"გეშინოდეთ ჩვენი, ტირანებო!" - თეატრალების პროტესტი თბილისში

"გეშინოდეთ ჩვენი, ტირანებო!" - თეატრის დღეს თეატრალები ქუჩაში გამოვიდნენ. 75 წლის განმავლობაში პირველად პროფესიულ დღეს ხელოვანები პროტესტით ხვდებიან. ხელოვანები ფიქრობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორია ახლა სწორედ ქუჩაში იწერება. დღეს არც სპექტაკლი იქნება და არც ზეიმი. იქნება მხოლოდ პროტესტი.

 მსახიობები, რეჟისორები და მათთან ერთად, რა თქმა უნდა, მაყურებელიც, მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ ამ წუთებში მიდიან. შეკრების პირველი წერტილი კი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი იყო. მსახიობები გეგმავენ, საპროტესტო მსვლელობით ასევე რამდენიმე თეატრი შემოიარონ.

"სიმბოლურია, რომ ქართული თეატრის დღეს ვაპროტესტებთ ამ უმსგავსო სპექტაკლს, რომელსაც დგამს დღეს ჩვენი არალეგიტიმური მთავრობა. ვდგავართ მარჯანიშვილის თეატრის წინ, სადაც ყველა ჩემი წნაპარაი თამაშობდა და მათი სახელით ვარ აქ", - ამბობს მსახიობი ნატალია ყიფშიძე.   

"ახალი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმარი გამოუშით გარეთ! ტყუილად ნუ გიზით, გონზე მოდით!  ჩვენ არ შევალთ თეატრში, მაყურებელი არ დაბრუნდება, სანამ ჩვენი მეგობრები გარეთ არ გამოვლენ. უსამართლო ქვეყანაში ვერ ვოცხოვრებთ!",- ამბობს ირაკლი ჩხიკვაძე. 

"ეს პროტესტი აჩვენებს ქართული თეატრის ერთობას. ერთობას ამ მომენტში, როცა ჩვენ, პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 14 იანვარი, რომელიც არის ქართული თეატრის დღე, არასდროს არ აღნიშნულა ასე სახალხოდ. ეს იყო ყოველთვის მაყურებლის გარეშე. დღეს თეატრი დგას მაყურებლის გვერდზე. პრაქტიკულად, თეატრი აგრძელებს თავისი მთავარი ფუნქციების შერულებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ თეატრის შენობაში. ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს რაოდენობას, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარში, რაც გვინახავს. ასევე, თეატრი არის ყველაზე დიდხანს გაფიცული სფერო ამ პროტესტის მანძილზე," - ამბობს რეჟისორი დათა თავაძე. 

წყარო: tvpirveli.ge