დამთავრებული ამბავია - პარლამენტი არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში - ირაკლი კობახიძე

რა ხარვეზებზეც არის საუბარი ეუთო-ოდირის დასკვნაში, შეგიძლიათ ამოიკითხოთ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ შემუშავებულ საარჩენო დასკვნაში, ამიტომ, არაფრის საფუძველი არ არსებობს, დამთავრებული ამბავია - პარლამენტი არის შემდგარი, მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE"-ში განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, დღეს ოპოზიციამ უკვე აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია, როცა მათ უარი არ განაცხადეს დაფინანსების მიღებაზე.

„რა ხარვეზებზეც არის საუბარი ეუთო-ოდირის დასკვნაში, შეგიძლიათ ამოიკითხოთ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ შემუშავებულ საარჩევნო დასკვნაში, ამიტომ, არაფრის საფუძველი არ არსებობს, დამთავრებული ამბავია - პარლამენტი არის შემდგარი, მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში. ყველაფერი არის დამთავრებული და ეს ესმით მათ ძალიან კარგად. 1000 კაცსაც ვეღარ კრებენ ყოველდღიურად. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ თებერვალში საქართველოს პარლამენტში. დღეს უკვე აღიარეს არჩევნების ლეგიტიმაცია, როცა უარი არ განაცხადეს დაფინანსების მიღებაზე. თუ არ აღიარებ შედეგებს, იმ შედეგების საფუძველზე როგორ იღებ დაფინანსებას? როცა უკვე ხელშესახებ სარგებელთან მოუწიათ შეხება, მაშინვე აღიარეს არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება “, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო არ არის 2013 წლის უკრაინა, ეს არის სახელმწიფო თავისი ძლიერი და მტკიცე ინსტიტუტებით. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქვეყანაში ძალადობისა და ვითარების ესკალაციის არავითარი შანსი აღარ არის.

„რაც მთავარია, ეს დალაგებული 500-კაციანი ძალადობრივი რესურსი განეიტრალებულია და როცა არ გაქვს ძალადობის რესურსიც და ხალხი არ გამოდის შეკრებებზე, ასეთ დროს არავითარი შანსი არ აქვთ, რაიმე ესკალაცია მოახდინონ. მე მაქვს მოლოდინი, რომ რადგან სხვა გზა არ აქვს ოპოზიციას, მათ ურჩევნიათ, შემოვიდნენ პარლამენტში. თებერვალში მე მგონია, ასე იქნება. პირველსავე სხდომაზე, შეიძლება გავსებული ვნახოთ სხდომათა დარბაზი. სხვა შემთხვევაში ისინი უბრალოდ ჩაიდენენ პოლიტიკურ თვითმკვლელობას. ვნახოთ, როგორ წავა ეს პროცესები. მთავარი, რაც უნდა გააცნობიეროს საზოგადოებამ, არის ეს, რომ არც ერთ გადაწყვეტილებას ეს ადამიანები, ამ ოთხი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არ იღებენ დამოუკიდებლად. ნული დამოუკიდებლობა. ესეც არის ერთ-ერთ მიზეზიც, რატომაც არიან მუდმივი თვითდაზიანების რეჟიმში. ყოველ ჯერზე ისინი ასრულებენ დავალებას და არც ერთ შემთხვევაში არ იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. ამიტომაც უწევთ ხშიარდ თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნა. ასივე პროცენტით, სრულად, მათი თითოეული ნაბიჯი ნაკარნახევი არის, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, საკუთარ ინტერესებსაც კი ვერ მიყვებიან. ერთადერთი, რასაც მიყვებიან, არის გარე დავალებები და მოქმედებენ მხოლოდ ამ დავალებების კარნახით, მეტი არაფერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეიძლება, პატრონებისთვის თავი გაწიროს სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ მას მოუწევს გაწიროს პირობითად 100 კაცი, რომელიც მასთან ერთად გამაგრდება ათონელის რეზიდენციაში. 

 

„მგონია, რომ გონივრულ, პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს. მთავარი მიზეზი, რატომაც ასე მგონია არის ის, რომ სასახლის არდატოვება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას არა მარტო თავად სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამაში იქნება ჩართული. შეიძლება, პატრონებისთვის თავი გაწიროს სალომე ზურაბიშვილმა და ხშირად მარტივად წირავენ ხოლმე საკუთარ აგენტებს ეს პატრონები, მაგრამ მას მოუწევს გაწიროს პირობითად 100 კაცი, რომელიც მასთან ერთად გამაგრდება ათონელის რეზიდენციაში. თუ დაავალეს, ყველაფერი შეიძლება, გააკეთოს. ერთადერთი ვერსია, როცა მე ვუშვებ ამის გაკეთებას სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, არის ის, რომ მას ძალიან ხისტად ავალებენ რეზიდენციაში დარჩენას, სხვა შემთხვევაში თავი გასწიროს ციხისთვის, თან მრავალწლიანი პატიმრობისთვის 72 წლის ქალმა, ან გაწიროს 100-150 ადამიანი მრავალწლიანი პატიმრობისთვის, ეს არ მგონია, მაინცდამაინც რეალური. დავალების პირობებშიც კი მგონია, რომ წინააღმდეგობის გაწევას შეეცდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პრემიერის თქმით, გამოძიება წარიმართება ყველა ფაქტთან დაკავშორებით.

