ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ანტიქართული ნაბიჯია - ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით,  ასეთი გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან.

„მინდა გამოვეხმაურო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც გასცა საბჭომ, უკავშირდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის პროცედურის შემოღების დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, ის უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში.

ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან, რაც არის სერიოზული პრობლემა.

თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ევროკავშირის მიერ ევრობარომეტრის კვლევა, რომლის თანახმადაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა საქართველოში არის შემცირებული 6%-ით. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები ამცირებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯაროდ გახდა ცნობილი 5 ქვეყნის თაობაზე, თუმცა საბჭოს შემდეგ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრები აკეთებდნენ სანქციების საწინააღმდეგო განცხადებებს ბრიფინგებზე, თუ ინტერვიუების დროს.

„შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ,  კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ხუთმა ქვეყანამ ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები, ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები, შესაბამისად, შეუძლიათ, უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით,  შესაბამისად, ეს არის სიმბოლური აქტი და არავითარი  რეალური პრივილეგიების გაუქმება ამით არ ხდება.

 

„თვითონ ევროპელებიც აღნიშნავდნენ თავიანთ კომენტარებში, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა არის არსებითად სიმბოლური დატვირთვის მატარებელი. ჯერ ეს აქტი გამოიცემა თუ არა, ესეც გარკვეული არ არის, იმიტომ, რომ ტექნიკურ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული ამ შეზღუდვის შემოღება. მაგრამ ასეც და ისეც, თავადვე აცხადებენ, რომ ეს არის სიმბოლური ჟესტი და პრაქტიკული დატვირთვა მაინცდამაინც არ ექნება. გარდა ამისა, ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები, პოლიტიკოსები იქნებიან ისინი, თუ ელჩები, მათ ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები, შესაბამისად, შეუძლიათ, უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში. ესეც დაადასტურებს თვითონ ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ჩინოვნიკებმა. შესაბამისად, ეს არის სიმბოლური აქტი, არავითარი  რეალური პრივილეგიების გაუქმება ამით არ ხდება, არის უბრალოდ, პოლიტიკური ჟესტი და მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება. როდესაც ელჩებთან დაკავშირებით მიდის ასეთი საუბარი, იცით, რომ ელჩი არის ზოგადად, ხელშეუხებელი, ომის დროსაც კი და როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ ჩვენს ელჩებს დაუწესოს სავიზო შეზღუდვები, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, ეს არის ელემენტარული პრინციპების დარღვევა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არის ჩამოყალიბებული. აქედან გამომდინარე, თავადაც არ არიან ბოლომდე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ამ გადაწყვეტილებებში, ვისზე შეიძლება გავრცელდეს, როგორ შეიძლება გავრცელდეს, უნდა გავრცელდეს თუ არა საერთოდ. ამიტომ, მათ დაიწყეს საუბარი პროცედურების წამოწყებაზე. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. ასეც და ისეც, ეს ყველაფერი არის სიმბოლური აქტი, არავითარი პრაქტიკული დატვირთვა ამას არ აქვს, არის უბრალოდ, სამწუხარო, პოლიტიკური, ანტიქართული გადაწყვეტილება.  ეს არის მარტივი პროვოკაცია, რომლის მიზანია მეორე მხარე წამოეგოს პროვოკაციას. ჩვენ, ისევე, როგორც ლიეტუვისა და ესტონეთის შემთხვევაში, არ ვაპირებთ ასეთ მარტივ ხრიკებზე და პროვოკაციებზე წამოგებას, ჩვენ გვექნება აბსოლუტურად პრაგმატული პოლიტიკა, “ - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, საქართველოში არის განსხვავებული ვითარება გერმანიისა და საფრანგეთისგან განსხვავებით, სადაც კრიზისია.

„სწორედ ამას ვერ ეგუებიან კონკრეტული ჩინოვნიკები ევროკავშირში. სწორედ სტაბილურობა არის ის, რაც მათ ასე ძალიან აღიზიანებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, საქართველოში არის განსხვავებული ვითარება გერმანიისა და საფრანგეთისგან განსხვავებით, სადაც კრიზისია.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ესხმიან ოპონენტები თავს იმ ქვეყნებს, რომელთაც დაბლოკეს გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პრემიერი აღნიშნავს, რომ ოპონენტებს აღიზიანებთ ყველაფერი, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს. 

