ერთი რამ ვერ გათვალეს ჩვენმა ოპონენტებმა, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი, გვაქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და არ გვიჭირს ვითარების სრულად კონტროლქვეშ აყვანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალში შესაძლებელია, რომ გამოირიცხოს ასეთი პროცესები.
„ერთი რამ ვერ გათვალეს ჩვენმა ოპონენტებმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ სახელმწიფო არის ძალიან ძლიერი დღეს, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვიჭირს ვითარების სრულად კონტროლქვეშ აყვანა. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში გამოვიარეთ უცხოური ჩარევით რევოლუციის მოწყობის ოთხი მცდელობა, თუმცა, ოთხივე ჯერზე ჩვენ ამას დავუპირისპირეთ პროპორციული ძალა და ყველა ეს მცდელობა იქნა განეიტრალებული. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო სისტემა მზად არის იმისათვის, რომ ნებისმიერ ასეთ მცდელობას დაუპირისპირდეს, უფრო მეტიც, თანდათანობით ისე მიდის პროცესები, რომ პრაქტიკულად უკვე მომავალში შეგვიძლია გამოვრიცხოთ ასეთი პროცესებიც კი
რამდენიმე წელია, აქტიურად წარიმართება ასეთი პროცესები. ჩვენ ასევე ვიხილეთ ძალიან აქტიური ჩარევა ჩვენს საარჩევნო პროცესებში გარედან, რაც უპირისპირდება სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს. რეალურად საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი, გვაქვს პოლიტიკური პლურალიზმი. ყველა თვალსაზრისით, საქართველომ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით 2012 წლის შემდეგ. თუმცა არიან გარკვეული ძალები, რომლებსაც მოსწონდათ 2012 წლამდე არსებული ხელისუფლება, რომელსაც ჰქონდა უმძიმესი პრობლემები და მათ რატომღაც არ მოსწონთ მოქმედი ხელისუფლება მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია წლების განმავლობაში
ჩვენ უნდა დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და არ გადავდგით ასეთი ნაბიჯი. როგორც ჩანს, ამ ძალებს ახლა აქვთ სურვილი, რომ დაგვსაჯონ ამისათვის, თუმცა რეალურად მათი რესურსები არის ძალიან შეზღუდული. სამწუხაროდ, ამ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა როგორც ევროკავშირზე, ასევე მოქმედ ამერიკულ ადმინისტრაციაზე. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ხდება ამერიკის პრეზიდენტი. ვფიქრობთ, რომ მიდგომები შეიცვლება, ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს და მიდგომების ცვლილება უნდა აისახოს ევროკავშირზე. ამიტომ გვაქვს ჩვენ ოპტიმისტური მოლოდინები. ასევე ვფიქრობთ, მომავალ წელს უკრაინაში ომი დასრულდება და უკრაინაში ომის დასრულების პირობებში რეალურად ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად დამშვიდდება რეგიონი და მოიხსნება არსებითად წნეხი ჩვენს ქვეყანაზეც
ჩვენ მივაღწიეთ შთამბეჭდავ გამარჯვებას, ავიღეთ ხმების 54%, ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ამომრჩევლის ხმა. ოპოზიცია დამარცხდა და შესაბამისად, ისინი არიან უმცირესობა, თუმცა ისინი ცდილობენ, გარკვეული აგრესიული ქმედებებით მიაღწიონ წარმატებას ქუჩაში, თუმცა ქუჩაში წარმატებას სჭირდება ზუსტად იგივე რესურსი, რა რესურსიც სჭირდება საბოლოო ჯამში არჩევნებში წარმატებას, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. სწორედ იმის გამო, რომ მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, მათ ვერც ქუჩაში მიაღწიეს ვერავითარ შედეგს. ხუთი დღის განმავლობაში ჰქონდათ ძალადობრივი აქციები, ახლა უკვე ძალადობის რესურსიც არ აქვთ და ეს აქციები არის მილევად რეჟიმში. ჩვენ არ გვქონია იმის საჭიროება, რომ ჩვენი მხარდამჭერებისთვის გვეთხოვა ქუჩაში გამოსვლა. ჩვენ ვართ ხელისუფლება და გვაქვს განსხვავებული მიდგომები და პასუხისმგებლობა. უბრალოდ, არ არსებობდა ამის საჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ რა თქმა უნდა, ბევრად მეტი ადამიანის მობილიზების რესურსი გვაქვს, როგორც არჩევნებზე, ისე ქუჩაში“, - განაცხადა პრემიერმა.