ზოგისთვის ის ე.წ. პრეზიდენტია, ზოგისთვის - ლეგიტიმური. ასეა თუ ისე, ისიც ფაქტია, რომ საქართველოს პოლიტისტორიაში პირველად მოხდა, როცა საპრეზიდენტო (თუნდაც, არაპირდაპირი წესით) არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა. მოკლედ, მიხეილ ყაველაშვილი 200-ზე მეტმა ხმოსანმა პრეზიდენტად აირჩია, თუმცა თავისი უფლება-მოსილების შესრულებას რომ შეუდგეს, ინაუგურაციაა საჭირო, ესე იგი, 29 დეკემბრამდე, ქვეყნის მთავარსარდალი ისევ სალომე ზურაბიშვილია. რა იქნება 29-ის მერე? - იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები ელვისებურად ვითარდება, ამის პროგნოზირება რთულია. ამიტომ, ქართულ ინტერნეტმედიაში გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით, მიხეილ ყაველაშვილის ერთგვარ დოსიეს ანუ პორტრეტს გთავაზობთ.
***
ბოლო წლებამდე ანუ სანამ აქტიურ პოლიტიაში ჩაერთვებოდა, მიხეილ ყაველაშვილი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. პოლიტიკაში კი 2016 წელს ჩაერთო, როცა „ოცნების“ სიით, პარლამენტის წევრი გახდა.
მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც 1971 წლის 22 ივლისს დაიბადა, 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ერთი წლის შემდეგ კი, 1990 წლიდან, მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო და საქმე იქამდეც მივიდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გახდა.
პოლიტიკური საქმიანობა
2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“...