ახლა, როდესაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა, მაიდანი ჩავარდა, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ეს ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება არის შესაძლებელი მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით.
„ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია ჩვენს წინაშე. ეს არის, მათ შორის, პირველ რიგში, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება ჩვენს ქვეყანაში. ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება არის შესაძლებელი მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, გავმართოთ ნებისმიერ ფორმატში საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ე.წ პერფორმანსები სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციის აქციებია.
„ეს არ არის ახალი ხილი. ზუსტად იგივე სცენარი ვითარდებოდა უკრაინული „მაიდნის“ და სხვა რევოლუციური პროცესების დროს. ეს არის ერთგვარი შაბლონები, რომლებითაც მუშაობენ კონკრეტული გარე ძალები და ამ შემთხვევაში ეს შაბლონი მისცეს ქართულ რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა იმდენად გაცვეთილია ყველა ეს ინსტრუმენტი, რომ შეუძლებელია, რაიმე ეფექტი ამ ყველაფერმა მოიტანოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, სწორედ ასეთი ფაქტების გამო უნდოდა ხელისუფლებას თავის დროზე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება.
„როდესაც პირდაპირი ფორმით ხდება მაიდნის მხარდაჭერა უცხოური დაფინანსებით, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. სწორედ ასეთი ფაქტების გამო გვინდოდა ჩვენ თავის დროზე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში, მივიღეთ. მთავარი მიზეზი, რატომაც უპირისპირდებოდნენ გამჭვირვალობის კანონს, იყო სწორედ ეს - ვიღაცებს უნდოდათ, რომ დაფარული ფულით დაეფინანსებინათ რევოლუციები ამ ქვეყანაში და აერიათ ქვეყანა, რაც შემაშფოთებელია, მაგრამ მთავარია ის, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ არ დაუშვა ამ ქვეყანაში არც მაიდანი და არც რევოლუცია“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის შეფასებით, ასეთი პიარი რუსეთს არცერთი პოლიტიკური ძალისგან არ აქვს, როგორიც აქვს საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან.
„ეს არის პიარკამპანია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია რეალურად აწარმოებს რუსეთის სასარგებლოდ. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი არის შესული ყველგან და ყველაფერში, არა მარტო საქართველოში, არამედ უკვე ევროკავშირშიც შევიდა ღრმად. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სასოწარკვეთილია დღეს ოპოზიცია და აღარ იციან რას მოეჭიდონ. სწორედ ამას უკავშირდება ის თავდასხმა, რომელსაც ეს ადამიანები ახორციელებენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 4 წლის წინ ზუსტად იგივე სცენარი განვითარდა, 2 წელი ლაპარაკობდნენ, რომ აუცილებლად შედგებოდა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა როგორც შედგა რიგგარეშე არჩევნები, ყველამ კარგად დაინახა.
რაც შეეხება „გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ შესახებ კანონებს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ კანონებზე დიალოგის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„თუ დიალოგია საჭირო, მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერთან, მათ შორის საზოგადოების წარმომადგენლებთან და მათ შორის უცხოელ პოლიტიკოსებთან თუ ჩინოვნიკებთან. ჩვენ გვჭირდება ამ კანონების განხილვა. ამას ვითხოვდით „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. ელჩებს ვთხოვეთ, საზოგადოების წარმომადგენლებს, ყველას ვთხოვეთ, რომ საჯარო თუ არასაჯარო ფორმატში დავმსხდარიყავით, გაგვერჩია კანონი, რა ჰქონდა ცუდი გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ყველა გაექცა ამ დისკუსიას. რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში ყველაფერი კარგად იცოდნენ ამ კანონთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც წერია ამ კანონში, რომ წელიწადში ერთხელ NGO-მ უნდა წარადგინოს თავისი ფინანსური დეკლარაცია. რატომ გაურბოდნენ საჯარო დისკუსიას? შეუძლებელია, დაამტკიცო, რომ ეს არის ცუდი, მაგრამ დაარქვეს „რუსული კანონი“, ორი სიტყვით მანიპულირებდნენ და სწორედ ამიტომ გაექცნენ საჯარო დისკუსიას. რაც შეეხება მეორე კანონს, რომელიც არის მიმართული ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, აქაც დაგვიმტკიცონ, კარგია თუ არა ის, რომ კაცი მიდის სამოქალაქო რეესტრში და უცებ შეუძლია, გადაკეთდეს ქალად. თუ ეს კარგია, კი ბატონო, დაგვიმტკიცონ, მზად ვართ ამ საჯარო დისკუსიისთვის. ან ნებისმიერი სხვა საკითხი გავარჩიოთ, რაც ამ კანონთან არის დაკავშირებული, რომ ვიღაცას შეუძლია, აუკრძალოს მაგალითად საჯარო მოხელეებს, როგორც ეს მოხდა ბლინკენის ადმინისტრაციაში, რომ გამოიყენოს ტერმინები - ქალი, კაცი. ეს ნორმალურია? ჯანსაღია? დაგვიმტკიცონ. თუ ეს ჯანსაღია, დაგვიმტკიცონ და კი ბატონო, შევცვლით ყველაფერს, მაგრამ ჯერ დისკუსია, ჯერ დაგვიმტკიცონ და შემდეგ ვისაუბროთ რაიმეს ცვლილებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.