გზა ხმოსნებამდე და ყაველაშვილამდე - საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების ისტორია

ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი - ყველა მათგანი საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი საარჩევნო უფლებით არჩეული პრეზიდენტია. სხვა მხრივ მათ არჩევას, მმართველობასა და ძალაუფლებისათვის ბრძოლას საერთო ბევრი არაფერი აქვს.

I პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია
"ერი უეჭველად მზად არის გადამწყვეტი ბრძოლისათვის"
1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის პარლამენტმა - უზენაესმა საბჭომ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მალევე აირჩია პრეზიდენტი.

14 აპრილს გამართულ საგანგებო სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს კანონპროექტს „პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების და ამასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

1991 წლის 26 მაისისათვის, დანიშნულ საყოველთაო არჩევნებში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის მეექვსე, უკანასკნელი კანდიდატი 13 მაისს დარეგისტრირდა. საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთეს შემდეგ კანდიდატებს შორის:

ზვიად გამსახურდია - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, „მრგვალი მაგიდის“ სპიკერი, საქართველოს ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე
ირაკლი შენგელაია - ორგანიზაცია „დემოკრატიული არჩევანი საქართველოსათვის“ (დასი), პოლიტიკური ბლოკი „თავისუფლება“
ჯიმი მიქელაძე - საქართველოს დამოუკიდებელი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი
ვალერიან ადვაძე - საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
თამაზ კვაჭანტირაძე - ჟურნალ „ბალავრის“ მთავარი რედაქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი
ნოდარ ნათაძე - საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობის თავმჯდომარე

„თავისუფლებისთვის მომავალ ბრძოლებში მხოლოდ იმას შეუძლია წინ წარგვიძღვეს, ვინც მთელი შეგნებული ცხოვრება იმპერიასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომშია და ვინც ყველა ბრძოლაში პირველი იყო. ვისაც მოუკლავს, ისევ ის მოჰკლავს ნადირსა შავის ტყისასა. ის ზვიად გამსახურდიაა!“ - გურამ პეტრიაშვილი

არჩევნების შედეგები
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 3 594 810, არჩევნების მონაწილეთა რაოდენობა - 2 978 247 (83,5%)

ზვიად გამსახურდია – 86,14%,
ირაკლი შენგელაია - 0,9%,
ჯემალ მიქელაძე – 1,74%,
ვალერიან ადვაძე - 8,07%,
თამაზ კვაჭანტირაძე - 0,29%,
ნოდარ ნათაძე 1,22%
„სინამდვილეში ოპოზიცია არც კი არსებობს. ოპოზიციას აფინანსებს მოსკოვი და მისი ლიდერები ან პროვოკატორები არიან, ან პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანები“, - ზვიად გამსახურდია, არჩევნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე

II პრეზიდენტი - ედუარდ შევარდნაძე
"გვქონდა სახელმწიფო საბჭო, მაგრამ სახელმწიფო არ გვქონდა"
შევარდნაძის პირველი ვადა (1995-2000)
1995 წლის 5 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა ახალი კონსტიტუციით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო.

1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის სახელმწიფო გადატრიალებისა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ ძალაუფლება ხელში აიღო ჯერ სამხედრო საბჭომ (ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თენგიზ კიტოვანი, „მხედრიონის“ ლიდერი ჯაბა იოსელიანი), შემდეგ კი სახელმწიფო საბჭომ, რომელსაც მოსკოვიდან დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე ჩაუდგა სათავეში. სამხედრო საბჭომ ქვეყნიდან გააძევა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება და დაითხოვა უზენაესი საბჭო. მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი აფხაზეთზე, საქართველო გახდა დსთ-ს წევრი, რამაც დიდი დაპირისპირება გამოიწვია როგორც პარლამენტში, ასევე საზოგადოებაში. საეჭვო ვითარებაში დაიღუპა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მოკლეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურია, გაგრძელდა ეკონომიკური ვარდნა და დამძიმდა კრიმინოგენური ვითარება. შევარდნაძეს არ ემორჩილებოდნენ კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერები, რომელთა წინააღმდეგაც ცენტრალური ხელისუფლება მძიმე რეპრესიებს ახორციელებდა. 1993 წლის შემოდგომაზე ედუარდ შევარდნაძემ დააფუძნა „მოქალაქეთა კავშირი“ (თავისი ძალაუფლების საყრდენი ძალა მომდევნო ათი წლის განმავლობაში), რომლის ძალისხმევითაც 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელმაც არსებითად შეცვალა როგორც ხელისუფლების სტრუქტურა, ასევე პარლამენტის არჩევის წესი და პირობები.

