არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა“ და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო სასახლის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებებზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.
„არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა“ და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური. აქაც სერიოზული კომენტარის გაკეთება არის შეუძლებელი“, - აღნიშნა პრემიერმა.
ზეგ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და შემდეგი 5 წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაური ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 6 წლის წინ ზუსტად ასეთივე აქციას უწყობდნენ სალომე ზურაბიშვილს და ახლა სალომე ზურაბიშვილი ამ ხალხთან ერთად აწყობს აქციებს.
„სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ყველაზე სასაცილო მდგომარეობაში აქ არის თავად სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც მთელი რადიკალური ოპოზიცია. ამას არავითარი ფასი არ აქვს. 6 წლის წინაც მაშინდელი რადიკალური ოპოზიცია და იგივე ხალხია დღესაც, აწყობდა აქციებს, თუმცა საბოლოო ჯამში ჩატარდა ჩვეულებრივად ინაუგურაცია, დღესაც მოხდება რა თქმა უნდა, იგივე. ზეგ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და შემდეგი 5 წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას“,- განაცხადა პრემიერმა.