მეთიუ მილერის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ როგორია ქართველი ხალხის ნება, ქართველი ხალხის ნება არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების თაობაზე მეთიუ მილერის განცხადებას შეეხებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ხელისუფლებას დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ანიჭებს ქართველი ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.
„დემოკრატიულ სისტემას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არც დასავლეთი, არც სამხრეთი, არც აღმოსავლეთი და არც ჩრდილოეთი, ამ ქვეყანაში დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ხელისუფლებას ანიჭებს ქართველი ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ნებისმიერი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე არის საბოლოოდ განწირული.
„ოპოზიცია შევიდა მძიმე პროცესში. მათ სცადეს ხელისუფლების გადატრიალება, სცადეს ძალადობრივი რევოლუციის მოწყობა და ახლა აღარ იციან, როგორ გამოვიდნენ ამ დღის წესრიგიდან. მე ყველას ვურჩევდი, რომ გადაიაზრონ ყველაფერი. დასრულებულია ძალადობრივი გზით რევოლუციების მოწყობა და ყველა უნდა გადაერთოს ახლა სხვა დღის წესრიგზე. ეს არის ის დღის წესრიგი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს იქნებოდა ჩემი მოწოდება ყველას მიმართ. 29-ში, გუშინ საბოლოოდ გაფორმდა ოპოზიციის დამარცხება, როცა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ხელისუფლება თავისი ყველა განშტოებით და საბოლოოდ განმტკიცდა ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ნებისმიერი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე არის საბოლოოდ განწირული, იქნება ეს შიდა სუბიექტების თუ გარე სუბიექტების მიერ განხორციელებული თავდასხმები. ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ დემოკრატიას, ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. ეს არის ჩემი მოწოდება ყველას მიმართ, მათ შორის ოპოზიციის მიმართაც“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოქალაქე ზურაბიშვილი საერთოთ აღარ არის საინტერესო.
„დონალდ ტრამპს სალომე ზურაბიშვილი არსად არ მიუწვევია, არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია სალომე ზურაბიშვილი, მოქალაქე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ამერიკელი კუბილიუსი, ძალიან მარტივად შემიძლია გითხრათ.
ჩვენ არ ველოდებით ამერიკელი კუბილიუსისგან მოწვევას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად რადიკალური ოპოზიცია არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში და სააკაშვილის განცხადებაც არის ამის გამოძახილი.
„მე სააკაშვილს მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებდი. ცარიელი სიტყვებია მისი ყველა განცხადება, არავითარი ფასი და დატვირთვა ამ განცხადებებს არ აქვს. სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას აქვს უამრავი დანაშაული ჩადენილი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე, აქედან გამომდინარე, მის ადგილზე უფრო ფრთხილად მოვეკიდებოდი განცხადებების გაკეთებას. მიხეილ სააკაშვილი არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი. მე ყველას მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ თვითლიკვიდაციის რეჟიმიდან. რეალურად რადიკალური ოპოზიცია არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში და სააკაშვილის ეს განცხადებაც არის ამის გამოძახილი. მე პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ ეს თვითლიკვიდაციის რეჟიმი არის ქვეყნისთვის კარგი, რადიკალური ოპოზიციისთვის არის ცუდი შესაბამისად, მათი არჩევანია, რას გააკეთებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება პირბადეების აკრძალვას შეკრებებზე, პრემიერის თქმით, ნიღბის ტარების პირობებში ადამიანებს ჰქონდათ ცდუნება, ჩაედინათ დანაშაული, შესაბამისად, აღნიშნული კანონი არის პრევენციული ხასიათის.
„არც ერთი კანონი არ არის რეპრესიული, თითოეული კანონი ემსახურება სისტემის გაჯანსაღებას. რაც შეეხება პირბადეების აკრძალვას შეკრებებზე. სწორედ პირბადეები და სახის შენიღბვის საშუალებები გამოიყენებოდა ყველაზე აქტიურად დანაშაულების ჩასადენად. ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ, თავისთავად ჩანს, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ამასთან დაკავშირებით. არაფერი რეპრესიული ამაში არ არის. ჩვენი მიზანია დანაშაულის პრევენცია. მათ შორის შეკრების მონაწილეთა და კონტრშეკრების მონაწილეთა მხრიდან. ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ადამიანებმა ჩაიდინონ მეტი დანაშაული. ჩვენი სუბიექტური ინტერესია, ადამიანებმა არ ჩაიდინონ დანაშაული. სწორედ ნიღბის ტარების პირობებში ადამიანებს ჰქონდათ ცდუნება, ჩაედინათ დანაშაული, თქვენ იცით, რომ რადიკალური ოპოზიციის მოქმედებების შედეგად დღეს პატიმრობაშია 30 კაცი. ეს არის ბუნებრივია, მათი პასუხისმგებლობა. რომ ყოფილიყო წინასწარ ასეთი კანონი, ძალიან ბევრი ადამიანი თავს შეიკავებდა დანაშაულის ჩადენისგან. აქედან გამომდინარე, ეს კანონი არის არა რეპრესიული, არამედ პრევენციული. ყველა კანონი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტთან და რომელსაც ხელი მოეწერა, ემსახურება ერთადერთ რამეს - ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა, რისთვისაც გასულ წლებში ბევრი რამ გაკეთდა და მომავალშიც ბევრი გაკეთდება.
