მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდება თავისი კონსტიტუციური მისია.
„მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში. ორ წელიწადზე მეტია, საქართველოს არ ჰყოლია, პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი. ამ კუთხით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ინსტიტუტის მთავარი მისია არის ზრუნვა ქვეყნის და საზოგადოების გაერთიანებაზე. ამ წლების განმავლობაში კონკრეტული ძალები, გარე ძალები პრეზიდენტის ინსტიტუტს სწორედ საზოგადოების გასახლეჩად იყენებდნენ. ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენებოდა იმისათვის, რომ დაესუსტებინათ ხელოვნურად ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი, ამისთვის სისტემატურად ირღვეოდა სწორედ პრეზიდენტის გამოყენებით საქართველოს კონსტიტუცია, რასაც გარე ძალები პირდაპირ უჭერდნენ მხარს. მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდება თავისი კონსტიტუციური მისია და ღირსება. მინდა წარმატებები ვუსურვო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე “, - განაცხადა პრემიერმა.
საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა 500-კაციანი პროტესტის ფონზე, ხედავთ ახალ რიტუალს ამ აქციაზე - აქციის მონაწილეები ფეხით შედგნენ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურს, რომელზეც არის ეროვნული სიმბოლოები გამოსახული, ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უსამშობლობა არის მათი ხელწერა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არიან ადამიანები, რომლებიც ჩაითრიეს ლიბერალურ ფაშიზმში და ეს არის ტრაგიკული მოვლენა.
„ყველა ხედავდით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა 500-კაციანი პროტესტის ფონზე, თქვენ ხედავდით ასევე ახალ რიტუალს ამ აქციაზე - აქციის მონაწილეები ფეხით შედგნენ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურს, რომელზეც არის ჩვენი ეროვნული სიმბოლოები გამოსახული. ამ კონკრეტულმა ადამიანებმა ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უსამშობლობა არის მათი ხელწერა. გუშინ ასევე იგივე ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ უღმერთობაც არის მათი ხელწერა და ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე. არიან ადამიანები, რომლებიც ჩაითრიეს ლიბერალურ ფაშიზმში და ეს არის ტრაგიკული მოვლენა. ეს ადამიანები ამ უმძიმესი იდეოლოგიისგან არიან ჩვენი გადასარჩენი და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მეტი ადამიანი დავიხსნათ ლიბერალური ფაშიზმისგან ჩვენს ქვეყანაში ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
რადიკალურმა ოპოზიციამ ჯერ წააგო არჩევნები, შემდეგ წააგო ქუჩა. თქვენ იცით, რომ არის 4 პარტია, რომელიც სარგებლობს გარედან საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერით, არის 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ და ისინი, ყველანი ერთად, 4 პარტია და 10-ზე მეტი მდიდარი „ენჯეო“ ბოლო დღეების განმავლობაში 2000 კაცსაც კი ვერ უყრიან თავს აქციებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.