აფხაზეთის ე.წ. ცესკო საარჩევნო უბანს თურქეთშიც გახსნის

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო უბანი თურქეთშიც გახსნას. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ე.წ. უბანი ქალაქ ადაფაზარში გაიხსნება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ე.წ. პრეზიდენტობა 5 პირს სურს. ერთ-ერთი მათგანი,ადგურ ხურხუმალი, ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს დაარეგისტრირა. სხვა ე.წ. კანდიდატები არიან: დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ბადრა გუნბა. ის ასლან ბჟანიას მემკვიდრედ მიიჩნევა; ადგურ არძინბა, რომელიც ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელია; ოლეგ ბარციცი, რომელსაც პრეზიდენტობა 2020 წელსაც სურდა, თუმცა მან აფხაზური ენის თავისუფლად ფლობის გამოცდა ვერ ჩააბარა, რის გამოც პროცესში მონაწილეობა ვერ მიიღო. ე.წ. პრეზიდენტობა კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, რობერტ არშბასაც სურს, რომელსაც მხარს ე.წ. ყოფილი პრემიერი, ალექსანდრ ანქვაბი უჭერს.