ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მანდატები მოიპოვეს, თუმცა, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს, ერთობილივი საინფორმაციო ცენტრი შექმნეს.
გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადეს პრესკონფერენციაზე, რომელიც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლაშა ბაქრაძემ, „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ცუცქირიძემ და „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა თეონა აქუბარდიამ გამართეს.
გამოცხადდა, რომ დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საზოგადოებას ოპოზიციისგან მუდმივად მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას და შეფასებებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.
ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მოქალაქეებზე ხელისუფლების ძალადობა და დაკავებები აჩვენებს, რომ „უკანონო რეჟიმი არის საკუთარი ლპობის ფინალურ სტადიაზე”. მან ხაზი გაუსვა, რომ ბევრი საჯარო მოხელე ხელისუფლების პოლიტიკას უკვე გაემიჯნა, და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა ყველას, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებს.
ცუცქირიძემ პოლიციელებს მიმართა, რომ მათი მოვალეობა მოქალაქეების დაცვაა და არა ერთი პარტიის, ამიტომ, ნუ მიიღებენ მონაწილეობას „არალეგიტიმური რეჟიმის უკანონო ბრძანებების განხორციელებაში და ქართველი ახალგაზრდების დასახიჩრებასა და რბევაში”.
ოპოზიცია შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ პოლიტიკურ გამოსავლად ახალ არჩევნებს მიიჩნევს და „ქართულ ოცნებას” მიმართავს, ეს ნაბიჯი რაც შეიძლება სწრაფად გადადგას.