თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს ეს წარმატება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო დაკავშირებადობა და შუა დერეფნის პროექტი.
„პირისპირ შეხვედრისას ვისაუბრეთ დაკავშირებადობასა და შუა დერეფნის პროექტზე. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ და პარტნიორები არიან. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ ამ მიმართულებებით. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. ბუნებრივია, ამ პროექტში ჩვენ მჭიდრო კავშირი უნდა შევინარჩუნოთ სხვა ქვეყნებთან სამეზობლოში და ეს მოიცავს ფართო გეოგრაფიას. აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ამას და ვიცი, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ფართოვდება საქართველოშიც, ისევე როგორც აზერბაიჯანში. განსაკუთრებით ეს შეეხება გაციფროვნებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაციფროვნებას. ეს პარალელურად მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. ჩვენ ვართ ძლიერი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვა ქვეყნებსაც.
ჩვენ ბევრი რამის მიღწევა მოვახერხეთ, რასაც გაფართოებულ ფორმატში განვიხილავთ. აქვე მინდა დავამატო, რომ თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს თქვენი წარმატება, გისურვებთ მომდევნო წარმატებებს მომავალშიც,“- აღნიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
ილჰამ ალიევმა პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.
ორიოდე თვის წინ შეგხვდით ბაქოში და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ COP2029-ში მონაწილეობისთვის, რომელიც ბაქოში გაიმართა. ათი თვით ადრე თქვენ აზერბაიჯანში ბრძანდებოდით. ბოლო ათი თვის განმავლობაში მესამე ვიზიტია აზერბაიჯანში და ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან ღრმა და არსებითია ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.
ეს კონკრეტული ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, იმდენად, რამდენადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც საქართველოში გაიმართა, ეს თქვენი პირველი უცხოური ვიზიტია და ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოგილოცავთ გამარჯვებას „ქართულ ოცნებას“, პარტიას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ და გისურვებთ თქვენ და თქვენს მთელ გუნდს განახლებულ წარმატებას. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს და ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მისი თქმით ორ ქვეყანას შესანიშნავი შედეგები აქვს ასევე ეკონომიკურ ურთიერთობებში
„ჩვენი ერები მეგობრულად, კეთილმეზობლურად და ძმურად ცხოვრობენ საუკუნეებია და ეს განსაკუთრებული ურთიერთობები გრძელდება დღესაც. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება ყველა სფეროში. პოლიტიკური კავშირები შეიძლება იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ორი მეზობელი. ეკონომიკურ ურთიერთობებში შესანიშნავი შედეგები გვაქვს, აზერბაიჯანმა 3,6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდება განახორციელა საქართველოში და ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი მთავრობის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ძალიან პოზიტიურად აისახება საინვესტიციო გარემოზე თქვენს ქვეყანაში და იწვევს ინვესტორებს და შთაგონების წყარო ხდება თქვენს ქვეყანაში კაპიტალდაბანდებისთვის, მათ შორის, აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ილჰამ ალიევის თქმით, ეს ორივე ქვეყნის ინტერესებსა და მთელს რეგიონს ემსახურება.
„განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ის პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ ნავთობის და ბუნებრივი აირის მიმართულებით. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას ბევრი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოში ტრანზიტის წყალობით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 11 ქვეყანას მიეწოდება, ექსპორტი მზარდია, 25 მლრდ კუბური მეტრი იყო გასულ წელს მისი მოცულობა და 10% ექსპორტიდან საქართველოს წილია. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მივიღე საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარებაზე, 80% ამ აირიდან აზერბაიჯანიდან მოდის. ეს არის ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტი და განსაკუთრებული პროექტი. ეტაპობრივად, გეოგრაფია ჩვენი ბუნებრივი აირის ექსპორტის გაიზრდება, გაფართოვდება, როდესაც ახალი საბადოების ათვისება მოხდება მომდევნო წლებში. ახალი საბადოების აღმოჩენა მოხდება აზერბაიჯანში და ეტაპობრივად, ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ მწვანე ენერგიის პროექტზე ერთად და ესეც ცხადჰყოფს იმას, რომ ჩვენ პასუხისმგებლიანი მთავრობები ვართ იმდენად, რამდენადაც არსებობს ამის აუცილებლობა, ამ ტიპის ენერგიის აუცილებლობა ბაზარზე და იმ ინფორმაციი საფუძველზე, რომელიც დღეს მივიღე, მწვანე ენერგიის პროექტი წარმატებით ხორციელდება და ბევრი სხვა პროექტის მსგავსად, ეს პროექტიც წარმატებული იქნება უდავოდ. ამის დიდი შანსი არსებობს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.