"გუშინ მეტროს ამოსასვლელებში აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ" - იოსელიანი

"გუშინ მეტროს ამოსასვლელებში აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ" - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. 

ომბუდსმენმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეშე, მოქალაქეები არ შეამოწმოს. 

გუშინ, ყველამ ვიხილეთ მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის „პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით“ გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესით. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეშე, არ მოახდინოს მოქალაქეთა მასიური შემოწმებები.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო, სკოლებში მიმდინარე პროცესებს. როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კანონმდებლობით, გარანტირებულია როგორც შეკრების, ისე მოსწავლეთათვის აზრის გამოხატვის თავისუფლება. თუმცა ამავე დროს, აკრძალულია სკოლების პოლიტიზება, ისე როგორც მესამე პირების სასწავლო პროცესში ჩარევა. დაუშვებელია, მშობლის ინფორმირების გარეშე მოსწავლის სკოლიდან გაშვება ან მოწოდება სკოლის დატოვების შესახებ. სკოლაში მიმდინარე მოვლენებს როგორც სახალხო დამცველი და როგორც მშობელი განსაკუთრებულად ვაკვირდები. ამის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაციას გავუზიარებ",- განაცხადა სახალხო დამცველმა.