"ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები" - ირაკლი კობახიძე

როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE"-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები.
"ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები დღეს, გვარამიას პარტიის გარდა სამივემ და გარდა ამისა, ვინც ვერ გადალახა ბარიერი, დამატებით 2-მა პარტიამ, ვისაც ეკუთვნოდა დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები. როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მათ რაიმე შედეგის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება.

 

„როგორც არჩევნებში მოგებას, ისე ქუჩაში წარმატებას სჭირდება ხალხის მხარდაჭერა. ხალხის მხარდაჭერა არ აქვს ოპოზიციას, ხედავთ, რომ ამ დღეებში საშუალოდ 1000 კაცამდე იკრიბება რუსთაველის გამზირზე, შესაბამისად, მათ არაფრის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება. დღეს მათ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე. სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაცმოძრაობამ“ „ლელომ“ და გახარიას პარტიამ, რითაც მათ აღიარეს არჩევნების შედეგები. ასეთი ნაბიჯები მომავალში გადაიდგმება და ისე მიდის საქმე, რომ შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, პროტესტი დაიწყო არა 28 ნოემბრიდან, არამედ, 26 ოქტომბრის შემდეგ.

„წლის ბოლომდე ველოდით ასეთი ტიპის მცდელობას ოპოზიციის მხრიდან, ოღონდ ცოტა გვიან იყო დაგეგმილი ამ პროცესების დაწყება. ამას უკავშირებდნენ 16 დეკემბერს, როცა ევროკომისიას, მინისტრთა საბჭოს ევროკავშირში უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოლაპარაკებების არგახსნასთან დაკავშირებით. ეს უნდა გამხდარიყო საბაბი იმისათვის, რომ მათ დაეწყოთ საპროტესტო აქციები და გადასულიყვნენ ძალადობაზე. შესაბამისად, 28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი. მათ ჰქონდათ წინასწარ უზრუნველყოფილი ძალადობისთვის ყველანაირი მასალები. გავასაჯაროვეთ სტატისტიკა, პიროტექნიკასთან დაკავშირებით. 1-დან 27 ნოემბრის ჩათვლით, 90%-ით იყო გაზრდილი პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი, რაც გასაგებია, რასაც ნიშნავდა. ისინი ემზადებოდნენ ასეთი ტიპის აგრესიისთვის, ძალადობისთვის. 28 ნოემბრის განცხადებამ მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესები.

 

პროტესტი დაიწყო არა 28 ნოემბრიდან, არამედ, 26 ოქტომბრის შემდეგ. როგორც კი წააგეს არჩევნები, მაშინვე დაიწყეს საპროტესტო აქციები. მათ დაგეგმილი ჰქონდათ, რომ გაეგრძელებინათ უწყვეტად ეს პროტესტი. ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ წელიწადში ერთხელ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა. წლევანდელი წელი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა, თუმცა ორივე მცდელობა ჩაუვარდათ. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ დიდი რესურსი მათ არ აქვთ“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ძლიერება გამოხატულია ხალხის რაოდენობით, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ფუჭია.

 

„ქუჩის პროტესტს აქვს სხვადასხვა დატვირთვა - როდესაც ქუჩაში გამოდის რეალურად 100 ათასი, 200 ათასი და 500 ათასი კაცი და როცა გამოდის 1000 კაცი, რაც დღეს მოხდა. 1000 კაციც არ იყო შეკრებილი დღეს რუსთაველის გამზირზე. ამას აქვს მნიშვნელობა. ოპოზიცია არის, თუ არ არის ძლიერად, ეს გამოხატულია პირველ რიგში ხალხის რაოდენობით. რესურსი აქვთ ნული. აქედან გამომდინარე, მათი საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე არის ფუჭი, როგორც იყო 4 წლის წინ. ოთხი წლის წინ ისინი იმუქრებოდნენ, ჰპირდებოდნენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები. ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ახლა სათავეში უდგას ამ ოთხ პოლიტიკურ პარტიას, საკუთარ მხარდამჭერებს ატყუებდა, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ჩატარდა არა რიგგარეშე, არამედ რიგიანი არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში. ასეთივე მორიგი სტანდარტული არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ანუ ცნობილია უკვე მომდევნო არჩევნების თარიღი, 4 წელიწადში იქნება არჩევნები. ყველას ვურჩევდი, აქედანვე დაიწყონ მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მანამდე, დაახლოებით 10 თვეში არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საბოლოო ჯამში ისეთ რამეს გაუკეთებენ საკუთარ თავს, რომ იქაც სრულ ფიასკოს განიცდიან, რაც კარგია. ჩვენთვის, როგორც მმართველი პარტიისთვის, ეს კარგია, არა მარტო სუბიექტურად, არამედ ქვეყნისთვის არის კარგი, რომ სუსტდება ეს რადიკალური ოპოზიცია.  რაც ნაკლებ მანდატს მიიღებენ საკრებულოებში მომავალ წელს, მით უკეთესი. რაც ნაკლებ მანდატს მიიღებენ შემდეგ უკვე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მით უკეთესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სუბიექტსა და ადამიანს დისკუსია არაერთხელ შესთავაზა და ეს შეთავაზება ძალაში რჩება.

