"ლიეტუვისა და ესტონეთის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით იყო მარტივი პროვოკაცია" - ირაკლი კობახიძე

ლიეტუვისა და ესტონეთის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორც ლიეტუველი, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ და ამ ფონზე საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომა უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო.

 

“ეს იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორც ლიეტუველი, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ და ამ ფონზე განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ სწორედ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების ხელით ეწყობა ასეთი პროვოკაციები. ჩვენ პროვოკაციებს არ ავყვებით და გვექნება პრაგმატული რეაქცია ნებისმიერი ასეთ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს  ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო.  ზოგადად მიუღებელია ის, რომ ორი სახელმწიფო მოქმედებს არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე დაკვეთით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ქართული საზოგადოება არის უფრო გამოცდილი და საზოგადოების თანადგომით ხელისუფლებამ შეძლო  საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების თავიდან აცილება.

 

„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, მნიშვნელოვანი გაფრთხილება. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი  იმისათვის, რომ საქართველოში არ განხორციელებულიყო ის სცენარი, რომელიც განხორციელდა უკრაინაში. ყველაფერი დაიწყო 2013 წელს მაიდნით, ამას მოჰყვა მაიდნის დასრულებისთანავე რამდენიმე დღეში პირველი ომი, მოგვიანებით ამას მოჰყვა მეორე ომი და დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა არის განადგურებული, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი არის ქვეყნიდან გასული ან ქვეყნის შიგნით არის დევნილად ქცეული. დაღუპულია ასი ათასობით უკრაინელი. ეს ყველაფერი მოუტანა სწორედ იმან უკრაინას, რომ სათანადო სიფრთხილე ვერ გამოიჩინა მაშინ საზოგადოებამ. ქართული საზოგადოება არის უფრო გამოცდილი და შესაბამისად, სწორედ ქართული საზოგადოების თანადგომით ჩვენ შევძელით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების თავიდან აცილება და პირველ რიგში შევძელით ჩვენი ქვეყნისთვის ომის თავიდან აცილება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო ჯამში ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების პოზიციები შეიცვლება.

“ერთადერთი ნეგატიური, რაც უდევთ მაგიდაზე, არის დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღება, ისიც გარკვეული ვადის შემდეგ. რა თქმა უნდა, ესეც არის უკიდურესად არამეგობრული, ანტიქართული ნაბიჯი. იმედია, რომ საბოლოო ჯამში შეიცვლება ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების პოზიციები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში, დანარჩენს დაველოდოთ“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია და ობიექტური. 

„ეს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან ერთად არის ობიექტური, რაც ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ქვეყნებს შორის არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ვისარგებლებ შემთხვევით და გრიგოლ ლილუაშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო წარმატებული ხელმძღვანელობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.