„რუსეთი საქართველოზე, რუმინეთსა და მოლდოვაზე თავის ახალ ჰიბრიდულ სტრატეგიას ტესტავს" - სალომე ზურაბიშვილი

პუტინი ცდის ახალ სტრატეგიას, არჩევნების გზით დაძლიოს დემოკრატიული ქვეყნები, ევროპული დემოკრატიული ქვეყნები კი ვერ ბედავენ თქვან, რომ არჩევნები მოიპარეს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტში (Rest Is Politics) სტუმრობისას განაცხადა:

„რუსეთი საქართველოზე, რუმინეთსა და მოლდოვაზე თავის ახალ ჰიბრიდულ სტრატეგიას ტესტავს. ესენი არიან შავი ზღვის პირას მდებარე ქვეყნები, უკრაინის გარდა, სადაც რუსეთმა ომში გამარჯვებასა და უკრაინის კონტროლს ვერ მიაღწია, მათ შორის შავი ზღვის სანაპიროს კონტროლს. ყირიმის ანექსიის შემდეგ, სავარაუდოდ, ეს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, შავი ზღვა ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის სტრატეგიისთვის. უცებ რუსეთი მივიდა იმ მოსაზრებამდე, რომ სამხედრო შეჭრა ძალიან ძვირი ჯდება, რასაც ის კარგად ვერ მართავს და ეს ჩანს უკრაინის მაგალითზე, სადაც ახლა რუსეთს სჭირდება ჩრდილოკორეელების დახმარება. რუსეთმა სირიაშიც ვერ შეძლო მართვა, ამდენად მათი სამხედრო სტრატეგია დღეს ცოტათი არამდგრადია. პუტინი ცდის ახალ სტრატეგიას, არჩევნების გზით დაძლიოს დემოკრატიული ქვეყნები. დემოკრატიაში გაქვს არჩევნები და ევროპული დემოკრატიული ქვეყნები ვერ ბედავენ თქვან, რომ არჩევნები მოიპარეს.

ახლა დროა, ჩვენი დემოკრატიული პარტნიორები ევროპაში, ბრიტანეთსა და აშშ-ში გაუმკლავდნენ ახალ რეალობას, რომ რუსეთი ცდილობს არჩევნების გზით გაიმარჯვოს დემოკრატიულ ქვეყნებზე, რომლებიც დაკავშირებულები არიან ევროკავშირთან კანდიდატის სტატუსით ან არიან ევროკავშირში. ეს მოხდა რუმინეთში, სადაც ბოლო მომენტში შეცვალეს, რადგანაც ამ ქვეყანას აქვს ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოში არ გვაქვს. პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა, ჩვენ არცერთი ინსტიტუტი არ გვაქვს დარჩენილი. ეს ყველა ინსტიტუტი სრულად არის მმართველ პარტიის ხელში. ესა პრობლემა, რომლის დგას დემოკრატიული ქვეყნების წინაშე, ჩვენი პარტნიორების წინაშე. ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს შემდეგ, არის ძალიან მკაფიო, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ დასკვნას არ აკეთებს. IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) ანგარიში კიდევ უფრო მკაფიოა, მაგრამ ისინიც არ აკეთებენ პოლიტიკურ დასკვნას. ეს დასკვნა მთავრობებმა უნდა გააკეთონ და რაღაც მიზეზით ისინი ვერ მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს ომია. მათ ამას უნდა შეხედონ, როგორც ომს და ზედმეტად ფრთხილად არ უნდა იყვნენ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების საკითხთან“