"გაგრძელდება ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება" - ირაკლი კობახიძე

გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, ასეთი პროცესები მოკლევადიან რყევებს იწვევს ხოლმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ლარის კურსმა უკვე დაიწყო დასტაბილურება და  ეკონომიკის განვითარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

 

„გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება. თქვენ იცით, რომ ასეთი პროცესები მოკლევადიან რყევებს იწვევს ხოლმე, ბუნებრივია. ხედავდით, რომ იყო მოკლევადიანი გავლენა ლარის კურსზე, თუმცა, როგორც კი ძალადობა დასრულდა, მაშინვე დაიწყო კურსის ქვემოთ ჩამოსვლა და დღეს ხედავთ, რომ უკვე რამდენიმე თეთრით არის ქვემოთ ჩამოსული ის კურსი, რომელიც ზემოთ ავიდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს ყოველ ჯერზე ასე ხდებოდა. ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში, გამოვიარეთ „ნაცმაიდნის“ 4 მცდელობა და თითოეული მცდელობის პირობებში კურსი ადიოდა ზემოთ, თუმცა როგორც კი და დასტაბილურდებოდა ვითარება, მაშინვე ჩამოდიოდა კურსი ქვემოთ და აქაც ვხედავთ იმავე ვითარებას.

ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, რა თქმა უნდა, არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ, წელს, გვაქვს 10 თვის მონაცემებით 10 %-იანი ზრდის მაჩვენებელი, პირველ ადგილზე ვართ ევროპასა და ფართო რეგიონში და წლის ბოლომდე ძალიან მაღალი მაჩვენებლით მივალთ. რა თქმა უნდა, გაგრძელდება მომავალ წელსაც სწრაფი ეკონომიკური ზრდა,“- განაცხადა პრემიერმა.


პრემიერის თქმით, საქართველო არის და დარჩება ძლიერ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ.

 

„ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვაჩვენეთ ის, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში თვისებრივად განვამტკიცეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და რა თქმა უნდა, მომავალშიც ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ეს ასპექტი კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება. საქართველო არის სახელმწიფო და საქართველო დარჩება ძლიერ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტული ელჩები წინასაარჩევნო პერიოდში პირდაპირ იყვნენ ჩართული რადიკალური ოპოზიციის სასარგებლო კამპანიაში.

„მათ შორის, ჩვენ ვხედავდით, რომ კონკრეტული ელჩები, ვისი პოზიციაც განსაკუთრებით საინტერესო იყო, წინასაარჩევნო პერიოდში ზოგჯერ პირდაპირ იყვნენ ჩართული რადიკალური ოპოზიციის სასარგებლო კამპანიაში და არჩევნების შემდეგ თავიდან ბოლომდე სიჩუმეს ინარჩუნებდნენ სისტემური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. ასევე მათი დუმილი ჩანს არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარების კუთხით. ჩვენ მზად ვართ, მიუხედავად მათი ქმედებებისა, როგორც კი დასრულდება ეს პროცესები, ჩვენ თვითონ ხელი გავუწოდოთ თითოეულ ამ ელჩს. ჩვენ გვესმის, რომ ისინი არიან ძალიან სერიოზული ზეწოლის ქვეშ და 20 იანვრამდე ეს ზეწოლა გაგრძელდება, თუმცა ვფიქრობ, 20 იანვრის შემდეგ ეს ელჩებიც გათავისუფლდებიან და შესაბამისად, მათ ექნებათ საშუალება, იმოქმედონ მეგობრულად და სამართლიანად ჩვენი ქვეყნის მიმართ. პირველი, ვინც ხელს გაუწვდის ამ ელჩებს, პირველ რიგში ვგულისხმობ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს, სწორედ ჩვენ ვიქნებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს მთლიანად რეგიონში.

 

„სრული სიყალბეა წარმოდგენილი ამ განცხადებაში. საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე და თქვენ ხედავდით, როგორი მშვიდობიანი იყო ის მიტინგები, რომლებიც ეწყობოდა საქართველოში. როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ ასეთ სიყალბეს არცერთ ამერიკულ განცხადებაში ჩვენ არ შევხვდებით. ეს განცხადებაც არის ზუსტად ამ პროცესის გაგრძელება. მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს მთლიანად რეგიონში, ეს ეხება უკრაინას, საქართველოს, ეხება მთლიანად რეგიონს და ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა. “, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინის მხრიდან სანქციების დაწესება უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს.

