"როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა" - პრემიერი

ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები  და როგორც კი ჩვენ შევედით ამ პარტიულ ოფისებში, და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით,  როცა არ იყო ძალადობა  ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, საერთოდ არავითარი რეაგირების გაწევა არ დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

 

„გუშინ საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩავარდნილი "ნაცმაიდანის" უკან იდგნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური პარტიები. ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები  და როგორც კი ჩვენ შევედით ამ პარტიულ ოფისებში, და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ რესურსი აღარ ჰქონდათ პარტიულ ძალადობრივ დაჯგუფებებს ძალადობისთვის. როგორც კი მოიშალა ძალადობის წყარო, მაშინვე აღარ მოუწია რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - როცა არ იყო ძალადობა მომიტინგეების, ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, საერთოდ არავითარი რეაგირების გაწევა არ დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერმა კიდევ ერთხელ შეაჯამა ჩავარდნილი „ნაცმაიდანი“ და აღნიშნა, რომ რამდენადაც მაღალია კანონის უზენაესობისა და სამართლის უზენაესობის კულტურა, იმდენად მტკიცეა ნებისმიერი სახელმწიფო.

 

„ყველამ კარგად დაინახა ერთი რამ - საქართველო არის სახელმწიფო, ჩვენ, განსაკუთრებით ამ 4 წლის განმავლობაში, თვისებრივად განვამტკიცეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სამართლისა და კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული კანონის უზენაესობისა და სამართლის უზენაესობის კულტურაზე ქვეყანაში. რამდენადაც მაღალია კანონის უზენაესობისა და სამართლის უზენაესობის კულტურა, იმდენად მტკიცეა ნებისმიერი სახელმწიფო. ხედავდით, როგორ ვითარდებოდა პროცესები ამ 6-7 დღის განმავლობაში, ჩვენ გარკვეული დრო მოვანდომეთ საბოლოო ჯამში ძალადობის აღკვეთას. აქაც კულტურულად იმოქმედა სახელმწიფო სისტემამ, ყველა რგოლი გავიარეთ სათანადოდ, ეს იყო კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები, რაშიც იყო ჩართული შსს, პროკურატურა, სასამართლო ხელისუფლება. რამდენიმე დღე დასჭირდა ძალადობის აღკვეთას, თუმცა რამდენიმე დღეში, კულტურულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივედით კანონის აღსრულებამდე და ძალადობის საბოლოოდ აღკვეთამდე. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ თვისებრივად გავამყარეთ სახელმწიფოებრიობა ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ამის სრულიად საპირისპირო მოვლენა იყო წინა ხელისუფლება, სწორედ სამართლის უზენაესობის არარსებობა და კანონის უზენაესობის არარსებობა იყო მთავარი ხელწერა, რაც ახასიათებდა წინა ხელისუფლებას, იმავეს აკეთებენ დღეს ისინი ოპოზიციის რიგებიდანაც. ისინი არ ცნობენ ლეგიტიმურ არჩევნებს, არ ცნობენ სახელმწიფოს, ხელისუფლებას. ძალადობენ და საბოლოო ჯამში მთავარი ის არის, რომ ამ ყველაფრით ისინი მაინც ვერ აღწევენ წარმატებას,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ყოვლად ამორალური ქმედება, რაც ამ ადამიანების სახეს აჩვენებს.

„ბოლო მოეღება კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, მათ შორის საქართველოს მთავრობის საქმიანობის პირობებში. ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში. გარდა იმ ამოცანებისა, რაც აქვს საქართველოს მთავრობას - ეს არის ეკონომიკის განვითარება, ჩვენი  მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება და ა.შ ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება კოაბიტაციის ყველა გამოვლინების და ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამთავრება ჩვენს ქვეყანაში. ეს პროცესი დაიწყო სწორედ ამ დღეებში. ეს პროცესები იყო საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით,  მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე დაიმსხვრა.

 

„რაც შეეხება მითს ე.წ გულწრფელი ახალგაზრდების თაობაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გულწრფელი ახალგაზრდაა საქართველოში, მათ შორის, საქართველოში, მათ შორის, მათი მცირე ნაწილი არის ოპოზიციის მხარეს, აქვს შესაბამისი განწყობები, უმეტესი ნაწილი არის „ქართული ოცნების“ მხარეს, მაგრამ მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე დაიმსხვრა. ეს იყო თავიდან ბოლომდე მართული და პარტიულად ორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებდნენ ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე.