მისივე თქმით, ყველა მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება არის მნიშვნელოვანი.
„რეგიონული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი მექანიზმია „შუა დერეფანი“, მეზობელ ქვეყნებთან ერთად სტრატეგიული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში და მოხარული ვართ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან უკვე გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რაც არის მშვიდობის ხელშეწყობისთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა. „შუა დერეფნის“ როლის ზრდაზე დადებითად აისახება თანამშრომლობა აზიის რეგიონთან, როგორც მოგეხსენებათ, ვაძლიერებთ ჩვენს პარტნიორობას ჩინეთთან, შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ შეთანხმების საფუძველზე წელს უკვე გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რაც მათ შორის აისახა ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერებაზე, ორმხრივად, უვიზო რეჟიმის შემოღებასა და პირდაპირი ფრენების სიხშირის ზრდაზე. სხვა მიმართულებებითაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ინდოეთთან ღრმავდება ურთიერთობები, საელჩო გახსნა ინდოეთმა საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებისთვის. გრძელდება ურთიერთობები იაპონიასთან. კორეამ საქართველოში საელჩო გახსნა და დაასრულა მოლაპარაკებები "ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე". ესეც მნიშვნელოვანი საფუძველია თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების განვითარების თვალსაზრისით, ასევე ვაფართოებთ ჩვენს კავშირებს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან. ყველა მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, კომერციული გადმოსახედიდან „კრედიტ სუისს“-ს საერთოდ არ აწყობდა ამ დავის წარმოება, თუმცა ეს იყო წმინდა პოლიტიკური საკითხი, იყო პოლიტიკური გავლენა „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტზე და სწორედ, ამან განაპირობა ამ საქმის ასეთი სახით წარმართვა.
„ეს არის ყველაზე საინტერესო, ჩვენ რამდენიმე თვის წინ გვარწმუნებდნენ, რომ „კრედიტ სუისს“-თან დავა იყო წმინდა კომერციული დავა, ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან, როდესაც ჩვენ გვქონდა სრულიად განსხვავებული რწმენა და შეფასება, საბოლოო ჯამში, „კრედიტ სუისს“-ის საქმის პირდაპირ მოხსენიებამ სანქციების დოკუმენტში დაადასტურა, რომ სინამდვილეში „კრედიტ სუისს“-ის დავა იყო არა კომერციული დავა, არამედ ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი. ეს თემა აქტუალური გახდა, როგორც მოგეხსენებათ, 2008 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვის საქმე დაიწყო 2008 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, ამას არ აპატიეს აგენტთან კომუნიკაციის შეწყვეტა, ამის მერე იწყება ანგარიშის ძარცვის საქმე და გრძელდება ამდენი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის კომერციული დავა.
უფრო მეტიც, როდესაც „კრედიტ სუისს“-ი ამ დავით ბოლომდე ინადგურებს საკუთარ რეპუტაციას და ამ წლების განმავლობაში, 2008 წლიდან დღემდე, დაახლოებით 100-ჯერ არის გაუფასურებული „კრედიტ სუისს“-ის აქციები, ჩანს, რომ აქ არ არის კომერციული ინტერესი. პირიქით, კომერციული გადმოსახედიდან „კრედიტ სუისს“-ს საერთოდ არ აწყობდა ამ დავის წარმოება, თუმცა ეს იყო წმინდა პოლიტიკური საკითხი, იყო პოლიტიკური გავლენა „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტზე და სწორედ, ამან განაპირობა ამ საქმის ასეთი სახით წარმართვა. დღეს უკვე ეს საქმე პირდაპირი ჩანაწერით აისახა სანქციების დოკუმენტში, რითაც საბოლოოდ, უკვე ფორმალურადაც დადასტურდა, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა არა კომერციული, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები. დანარჩენზე საზოგადოება გამოიტანს დასკვნას,“- აღნიშნა პრემიერმა.