 

„ოფიციალური ცნობა ჩვენ ჯერ არ მიგვიღია. სიის პრინციპი ნაკლებად საინტერესოა. თავად სანქციების დაწესება არის ისეთი მოვლენა, რაც მეტყველებს უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე. გახსოვთ, თავის დროზე 2022 წლის პირველ მარტს, უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი ორი საბაბით. პირველი იყო ის, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ ჩამოვაქციეთ საკუთარი ეკონომიკა და მოლდოვამაც არ დააწესა სანქციები, მაგრამ მოლდოვიდან ელჩი არავის გაუწვევია. მეორე იყო ის, რომ ჩვენ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები. ამ ორი საბაბით თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია ელჩი საქართველოდან. აქედან გამოჩნდა, რაც იყო განზრახვა. იყო ასეთი გეგმა, რომ უნდა გახსნილიყო არა ერთი ფრონტი, არამედ ორი და ამის გაგრძელება იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო. ამას მოჰყვა პირდაპირი მოწოდებები. პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი გამოდიოდა და პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ, უშიშროების საბჭოს მდივანი, საუბარია უმაღლესი თანამდებობის პირებზე, ისიც მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ და ეს პროცესი არ დასრულდა, გრძელდებოდა მუდმივად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პრემიერის თქმით, შემდეგ გამოაძევეს საქართველოს ელჩი უკრაინიდან, რომელსაც ერთი დღით არ დაუტოვებია კიევი ომის დაწყების დღიდან.

 

„გამოაძევეს იმიტომ, რომ „რუსეთი ჩვენი ხელით კლავდა სააკაშვილს ციხეში წამებით“. დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა და ის სავარაუდო გადაწყვეტილება ამ მძიმე მდგომარეობის გამოძახილია. უკრაინის ხელისუფლება ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს არ არის დამოუკიდებელი. საბოლოო ჯამში, მთავარია ის, რომ ვიღაცები ცდილობენ, აშშ-ში ახალ ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონში დაუტოვონ მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა და ამ სცენარის ნაწილია, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ხელოვნურად გაუარესება. ჩვენთვის მთავარია, რომ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინასთან, რადგან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ჩვენთვის ძვირფასია უკრაინელი ხალხი. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს უკრაინის ხელისუფლებამ, ვრჩებით ამ ქვეყნის და ამ ხალხის ერთგული და სოლიდარული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ შესაბამისი საშუალებების ტარება, რომელიც სახის დამალვის შესაძლებლობას იძლევა.

 

„ფაშისტურმა სიებმა დაადასტურა, რომ შეიძლება, არც ყოფილიყო მიზანშეწონილი ამომცნობი ნიშნების დატანა შესაბამის ფორმებზე. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ შესაბამისი საშუალებების ტარება, როგორც არის სახის დამალვის საშუალება და ა.შ. ამ დღეების განმავლობაში გამოჩნდა, რომ სწორედ იმიტომ ეკეთათ ნიღბები იქ მისულ ძალადობრივ დაჯგუფებებს, ანუ მოძალადე „ნაცებს“, რომ მათ ჰქონდათ მზაობა ძალადობისთვის. ჩვენ ვიფიქრებთ ყველა მიმართულებით კანონმდებლობის ცვლილებაზე. პირველ რიგში თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე, ესენი არიან მოძალადე „ნაცები“, რომლებიც მიდიან მიტინგებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ძალიან კარგი მუშაობა და საერთო პოლიტიკური ვითარება იყო ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი კურსის დასტაბილურების ნაწილში.

„ეროვნული ბანკი მუშაობს ძალიან კარგად, ეს უნდა აღინიშნოს. ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი, ერთი ის, რომ ეროვნული ბანკი სხვადასხვა ზომებს იღებს, მარტო სავალუტო რეზერვების გაყიდვაზე არ არის საუბარი, იღებს სხვადასხვა ზომებს იმისათვის, რომ იზრუნოს კურსის სტაბილურობაზე და მადლობა კიდევ ერთხელ ეროვნულ ბანკს, პირადად ქალბატონ ნათია თურნავას ძალიან ეფექტიანი და ეფექტური მუშაობისთვის და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის საერთო პოლიტიკური ვითარება. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წინა მოვლენები, როგორც კი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობდა ქვეყანაში ვითარების არევას, რა თქმა უნდა, იზრდებოდა ლარის კურსი, თუმცა როგორც კი ეს მცდელობა ჩავარდებოდა, მაშინვე კურსი ჩამოდიოდა ქვემოთ. ანუ ორივე ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა, როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ჩამოვიდა ქვემოთ კურსი,“- განაცხადა პრემიერმა.