„ახალგაზრდებზე გავაკეთე აქცენტი. შემდეგ გამოვიდა მაგალითად შოთა არველაძე, მან გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ ხელისუფლება არ ესაუბრებოდა საზოგადოებას. მას მივმართე, წამოეყვანა 10-12 კაცი, ვის კომპეტენციაშიც ან გულწრფელობაშიც იყო დარწმუნებული და აქაც ნახეთ გარიდება საჯარო დისკუსიისგან. ისევე ეშინიათ მათ დისკუსიის, როგორც ფილმებში ეშმაკს რომ ჯვარს აჩვენებენ და ისტერიკას უპირისპირებს, ასეთი რაღაც ემართებათ. რადიკალური ოპოზიცია და საჯარო დისკუსია ერთმანეთისგან აბსოლუტურად დაშორიშორებული ცნებებია. გულწრფელად ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს. მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ვინც არის რადიკალური ოპოზიციის თუნდაც რიგითი მხარდამჭერი, თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცის ის, რომ არ არის მართალი და რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს. სხვა მიზეზი და ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს გაქცევას შეთავაზებიდან საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ საჯარო დისკუსიას, ისინი გაურბიან. 2012 წლამდე იყო პირიქით, ხალხი ითხოვდა დალაპარაკებას ხელისუფლებისგან და ხელისუფლება იყო ჩაკეტილი. ჩვენ ვითხოვთ, ახლაც ვიმეორებ იგივე შეთავაზებას. 10-12 კაცი შეიკრიბოს, ვისაც აქვს პრეტენზია გულწრფელობაზე და ვისაც აქვს ინტერესი, რომ მიიღოს კითხვებზე პასუხი, მოვიდნენ, პირდაპირი ეთერის ფორმატში და გავმართოთ დისკუსია. დარწმუნებული ვარ, იგივე გაგრძელდება, რაც აქამდე იყო. გაურბიან დისკუსიას. ამას შეიძლება, ჰქონდეს ერთადერთი ლოგიკური ახსნა, მათ იციან, სად არის სიმართლე და ამიტომ ეშინიათ ასეთი დისკუსიის“,- განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლიბერალური ფაშიზმი ისეთივე ხელოვნურად დალაგებულია გარედან, როგორიც 100 წლის წინ იყო ბოლშევიზმი.

„რატომ იყო ქართველი ბოლშევიკი ზუსტად ისეთი, როგორიც იყო რუსი, ყაზახი ან ნებისმიერი რესპუბლიკის ბოლშევიკი. არ განსხვავდებოდა ქართველი ბოლშევიკი რუსი, ბელარუსი, ყაზახი, უკრაინელი თუ ნებისმიერი სხვა რესპუბლიკის წარმომადგენელი ბოლშევიკისგან. იდენტურები იყვნენ, იმიტომ, რომ ერთიანი დალაგებული იდეოლოგია იყო. როგორც შემოვიდა გარედან ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა ბოლშევიზმი და გაიდგა ფესვები, ასე ხდება დღესაც. გარე დაფინანსება გარე გავლენები, „დიფ სთეითის“ გავლენები და ასე ხდება ხელოვნურად ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება საქართველოში. ხშირად მომყავს ხოლმე სლოვაკეთის მაგალითი. ჩართეთ რობერტ ფიცოს 10-წუთიანი ვიდეო, რა მექანიზმებითაც მუშაობს სლოვაკეთში ლიბერალური ფაშიზმი, ზუსტად იგივე მექანიზმები მოქმედებს საქართველოშიც. ეს არის ქართლი კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა უკრაინაში „ხელოვნური ემოციების გამოწვევის შედეგად“ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„რა მოუტანა ამ ყველაფერმა უკრაინას? მაიდნამდე, 2013 წელს, უკრაინა იყო სახელმწიფო სუვერენიტეტით, ტერიტორიული მთლიანობით, ეკონომიკა ვითარდებოდა, თითქმის 200 მილიარდი იყო უკრაინის ეკონომიკა. სტანდარტული ტემპითაც რომ გაგრძელებულიყო განვითარება, მინიმუმ 400 მილიარდი დოლარი უნდა ყოფილიყო დღეს უკრაინის ეკონომიკა, შეიძლება ნახევარ ტრიოლიონსაც მიეღწია. დღეს უკრაინას დაკარგული აქვს ტერიტორიების 20%, ასეთ მძიმე ვითარებაში მთლიანობაში მორღვეულია სუვერენიტეტი, აქვს უმძიმესი ვითარება ეკონომიკის კუთხით, 400 მილიარდს ვინ ჩივის, 200-ზე ბევრად უფრო ნაკლებია დღეს ეკონომიკა. წარმოიდგინეთ, 2013 წლის შემდეგ ნომინალური ეკონომიკა არათუ ვერ გაიზარდა, პირიქით, მნიშვნელოვნად შემცირებულია. ინფრასტრუქტურა განადგურებულია, მათ შორის ენერგეტიკული თვალსაზრისით მთლიანად დაკარგა დამოუკიდებლობა, 20% არის ოკუპირებული და 100 ათასობით ადამიანი დაღუპულია, რაზეც პრეზიდენტი ტრამპიც საუბრობდა. ეს არის, რასაც იწვევს ხოლმე გარედან ხელოვნურად დალაგებული ემოციები. როგორი ხელოვნურიც იყო ემოციები მაიდნის დროს, ასეთივე ხელოვნური იყო საქართველოშიც. ეს არის კოორდინირებული მოქმედება, რისი მიზანიც არის ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიურად გავრცელება ქვეყანაში, მერე მიზანია ქვეყნის არევა, ხელისუფლების შეცვლა, აგენტურის დასმა და ამ აგენტურის დასმის შედეგები რაც არის სხვა ქვეყნებში, ვნახეთ. არ არის პრაქტიკულად შემთხვევა, რომ ასეთ მოვლენების შემდეგ მყისიერად ომში არ გახვეულიყო ქვეყანა“, - აღნიშნა პრემიერმა.