 

არსებობდა ყველაზე დიდი რევოლუციური ჯგუფი, „დაიტოვე“, აქაც გაირკვა, რომ ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი ყოფილა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც უკრაინაშიც კი სტუმრობდა სააკაშვილს. აქაც ნული გულწრფელობა, არავითარი გულწრფელობა, თავიდან ბოლომდე პარტიული რესურსი იყო ჩართული ამ „ნაცმაიდნის“ მცდელობაში, რომელიც მეოთხედ ჩავარდა ჩვენს ქვეყანაში, აბ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გასაკვირი არაა, თუ რატომ უპირისპირდებოდნენ ასე, თავის დროზე, რადიკალური ჯგუფები, რადიკალური პარტიები და მათი პატრონები კანონს - „გამჭვირვალობის შესახებ“, მათ ქვეყანაში გაუმჭვირვალედ სურდათ რევოლუციის მოწყობა.

 

„ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ თავის დროზე ეს ადამიანები რადიკალური ჯგუფები, რადიკალური პარტიები და მათი პატრონები ასე უპირისპირდებოდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. მათ სურდათ საქართველოში გაუმჭვირვალედ მოეწყოთ რევოლუცია. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა - „გამჭვირვალობის კანონი“, რომელსაც უწოდეს „რუსული კანონი“, სწორედ, ამ ადამიანებმა, მოძალადეებმა და რადიკალებმა, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას,“- განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, ლიბერალური ფაშიზმის უკანაც დგას უცხოური დაფინანსება.

„ლიბერალური ფაშიზმის უკანაც დგას უცხოური დაფინანსება. მთელი ამ წლების განმავლობაში, ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურებოდა საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას, ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას და რაც ყველაზე მძიმეა, ემსახურებოდა ლიბერალური ფაშიზმის გენერირებას ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი უცხოური ფული დაიხარჯა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში, რაც ძალიან მძიმე მოვლენაა. მინდა, მოვუწოდო განსაკუთრებით ახალგაზრდების მშობლებს, საკუთარი შვილები მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას. ჩვენ, თავისთავად, ჩვენი მხრივ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ასეთი კერები მაქსიმალურად მოიშალოს ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, როცა ამოიწურა ფიზიკური ძალადობის რესურსი, გადავიდნენ უკვე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.

 

„როდესაც ვეღარ ძალადობდნენ ფიზიკურად, როცა ამოიწურა ამის რესურსი გადავიდნენ უკვე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაც არის დამახასიათებელი ლიბერალური ფაშიზმისთვის. დაიწყეს სიების გამოქვეყნება, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, პოლიციელების. თუ ვინმეს შეიძლება ეშინოდეს რაიმე სიის, ესენი არიან სწორედ რადიკალები, ჩვენ ვიმოქმედებთ, ამას ვპირდებით აუცილებლად ყველას, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ ცდილობდა „ნაცმედია“ შეცდომაში შეეყვანა ხალხი და რაც ძალიან სამწუხაროა, ზუსტად იმავე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც.

 

„ხედავდით, როგორ ცდილობდა „ნაცმედია“ შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება და რაც ძალიან სამწუხაროა, ზუსტად იმავე ხაზით მუშაობდა უცხოური მედიაც, სრული სიცრუე, სრული დეზინფორმაცია, სრული სიყალბე და სრულიად ცალმხრივი ინფორმაცია. მე შემიძლია, მარტივად შევთავაზო უცხოურ მედიას, ნებისმიერ ფორმატში ჩართვა, ოღონდ ეს უნდა იყოს აუცილებლად პირდაპირი ეთერი, დარწმუნებული ვარ, რომ გამოხმაურება მაინცდამაინც ფართო არ იქნება, ენთუზიაზმი მაინცდამაინც დიდი არ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სიცრუე არის მოდებული მთელ საერთაშორისო მედიას დღევანდელ დღეს, რაც ძალიან სამწუხაროა,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ოთხივე ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანების რესურსი იყო ჩართული „ნაცმაიდანის“ მოწყობის მცდელობაში.