“თავიდანვე დაიწყო გამოძიება. იყო დაახლოებით 500-კაციანი ორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფება, რომელიც ძალიან უხეში ფორმით მოქმედებდა და ყველანაირ მასალებს იყენებდა ამისათვის, უმძიმესი შეურაცხყოფა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ა.შ. ჩვენი მთავარი ამოცანა რა იყო, ერთი, რომ მძიმე განვითარება არ მოჰყოლოდა ამ ყველაფერს და მთავარი იყო, პირველ რიგში, მსხვერპლის თავიდან აცილება და მადლობა ღმერთს, ეს ძალიან ეწყინა “მაკკეინის ინსტიტუტს”, მაგრამ სწორედ ასე წარიმართა პროცესები. ჩვენ ასეთი მძიმე შედეგი ავიცილეთ თავიდან და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურება, თითოეული პოლიციელის და ხელმძღვანელობის დამსახურება. მეორე იყო, თუნდაც ისეთი შედეგის თავიდან აცილება, რაც ცალკეული ადამიანის ჯანმრთელობას დაატყობდა კვალს. თქვენ გახსოვთ, როგორ დასრულდა, მაგალითად  საქართველოში 2011 წლის შეკრების დარბევა, 4 კაცი მოკლეს პირდაპირ მშვიდობიან შეკრებაზე. ასევე მინდა შეგახსენოთ გახარიას გმირობა 2019 წელს, როდესაც 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, მათ შორის, ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. ასეთი იყო კონკრეტული ადამიანების, მერაბიშვილის, გახარიას პასუხი გარკვეულ აქციებზე, მიტინგებზე, მეორე შემთხვევაში იყო ძალადობრივი. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ მსხვერპლი აგვეცილებინა თავიდან და არა მარტო მსხვერპლი, არამედ ასეთი მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე აგვეცილებინა თავიდან. ეს მთავარი ამოცანა არის შესრულებული და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურება. რაც შეეხება ცალკეულ გადაცდომებს, მათ შორის, მძიმე ინცინდენტებს, რაც ძალიან უსიამოვნო იყო, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, ეს გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს, რომ როდესაც ერთ მხარეს გმობ, ასეთ ინცინდეტებს და ძალადობრივ ქმედებებს, ჯერ უნდა დაიწყო ინიციატორებით და უნდა დაგმო შესაბამისი ადამიანების ძალადობა. ორივე მიმართულებით ხომ სირცხვილია, რასაც ჩვენ ვისმენთ. ერთი, რომ სისტემური ძალადობა იყო, ეს არის სირცხვილი, სამარცხვინო ტყუილი, რასაც ამბობენ და მეორე ის, რომ მშვიდობიანი პროტესტი იყო, ესეც არის სამარცხვინო ტყუილი. ასეთ სამარცხვინო ტყუილს რომ ისმენენ ჩვენი მოქალაქეები დასავლური სივრციდან, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ აისახება დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციაზე. კიდევ ერთხელ მინდა გაგახსენოთ, თვითონ ევროკავშირისვე კვლევით, ბოლო 6 თვეში, ამ აქციებამდე და ამ აქციების მერეც იქნებოდა ეს ტენდენცია, 6%-ით არის დაკლებული ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ, ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ქართულ საზოგადოებაში. ასეთ სამარცხვინო განცხადებებს რომ ისმენენ ჩვენი თანამოქალაქეები, ეს აკნინებს ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას საზოგადოების თვალში. რატომ აკეთებენ ამას მე არ ვიცი, უფრო სწორად, ვიცი რატომაც აკეთებენ, მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ამოცანა, უნდოდათ ამ ქვეყნის უბედურებაში გახვევა, ამას ვერ მიაღწიეს, საუბარი მაქვს კონკრეტულ ბიუროკრატებზე, ჩინოვნიკებზე, პოლიტიკოსებზე, რომლებიც კონკრეტულ გავლენას მიყვებიან. ვერ მოახერხეს ეს და ახლა სამარცხვინო განცხადებებით ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ზიანი მიაყენონ ხელისუფლებას და ქვეყანას. წარუმატებელია მათი ეს მცდელობები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ლიბერალური ფაშიზმის და შესაბამისი პოლიტიკური რესურსის განეიტრალება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

 

