ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და უნდა ვესაუბროთ ხალხს - ირაკლი კობახიძე

საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ვთავაზობ დისკუსიას საჯაროს თუ არასაჯაროს, ნებისმიერ ფორმატში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, საზოგადოებასთან დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი და ხელისუფლება მზადაა ესაუბროს ხალხს.

„ჩვენ გვჭირდება დიალოგი საზოგადოებასთან. ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩემი შეთავაზება - საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, ნებისმიერ ფორმატში, გნებავთ საჯარო დისკუსია თუ არასაჯარო დისკუსია, მნიშვნელობა არ აქვს არსებითად არც შეხვედრის ადგილს, დროს და ა.შ. საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ვთავაზობ ასეთი ტიპის დისკუსიას საჯაროს თუ არასაჯაროს. საზოგადოებასთან დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ჩვენ უნდა ვესაუბროთ ხალხს. უნდა ვესაუბროთ არა იმ ადამიანებს, რომელიც საკუთარი ამომრჩევლის ხმასაც კი არ სცემენ პატივს, არამედ, უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას. ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის როგორც საკუთარ მხარდამჭერებთან, ისე თუნდაც იმ ადამიანებთან, რომლებმაც თუნდაც რადიკალური ოპოზიციას დაუჭირეს მხარი. შესაბამისად, თუ ვინმესთან შეიძლება დიალოგი შედგეს, ეს არის ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა პრემიერმა.

ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მკაფიოდაა განსაზღვრული, მათ შორის, კონსტიტუციის დონეზე და ჩვენი მიზანია ევროკავშირში ინტეგრაცია, ამისთვის, ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი არის ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ყველაფერი დანარჩენი განხილვის თემაა.

„ერთადერთი, რაც არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი არის ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ყველაფერი დანარჩენი, არის, რა თქმა უნდა, განხილვის თემა. ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, მაგრამ ამასთან ერთად მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ ყაველაშვილის პოზიციაც. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 2030 წლისთვის, ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად რეალურია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა პრემიერმა.