ნორვეგია უკრაინის საზღვაო თავდაცვის გასაძლიერებლად 242 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ განაცხადა. აღნიშნული თანხა რუსული ფლოტის მიერ უკრაინელ ხალხზე თავდასხმებისგან დაცვას, განაღმვით ოპერაციებსა და უკრაინელი სამხედროების მომზადებას მოხმარდება.
როგორც ნორვეგიის პრემიერმა აღნიშნა, უკრაინას ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება შავ ზღვაში რუსული საზღვაო ძალების შესასუსტებლად. მისივე განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია უკრაინული მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების ექსპორტის დაცვა.
გასული თვის მიწურულს ნორვეგიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2025 წლისთვის უკრაინის დახმარების 35 მილიარდ ნორვეგიულ კრონამდე გაზრდას. ნორვეგია მომდევნო წელს ასევე შეუერთდება უკრაინელი პილოტებისა და ტექნიკოსების გადამზადების პროგრამას, რომელიც პორტუგალიის ტერიტორიაზე წარიმართება.