 

„ელენე ხოშტარიამ მისცა აღიარებითი ჩვენება, ჯერჯერობით ის არის პარლამენტის წევრი, შესაბამისად, უფრო რთულია მის მიმართ შესაბამისი მოქმედებების დაწყება, თუმცა რეალურად, ჩვენთვის ეს არის, რა თქმა უნდა, აღიარებითი ჩვენება. პოლიტიკურად მან დადო პირდაპირი აღიარება იმის შესახებ, რომ ძალადობის უკან იდგნენ არა ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები, არამედ ძალადობის უკან იდგა თავიდან ბოლომდე პარტიული რესურსი. ეს იყო მისი პარტიის რესურსი, ანუ გვარამიას პარტიის რესურსი, „ნაცმოძრაობის“ რესურსი, გახარიამ თავად აღიარა, რომ მისი ათეულობით მოძალადე აქტივისტი იყო დაკავებული ამ დღეების განმავლობაში, „ლელო“ იყო პირდაპირ ჩართული და ნახეთ კიდეც მათ შორის ჩანაწერები, რომლებიც ასახავს ლელოს საუბარს. ოთხივე ამ ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანების რესურსი იყო ჩართული იმ მცდელობაში, რასაც ჰქვია „ნაცმაიდანის“ რეალიზება საქართველოში.

საბოლოო ჯამში, ეს არის კონსტიტუციური მოთხოვნების პირდაპირი დარღვევა. საქართველოს კონსტიტუცია ხაზგასმით კრძალავს კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, თუმცა ეს პარტიები პირდაპირ წავიდნენ კონსტიტუციის ამ ნორმის წინააღმდეგ, რაც არის კონსტიტუციის უმძიმესი დარღვევა,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით,  მაშინაც გარე დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი და დღესაც.

 

„რადიკალიზმი, ე.წ პოლარიზაცია, სიძულვილი, არის თავიდან ბოლომდე თავსმოხვეული ჩვენს ქვეყანაზე. ეს არ შეესატყვისება ქართულ კულტურას. ქართული კულტურა არის სრულიად განსხვავებული. სიძულვილი არის არსებითად უცხო ქართული საზოგადოებისთვის. აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, სიძულვილის თავს მოხვევა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ა.შ. ყველაფერი არის გარედან დალაგებული, უცხოური დაფინანსებით. სწორედ ამ ყველაფრის გამჭვირვალობა გვინდოდა ჩვენ, როდესაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. გირჩევთ კიდევ ერთხელ, არის რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ცნობილი, ათ-წუთიანი ვიდეო, ეს ვიდეო მან ჩაწერა მას შემდეგ, რაც მასზე განხორციელდა ტერორისტული თავდასხმა. რასაც ის ყვება სლოვაკეთთან დაკავშირებით, უბრალოდ, შეცვალეთ ერთი სიტყვა, სლოვაკეთის მაგივრად თქვით საქართველო, ზუსტად იგივე ხდება ჩვენს ქვეყანაში. იქაც ზუსტად უცხოეთიდან თავსმოხვეული სიძულვილი, რადიკალიზმი. სიტყვასიტყვით შეგიძლიათ გაიმეოროთ იგივე - რაც ხდება სლოვაკეთში, იგივე ხდება საქართველოში. აქედან ჩანს პირდაპირ ის, რომ ეს ყველაფერი არის ხელოვნურად დალაგებული, ქართულ საზოგადოებაზე თავსმოხვეული. როგორც კი ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერა აღმოიფხვრება, მაშინვე დასრულდება ეს უმძიმესი იდეოლოგია ჩვენს ქვეყანაში. არაფრით არ განსხვავდება დღევანდელი ლიბერალური ფაშიზმი ბოლშევიზმისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაავრცელეს, ასევე გარედან, ხელოვნურად, ზუსტად ერთი საუკუნის წინ. მაშინაც, ბოლშევიზმი იყო სრულიად უცხო ხილი ქართული კულტურისთვის და საზოგადოებისთვის. ქართული საზოგადოებისთვის ორგანული იყო ილია ჭავჭავაძე. ერის მამა, თუმცა შექმნეს გიგლა ბერბიჭაშვილი, რომელმაც ტყვია ესროლა ილია ჭავჭავაძეს. ესეც იყო გარედან დალაგებული მაშინდელი ქართული საზოგადოებისთვის. გარედან დაგვილაგეს ბოლშევიზმი, სიძულვილი, აგრესია და საერთოდ არაფრით განსხვავდება ლიბერალური ფაშიზმი საუკუნის თავზე იმ ბოლშევიზმისგან, რომელიც გარედან მოგვახვიეს თავს ქართულ საზოგადოებას ერთი საუკუნის წინ. მაშინაც გარე დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი და დღესაც გარე დაფინანსებით ხდება. ჩვენ ყველა წყარო უნდა ჩავჭრათ ლიბერალური ფაშიზმის დაფინანსების, თუ გავრცელების და ამის შემდეგ ჩვენი საზოგადოება გაჰყვება სწორედ იმ კულტურას, რომელიც მას ახასიათებდა ყოველთვის, საუკუნეების განმავლობაში. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გარედან საქართველოში გაავრცელოს ასეთი მძიმე იდეოლოგია, რასაც ჰქვია ლიბერალური ფაშიზმი“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