„შესაბამისად, ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, ყველა პოლიტიკოსს, რომელიც იცავს სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებს. პირდაპირ არის მათი ინტერესები წინააღმდეგობაში ქართველი ხალხის ინტერესებთან.  აქედან გამომდინარე, ეს თავდასხმები, რასაც ჩვენ ვხედავთ კონკრეტული ევროპული ქვეყნების მიმართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, არის აბსოლუტურად ლოგიკური. მათ აღიზიანებთ ყველაფერი, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით,  ეს მცდელობა და შანტაჟი გრძელდება სამი წლის განმავლობაში და ეს შანტაჟი და ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა სამი წლის თავზე აუცილებლად უნდა დასრულდეს.

 

„ევროპა, ევროკავშირი კონკრეტულად  დღეს დგას ძალიან რთული გამოწვევების წინაშე. ხედავთ, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში, არის პოლიტიკური კრიზისი, არაერთ ქვეყანაში, ევროკავშირის მასშტაბით, კრიზისია ევროკავშირის ორ  წამყვან ქვეყანაში - საფრანგეთში და გერმანიაში. ჯერ მაკრონის, შემდეგ შოლცის მთავრობებს გამოუცხადეს უნდობლობა შესაბამისი ქვეყნების პარლამენტებმა. არის ქვეყნები, სადაც ძალიან მყიფე კოალიციებია შექმნილი, სადაც გამარჯვებული პარტიები ვერ ახერხებენ მთავრობის ფორმირებას, არის უმძიმესი მდგომარეობა უკრაინაში და სირიაში, რაც არის ევროკავშირის პრობლემაც და არის ეკონომიკური სტაგნაცია მთელი ევროკავშირის მასშტაბით, ზოგიერთ შემთხვევაში რეცესიასთან, ანუ ეკონომიკურ შემცირებასთანაც კი გვაქვს საქმე.

 

ასეთ დროს, როდესაც კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები საქართველოს შანტაჟისთვის იცლიან და უკვე ჩავარდნილი მაიდნის მხარდაჭერას ცდილობენ, ეს არის გაუგებარი. თუმცა, გამოჩნდა, რომ ამ შანტაჟს არავითარი ძალა არ აქვს, რასაც ჩვენს მიერ 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამაც შეუწყო ხელი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან, დასრულდება ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა. ეს მცდელობა და შანტაჟი გრძელდება სამი წლის განმავლობაში და ეს შანტაჟი და ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა სამი წლის თავზე აუცილებლად უნდა დასრულდეს. ეს არის მნიშვნელოვანი მათ შორის იმისათვის, რომ აღდგეს ქართული საზოგადოების თვალში დაკარგული ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ“,  - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებამ უზრუნველყო ამ ყველაფრის პრევენცია.

„საბოლოო ჯამში შანტაჟის რესურსი მთლიანად გამოვაცალეთ იმ ძალებს, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ და ეს არის ის სურათი, რომელიც მივიღეთ საბჭოს სხდომის შემდეგ. შანტაჟი იყო მოაზრებული სწორედ ამ დღეებისთვის, კულმინაცია უნდა ყოფილიყო გუშინდელი სხდომა და 19 დეკემბრის ევროპული საბჭოს სხდომა, თუმცა პრევენციამ სწორად იმუშავა და საბოლოო ჯამში ვერ განვითარდა საბჭოს შემდეგ ისეთ პროცესები, რომლებიც არ შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაური ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხების მიზნობრიობის ცვლილებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და ეს მორიგ ანტიქართულ ნაბიჯად შეაფასა.

„ეს განცხადება პირველად არ მოვისმინეთ. როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, შინაარსი გასაგებია - ქართველი ხალხის მაგივრად ეს თანხები უნდა მოხმარდეს იმ ძალებს, რომლებიც უპირისპირდებიან ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ნებას. ეს არ არის სწორი ნაბიჯი, ეს მორიგი ანტიქართული ნაბიჯია, თუმცა ამით ჩვენს ქვეყანას ვერავინ დააზიანებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.