კონსტიტუციის მიღებიდან მალევე, 29 აგვისტოს, მაშინდელი პარლამენტის (იმელის) შენობის ეზოში ედუარდ შევარდნაძე ტერორისტული თავდასხმას გადაურჩა. თავდასხმის გამო დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს „მხედრიონის“ ლიდერები, უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსანი თემურ ხაჩიშვილი და უშიშროების მინისტრის, იგორ გიორგაძის მიერ ჩამოყალიბებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, ხოლო თვითონ გიორგაძე რუსეთში გაიქცა.

„სამი წლის წინ ჩვენ ლეგიტიმური ხელისუფლება არც გვქონდა. გვქონდა სახელმწიფო საბჭო, მაგრამ სახელმწიფო არ გვქონდა. დღეს სახელმწიფო, ასე თუ ისე, გვაქვს. მართალია, ის სრულყოფას მოითხოვს, მაგრამ ლეგიტიმური ხელისუფლება და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო ფაქტობრივად არსებობს. სამი წლის წინ ჩვენ გვქონდა მხოლოდ კანონი ხელისუფლების შესახებ, დღეს გვაქვს დემოკრატიული კონსტიტუცია“, - ედუარდ შევარდნაძე, 1995 წლის 2 ნოემბერი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა პრეზიდენტობის შემდეგი კანდიდატები:

ედუარდ შევარდნაძე - საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი, 1993-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს სახელმწიფოს მეთაური
ჯუმბერ პატიაშვილი - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი (1985-1989).
აკაკი ბაქრაძე - კრიტიკოსი და ხელოვნებათმცოდნე, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი
პანტელეიმონ გიორგაძე - საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1993-2009)
ქართლოს ღარიბაშვილი - საქართველოს მეორე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი
როინ ლიპარტელიანი - საქართველოს მეორე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი

არჩევნების შედეგები:
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 3 106 557; არჩევნების მონაწილეთა რაოდენობა - 2 139 369 (68%)

ედუარდ შევარდნაძე - 74%

ჯუმბერ პატიაშვილი - 19,6%

აკაკი ბაქრაძე -1,5%

პანტელეიმონ გიორგაძე - 0,5%

ქართლოს ღარიბაშვილი - 0,47%

როინ ლიპარტელიანი - 0,37%

არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში, 11 ნოემბერს, ედუარდ შევარდნაძემ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა შს მინისტრი შოთა კვირაია, შევარდნაძის ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი დასაყრდენი როგორც კრიმინალებთან, ასევე პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლაში.

„საჭიროა, რომ თითოეული ჩვენგანი ფხიზლად ვიყოთ, ფხიზლად იყოს მთელი მოსახლეობა: ეს ის ძალებია, პარლამენტში რომ შეეღწია, ქვეყნის ნგრევას შიგნიდან დაიწყებდნენ. ახლა კი კვლავ ქუჩით იმუქრებიან. 29 აგვისტოსაც და არჩევნების დღესაც აშკარად გამოვლინდა ვის და რომელ ძალებს უჭერს მხარს მოსახლეობა, ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც გზებითა და საშუალებებით ქვეყანა ახალი ქაოსისა და დესტაბილიზაციისაკენ წაიყვანონ, არის არა მარტო უპასუხისმგებლობა, არამედ დანაშაული: მე ვთხოვ გენერალურ პროკურორს და, საერთოდ, იურისტებს, მისცენ ამ მოვლენას მკაცრი შეფასება კანონის ენაზე“ - ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს მე-2 პრეზიდენტი

 

შევარდნაძის მეორე ვადა (2000-2003)
„ღირსეული ბევრია, არჩევანი - ერთი!“
2000 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე, 1999 წ. 31 ოქტომბერს გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა, თვალსაჩინო გახადა პოლიტიკური კრიზისი. მმართველმა პარტიამ, „მოქალაქეთა კავშირმა“, კრიმინოგენური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად კი გააუმჯობესა, მაგრამ კორუფციაში ჩაძირულმა ხელისუფლებამ ვერც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები გადაჭრა და ვერც ენერგოკრიზისი დაძლია.

„ღირსეული ბევრია, არჩევანი - ერთი!“ - ასეთი იყო შევარდნაძის მთავარი საარჩევნო ლოზუნგი, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მას ხშირად უწევდა თავის მართლება.

ედუარდ შევარდნაძემ საარჩევნო კამპანია 8 თებერვალს გელათიდან, დავით აღმაშენებლის საფლავიდან დაიწყო და 8 აპრილს, საგურამოში, ილიას მუზეუმში დაასრულა.

