ელისაშვილს პატიმრობა 4 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალეს და გაათავისუფლეს

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს დღეს მიმართა. ალეკო ელისაშვილს ივანიშვილის სასამართლომ 4 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

ალეკო ელისაშვილს წინასწარი პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდეს. ის  „ქორთიად მარიოტთან“ 4 დეკემბერს დააკავეს.

ივანიშვილის შსს ელისაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ივანიშვილის შსს ელისაშვილს "ოცნების" წევრ ალი ბაბაევზე თავდასხმას ედავება.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული სხვა აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს. მოსამართლემ  ცოტა ხნის წინ, 2 000 ლარით დააჯარიმა "დროას" წევრი, ნიკო ქვაცაბია.