„ლიბერალური ფაშიზმისგან საქართველოს გათავისუფლება არის ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა. გამოწვევა არის ნომერ პირველი და შესაბამისად, ამოცანაც არის ნომერ პირველი. ლიბერალურ ფაშიზმს აქვს კონკრეტული ინსტრუმენტები და ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ინსტრუმენტებს. როგორც ამერიკას აქვს თავისი დიფ სთეითი, რომელიც ანგრევდა მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს, ეს დონალდ ტრამპის სიტყვებიც არის, მან თქვა პირდაპირ, რომ თუ ამერიკა არ დაანგრევს დიფ სთეითს, დიფ სთეითი დაანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ოთხი წლის განმავლობაში დიფ სთეითი და ეს არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები ანგრევდა აშშ-ს და არა მარტო აშშ-ს. ნახეთ, რა დამართა მსოფლიოს დიფ სთეითის გავლენებმა. სრული დარღვევა სიმშვიდის და მშვიდობის, მსოფლიო მასშტაბით. ჩვენს გარშემო განსაკუთრებით - უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, სირია. უბედურება ხდება ყველგან, ჩვენს გარშემო. არაერთი ომი გადახდა არაერთ ქვეყანას ამ წლების განმავლობაში. ეკონომიკური პრობლემები. ევროკავშირში არის უმძიმესი ტენდენციები ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ყველაფერი მოიტანა არაფორმალურმა გავლენებმა და ე.წ დიფ სთეითმა. ჩვენ გვაქვს პატარა დიფ სთეითი საქართველოში და ჩვენთვისაც სწორედ ასეთივე პრინციპული ეროვნული ამოცანაა დიფ სთეითთან დაპირისპირება. ვგულისხმობ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელსაც აქვს თავისი ინსტრუმენტები ჩვენს ქვეყანაში. ანალიზი გვაქვს გაკეთებული. გამჭვირვალობის შესახებ კანონის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ფინანსური წყაროები გაგვეხადა გამჭვირვალე ამ არაფორმალური გავლენებისთვის და რევოლუციების გამუდმებული მცდელობისთვის. არის კონკრეტული ინსტრუმენტები და ამას უნდა დავუპირისპირდეთ. არის რესურსი, რომ ოთხი წლის თავზე განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდეთ. ჩვენ დიფ სთეითი უნდა მოვშალოთ, რასაც განასახიერებს ის ძალები, რომლებიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ მოიაზრება, სხვადასხვა განშტოებებით, სხვადასხვა ინსტრუმენტებით. ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რამ გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა. ამისათვის ლიბერალური ფაშიზმის განეიტრალება და შესაბამისი პოლიტიკური რესურსის განეიტრალება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ქვეყანა უნდა დამშვიდდეს, ეს არის ჩვენი ეროვნული გამოწვევა და ეროვნული ამოცანა. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება სხვა ამოცანების შესრულებასთან ერთად, როგორის არის დემოკრატიული სისტემის განმტკიცება, ეკონომიკური განვითარება და ა.შ.“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ოპონენტების აზრი, რომ 2025-ში ვითარება უფრო გამძაფრდება და ეკონომიკა წავა უკან, მხოლოდ მათი ოცნებებია, რომლებსაც ახდენა არ უწერია.

“მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ყველა კუთხით. ერთი, რომ ჩვენი სურვილია ურთიერთობების გადატვირთვა და ამის რესურსი არსებობს, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ მალე დასრულდება უკრაინაში ომი. ვფიქრობ, რომ წინ ვერაფერი დაუდგება ურთიერთობების გადატვირთვას და ჩვენ ამისთვის ვართ თავიდან ბოლომდე მზად.  რაც შეეხება ეკონომიკას, ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის 4 მცდელობა და ამის მიუხედავად ჩვენ 40 მილიარდით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა. პირველ ადგილზე გავედით ეკონომიკური ზრდით, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. აქ ველოდებით ჩვენ მეტ სიმშვიდესაც 2025 წელს და რა თქმა უნდა, ეს დამატებით ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტ სტიმულირებას ეკონომიკისთვის. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით 2025 წელი იქნება ძალიან კარგი, არანაკლებ კარგი, ვიდრე იყო წინა წლები ამ 4 წლის მანძილზე და ვფიქრობ, რომ დამატებით გაზრდაც შეგვიძლია ეკონომიკური ტემპების. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს, რომელიც არის უკვე დაწყებული, ან ძალიან მალე დაიწყება. ძალიან მასშტაბურ პროექტებზე ვმუშაობთ, ეს ეხება იგივე აეროპორტის პროექტს, საუნივერსიტეტო რეფორმას და ა.შ. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან სერიოზული ძვრები. 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადავა. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ამას, 4 წლის თავზე ქვეყანა იქნება განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე და დონეზე და მომავალი წელი იქნება ძალიან კარგი რესტარტი ამისთვის. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ბევრად უფრო რთული წლები გამოვიარეთ გასული 4 წლის მანძილზე. მშვიდობას აუცილებლად შევინარჩუნებთ, სიმშვიდეს შევინარჩუნებთ ჩვენს ქვეყანაში და ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ამისთვის კონკრეტული გეგმა გვაქვს გაწერილი ჩვენს სამთავრობო პროგრამაში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი თავიდან ბოლომდე პირნათლად შესრულდეს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.