2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად - პრემიერი

საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტის შესაბამისად, ვაგრძელებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და დეოკუპაციის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, დიპლომატიური სამსახური აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ინტერესების დასაცავად.

 

„თითოეული თქვენგანის როლი საქართველოს ინტერესების წარმოჩენასა და დაცვაში განსაკუთრებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმართება ამბასადორიალი წლევანდელ წელს, გრძელდება ეს მნიშვნელოვანი ტრადიცია, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ შევაჯამოთ ქართული დიპლომატიის მიერ გაწეული საქმიანობა, მიღწევები და განვიხილოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები.

ჩვენი ქვეყანა თანამედროვე განვითარებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისკენ ისწრაფვის. ცხადია, ამ პროცესში საქართველოს სჭირდება საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება, საერთაშორისო მხარდაჭერა და ამ გზაზე თითოეული დიპლომატის როლი არის განსაკუთრებული.

 

საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტის შესაბამისად, ვაგრძელებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და დეოკუპაციის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკას. დიპლომატიური სამსახური აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ინტერესების დასაცავად. წელს აქტიურად წარიმართა არაღიარების პოლიტიკა, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ჩვენს საელჩოებს.

 

მთელი ამ 12 წლის განმავლობაში, არაღიარების პოლიტიკა ხორციელდება პრინციპულად, წარმატებით და თითოეულ შესაბამის ელჩს ამისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ, - განაცხადა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ეს თემა ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით.

 

„ამის გამოხატულება იყო შარშან, დეკემბერში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება. რა თქმა უნდა, ამ წარმატებაშიც ჩვენი დიპლომატების როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ განვაგრძობთ, რა თქმა უნდა, ყველა ვალდებულების შესრულებას. როგორც უკვე აღნიშნა, დღესაც ვაგრძელებთ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული  ვალდებულებების შესრულებას და 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 %-ზე მეტი გვექნება შესრულებული. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (DCFTA), აქაც ვგეგმავთ, 4 წელიწადში შევასრულოთ ვალდებულებების 90 %-ზე მეტი, რაც არის ბუნებრივია მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების მისაღწევად.

ჩვენ, ფართო რეგიონში, ვართ ლიდერი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით და ამ დამსახურებასაც სჭირდება შესაბამისი დაფასება. ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპით. საქართველო არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპაში არის ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების თვალსაზრისით და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, ესეც ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დღეისათვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უმეტესობა შესრულებულია და აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით.  2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აბსოლუტური ღიაობა, მზაობაა ურთიერთობების გადატვირთვისთვის და იმედია, ახალი ადმინისტრაციის პირობებში იქნება შემხვედრი ნაბიჯები. 

 

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთა, რისთვისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მთავრობის სხდომაზე გავაკეთე საგანგებო განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, სუფთა ფურცლიდან გადავტვირთოთ ურთიერთობები აშშ-სთან, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, თან ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით - არა ცარიელ ფურცელზე დატოვებული სტრატეგიული პარტნიორობით, არამედ ჩვენ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა, მზაობა ამისათვის და იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ვიხილავთ ქმედით, შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობას ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის, ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად. 

„საქართველო ტრადიციულად ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან როლს დაკავშირებადობის კუთხით. ჩვენ ისტორიულად ერთმანეთს ვაკავშირებდით ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩვენი ამ სტრატეგიული ფუნქციის აღდგენას, რისთვისაც ხელისუფლება ბევრ რამეს აკეთებს, მათ შორის, მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორცილდება ინფრასტრუქტურის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, პარალელურად საჭიროა დიპლომატიური აქტივობების განხორციელება იმისათვის, რომ  ხელი შევუწყოთ ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის მაქსიმალურად გაძლიერებას. ამ კუთხით, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი პროექტებია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და ანაკლიის პორტის პროექტები, რომელთა წარმატებისთვის ქართულმა დიპლომატიამაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესია ქართული დიასპორის როლი. 

„სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პირორიტეტია  დიასპორის გაძლიერება და უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, პროექტები, თუმცა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ დიასპორის ინტერესების კიდევ უფრო მეტად  გათვალისწინება და მათი ჩართულობა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებასა და განვითარებაში. 
მინდა თითოეულ თქვენგანს, ქართველ დიპლომატებს, საქართველოს მისიების ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს, გადაგიხადოთ უდიდესო მადლობა თქვენი ძალისხმევისა და პატრიოტიზმისათვის. პატრიოტიზმის გარეშე სახელმწიფოსთვის ვერცერთი საქმე სათანადოდ ვერ კეთდება. პირველია სიყვარული ქვეყნის, პატრიოტიზმი და პირველ რიგში, ამისთვის მინდა გადაგიხადოთ მადლობა, თქვენი დამოკიდებულებისთვის ქვეყნის მიმართ და თქვენი პროფესიონალიზმისთვის, რომლითაც აკეთებთ ყველა საქმეს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვასთან და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასთან. თქვენი პროფესიონალიზმი და ქვეყნის მიმართ ერთგულება ფასდაუდებელია. მჯერა, რომ 2025 წელს თქვენთან ერთად  ჩვენი ქვეყანა კიდევ დიდ წარმატებებს მიაღწევს საერთაშორისო ასპარეზზე. 
მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, დამდეგი შობა და გისურვოთ ყველას ბედნიერება, წარმატებები ახალ 2025 წელს. ბედნიერება თქვენ და თქვენს ოჯახებს“, -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ჩატარდა მორიგი არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს, შემდეგი არჩევნებიც ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული. 

„ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას, ეს იქნებოდა ჯანსაღი, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.