 

„რა თქმა უნდა, ეს არის შესაბამისი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ოფისებში იმალებოდნენ, პასუხისმგებლობას ვერც ერთი მათგანი ვერ გაექცეოდა. რეალურად ხდებოდა რა, რომ ეს ადამიანები, ანუ შესაბამისი პარტიებისა და მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერები იმალებოდნენ ოფისებში და წინა ხაზზე ჰყავდათ გაშვებული მათი პარტიული აქტივი, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, თავს ესხმოდნენ პარლამენტის შენობას. ეს არ არის, რა თქმა უნდა, მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საფუძველი, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის მოწოდებები საყოველთაო გაფიცვის შესახებ, სასოწარკვეთილი გზავნილებია.

„მათ აქვთ გარკვეული რესურსი, ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური რესურსი, რომელიც იქმნებოდა უცხოური დაფინანსებით და პრაქტიკულად ეს რესურსი უკვე მაქსიმალურად გამოფინეს გარეთ. ამის იქით მათ დიდი რესურსი რეალურად აღარ აქვთ, შესაბამისად, „ნაცმაიდნის“ ჩავარდნილი მცდელობის ხელახლა გაღვიძება ისეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, როგორც იყო წინა ოთხი „ნაცმაიდნის“ მცდელობა. აქედან გამომდინარე, მათ ამის არავითარი რესურსი არ აქვთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 
მისივე თქმით, სახელმწიფო იქნება ძალიან მკაცრი ლიბერალურ-ფაშიზმზე რეაგირების თვალსაზრისით.

 

„მე კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ერთ-ერთი ქალბატონის მიერ გმირი პოლიციელების მეუღლეებისთვის მიძღვნილი ლექსი, სადაც ის მათ უწოდებდა „ჯალათის ცოლებს“ და ეს ქალბატონი თავად არის ლიბერალური-ფაშიზმის ერთ-ერთი აქტიური მიმდევარი, თავად არის „ქოლცენტრის“ მფლობელის ცოლი, კორუმპირებული ადამიანები, ლიბერალური ფაშისტები ასეთი ეპითეტებით მიმართავენ გმირი პოლიციელების ცოლებს. რა თქმა უნდა, ეს არის კომპლიმენტი მათთვის.

ხედავდით, რა ხდებოდა ზოგადად ამ დღეების განმავლობაში თბილისის ქუჩებში - ერთ მხარეს იყვნენ ევროპულად მოქმედი გმირი პოლიციელები და მეორე მხარეს იყვნენ სრულიად არაევროპულად მოქმედი „ნაცი“ მოძალადეები. ეს არის საერთო სურათი. თითოეულ გმირ პოლიციელს შეუძლია იამაყოს იმისათვის, რაც გააკეთეს მათ საკუთარი სახელმწიფოსთვის, საკუთარი სახელმწიფოს სიმტკიცისთვის. თითოეულ „ნაცს“ გაეცემა საკადრისი პასუხი.

საქართველოში რადიკალიზმი დამთავრდება, ლიბერალური ფაშიზმი დამთავრდება, ეს იქნება პასუხი იმ სიტყვიერ ძალადობაზე, რასაც ეს ადამიანები მიმართავენ. ბუნებრივია, სახელმწიფო იქნება ძალიან მკაცრი ლიბერალურ-ფაშიზმზე რეაგირების თვალსაზრისით.“- განაცხადა პრემიერმა.