აშშ-მ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, - აცხადებს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი.

გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა. 

რადიო თავისუფლება იუწყება რომ შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წელს მიღებული 14024-ე განკარგულების საფუძველზე.

ეს არის განკარგულება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა რუსეთის ფედერაციის „საზიანო ქმედებების საპასუხოდ“.

მასში ხვდებიან ისინი, ვინც „ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს და ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში“.

ამ საფუძვლით დაწესებული სანქციები ეხება ამერიკულ დოლარში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასაც.

ბიძინა ივანიშვილის ქონება, - Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, - 2024 წლის ბოლოსთვის $7.5 მილიარდს აღწევს, რაც მისი ქონების რეკორდული მაჩვენებელია.