხელოვნურად აწვალეს ჩვენი ქვეყანა, ისევ ჩვენ ვიყავით არაპროევროპული და ისევ თვითონ იყვნენ პროქართულები. ასე მივედით დეკემბრამდე. დეკემბერში გაცვდა კანდიდატის სტატუსი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, მოგვენიჭა სტატუსი, მაგრამ უკვე 2024 წელს დაიწყო შანტაჟი მოლაპარაკების გახსნით და ისევ ჩვენ ვართ არაპროევროპული. ჩვენ ვიხვეწებოდით 1 წელი, გაეხსნათ მოლაპარაკებები, არ გვიხსნიდნენ და ისინი იყვნენ პროქართულები, ჩვენ ვიყავით არაპროევროპულები. ეს არის პარადოქსი, ნონსენსი, რასაც თავისი ახსნა აქვს, ვიღაცას უნდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, მათ შორის ჩვენი ხელისუფლების დაშანტაჟება. ეს არ არის სამართლიანი მიდგომა. ვინ იქნება ამა თუ იმ  გადაწყვეტილების ინიციატორი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამ ადამიანებს უნდათ რაღაცის გაპროტესტება და ყოველ ჯერზე აპროტესტებენ ხოლმე. ეს ადამიანები რესურსს აგროვებდნენ, წინასწარ გვემუქრებოდნენ, თან იგივე ევროპელი პოლიტიკოსები  და ბიუროკრატები. მაიდანს ახსენებდნენ და თან გვემუქრებოდნენ. ყველაფერი მზადდებოდა, რაც მზადდებოდა 20 დღით გვიან, ის, რეალურად, გაშიფრეს 20 დღით ადრე. საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი   კარგად იქნება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება.

 

„დებატების მიზანია, რომ სიმართლე გავაგებინოთ საზოგადოებას. ჩვენ ვსაუბრობთ მონოლოგის რეჟიმში, დღესაც ვსაუბრობთ ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით ბრიფინგის ფორმატში. დებატებს აქვს განსხვავებული დატვირთვა და დებატების პირობებში კიდევ უფრო მეტი რესურსია იმისა, რომ საზოგადოებას კიდევ უფრო მკაფიოდ გააგებინო სიმართლე. ვნახოთ, რა აქვთ სათქმელი. თუ რამეში დაგვარწმუნებენ ეს ადამიანები, მზად ვართ, ჩვენს პოზიციას გადავხედოთ, ეს გაგვიკეთებია სხვადასხვა დროს, ჩვენ არ ვართ ხისტები და უხეშები, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, კეთილი ინებონ და თავადაც აღიარონ, თუ ეყოფათ ამისთვის რესურსი. არის ძალიან სერიოზული ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა ამ ადამიანებზე, რომლებმაც გამოხატეს მზაობა დებატებში მოსვლასთან დაკავშირებით. მთელი რადიკალური ოპოზიცია ჩაერთო, „ენჯეოები“ ჩაერთნენ თავდასხმაში ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ. ცდილობენ, რომ ისინი არ მოვიდნენ დებატებზე. იმედია, მათ ეყოფათ გამბედაობა და მოვლენ დებატებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.