ბარათაშვილის ხიდზე ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთობაა - ამ წუთებში ევროპული მომავლის მცველები ცოცხალ ჯაჭვში დგებიან და სწორედ ამ ფორმით ხელისუფლების ანტიევროპულ პოლიტიკას აპროტესტებენ.
ერთობის ჯაჭვი დღეს მხოლოდ თბილისში ექვს-ნახევარ კილომეტრზე გადაიჭიმება. ხალხი მთელს მსოფლიოს უჩვენებს, რომ ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომელიც არ გამოხატავს ხალხის ნებას.
„ეს არის ერთიანობის, სიძლიერის, მთელი მსოფლიოსთვის განაცხადი, რომ საქართველო არ ეგუება, საქართველოს მოსახლეობაა რის ევროპული. ყველა ხიდი არის ძალიან ემოციური, ლამაზი და მნიშვნელოვანი. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ საქართველოს მოსახლეობა არის ევროპული, მშვიდობიანი, მებრძოლი და არ აპირებს რუსულ რეჟიმთან შეგუებას, ამის განაცხადია, მართლა 31-ე დღე არის ძალიან მძიმე ბრძოლის. ჩვენი ვალია ბოლომდე მივიყვანოთ ბრძოლა'', - ამბობს ელენე ხოშტარია.
თბილისში, მეტეხის ხიდი თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეებით არის გადავსებული - ადამიანები ადგილზე ხელიხელჩაკიდებულები დგანან და ცოცხალი ჯაჭვით დამოუკიდებელ პროტესტს გამოხატავენ.
მოქალაქეები, რომლებიც ამ წუთებში მეტეხის ხიდზე დგანან, გეგმავენ, რომ ერთობის ჯაჭვი მშვიდობის ხიდამდე გადაჭიმონ.
ამ წუთებში პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზაარბრიუკენის ხიდზე მივიდა - სავარაუდოა, რომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ერთობის ჯაჭვში ჩადგომას გეგმავს.
ცნობისთვის, დღეს საქართველოსთვის ერთობის ჯაჭვი გაკეთდება - 15:00 საათზე, ცოცხალი ჯაჭვი თბილისში, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქში გაკეთდება.
ცოცხალ ჯაჭვში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაებმებიან და ადამიანები ერთი იდეის გარშემო გაერთიანდებიან. მშვიდობიანი, მტკიცე პროტესტის ჯაჭვი დედაქალაქში მეტეხის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე გაკეთდება.
პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობის და მეტეხის ხიდებზე იქნება.