„ჩვენ მივდივართ ჩვენი დიდი წინაპრების - ფარნავაზის, ვახტანგ გორგასლის, დიდი დავით აღმაშენებლის, დიდი თამარის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდი ილიას გზით. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი თავისუფლების, ჩვენი ძლიერი, სისხლსავსე სახელმწიფოს გზა“.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ექვსი კანდიდატი:

ედუარდ შევარდნაძე - საქართველოს პრეზიდენტი

ჯუმბერ პატიაშვილი - 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შევარდნაძის მთავარი კონკურენტი ხმების 19%-ით.

ავთანდილ ჯოგლიძე

თენგიზ ასანიძე

ქართლოს ღარიბაშვილი

ვაჟა ჟღენტი

2000 წლის 9 აპრილის არჩევნებს მარტო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ 1900-მდე მეთვალყურე აკვირდებოდა.

შედეგები
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 3 088 925. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 75,8%-მა (2,343,176) .

ედუარდ შევარდნაძე - 79,8%
ჯუმბერ პატიაშვილი - 16,7%
ქართლოს ღარიბაშვილი - 0,3%
ავთანდილ ჯოგლიძე - 0,3%
ვაჟა ჟღენტი - 0,3%
თენგიზ ასანიძე - 0,1%

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს გაიმართა, ხოლო ინაუგურაცია 30 აპრილს - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. შევარდნაძის ოპონენტების ნაწილმა ამგვარი „დამთხვევის“ უკან ხელისუფლების პოლიტტექნოლოგების უჩინარი ხელი დაინახა.

„შემთხვევით არაფერი ხდება“, - სწორედ ამ დამთხვევებზე გაამახვილა ყურადღება ილია II-მ სვეტიცხოველში, სადაც მცხეთა-თბილისის სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის დალოცვის საზეიმო პარაკლისი გადაიხადა.

საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ ერის გამთლიანება მისი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნებოდა.

30 აპრილს, ინაუგურაციის დღეს საზეიმო ცერემონიის სტუმრებს შორის იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი თავის ვაჟიშვილთან, პატარა ედუარდთან ერთად. შევარდნაძე საგანგებოდ შეჩერდა თავის პატარა სეხნიასთან და მას საქართველოს მომავალი პრეზიდენტობა უწინასწარმეტყველა. ედუარდის მამა, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის შემდეგ თავად გახდა საქართველოს პრეზიდენტი.

III პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი
"იმისთვის, რომ საქართველო ათჯერ უკეთესი გახდეს“,
სააკაშვილის პირველი ვადა (2004-2008)
2004 წლის 4 იანვარს გაიმართა საქართველოში პირველი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც წინ უსწრებდა „ვარდების რევოლუციის“ შედეგად, 2003 წ. 23 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა.

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლის შედეგად თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტი შევარდნაძე. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელმაც კონსტიტუციით დადგენილ ვადაში, 45 დღეში დანიშნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები.

4 იანვრის საარჩევნო კამპანია უკიდურესად პასიური და მოვლენებით ღარიბი იყო. პარტიებს, რომლებიც არ უჭერდნენ მხარს ვარდების რევოლუციას, ან დისტანცირებულნი იყვნენ მისგან (ახალი მემარჯვენეები, ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული აღორძინების კავშირი), არ წარუდგენიათ საპრეზიდენტო კანდიდატები. საარჩევნო კამპანიის უდავო ლიდერი მიხეილ სააკაშვილიც ძირითადად ფოკუსირებული იყო ხმის მიცემაში ფართო მონაწილეობის წახალისებაზე. საარჩევნო კამპანია ყველა რეგიონში მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც მმართველი ასლან აბაშიძე 28 დეკემბრამდე აცხადებდა, რომ არ დაუშვებდა არჩევნების ჩატარებას. აბაშიძემ აჭარის ტერიტორიაზე უკანონოდ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 3 იანვრამდე მოქმედებდა.

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 6 კანდიდატი მონაწილეობდა:

მიხეილ სააკაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
როინ ლიპარტელიანი - „დავით აღმაშენებლის პარტიის“ თავმჯდომარე
ქართლოს ღარიბაშვილი - ადვოკატთა პარტიის თავმჯდომარე
ზურაბ ქელეხსაშვილი - პოლიტიკური ორგანიზაცია „მძლეველის“ კანდიდატი
თეიმურაზ შაშიაშვილი - შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ეკავა იმერეთის მხარის გუბერნატორის პოსტი
ზაზა სიხარულიძე - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია

4 იანვრის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს მისცეს ხმა ილია მეორემ და მეორე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

შედეგები
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 231 986 არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 963 556 (88 %)

მიხეილ სააკაშვილი - 96,2% (1,890,739)
თეიმურაზ შაშიაშვილი - 1,9% (36,716)
როინ ლიპარტელიანი - 0,3%
ზაზა სიხარულიძე - 0,2%
ქართლოს ღარიბაშვილი - 0,2%
ზურაბ ქელეხსაშვილი - 0,1%

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.