ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ვზღუდავთ თავდაცვაში თანამშრომლობას - გაერთიანებული სამეფო

დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრი, დევიდ ლამმი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება. მის კომენტარს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და აჩერებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ჩართულობას.

"მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა", - წერს ის.

მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკისმომგვრელი სცენები მიუღებელია და უნდა შეწყდეს.

"ეს ქმედებები ლახავს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას ევროპული მომავლის მიმართ", - აცხადებს დევიდ ლამი და აღნიშნავს, რომ

გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას და მხარს უჭერს მათ უფლებას აირჩიონ საკუთარი ქვეყნის მომავალი.