შესაბამისი ძალები უზრუნველყოფენ იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული, წაიღოს თანხები ამ დანაშაულის შედეგად და შემდეგ ახარჯვინებენ ამ თანხებს პოლიტიკური მიზნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დანაშაულის დეტალებზე უნდა იმსჯელოს შესაბამისმა უწყებამ,
„შესაბამისი ძალები უზრუნველყოფენ იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული, წაიღოს თანხები ამ დანაშაულის შედეგად და შემდეგ ახარჯვინებენ ამ თანხებს პოლიტიკური მიზნებისთვის. თავად დანაშაულის დეტალებზე უნდა იმსჯელოს შესაბამისმა უწყებამ, სასამართლო ხელისუფლებამ, მაგრამ ზოგადად ხელწერა არის აბსოლუტურად ნათელი და გამოკვეთილი. ასეთი ხელწერით მოქმედებენ ისინი სხვა შემთხვევებშიც. თქვენ იცით, რომ იგივე კეზერაშვილის შემთხვევა, როდესაც მას მოაპარინეს ჯერ ფული ჩვენი ჯარის ხარჯზე, ბიზნესის ხარჯზე, შემდეგ ევროპელი პენსიონერების ხარჯზე, შემდეგ უკვე ამ მოპარულ ფულს ახარჯვინებენ პოლიტიკური მიზნებისათვის, ზუსტად იგივე ხელწერა იკვეთება ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებასთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია.
„ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც დავაინიცირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იმაზე, რომ არამარტო არამიზნობრივად იხარჯებოდა გარკვეული თანხები, რომლებიც შემოედინებოდა ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის გარედან, არამედ აქ საუბარი იყო ხშირ შემთხვევაში რევოლუციური პროცესების დაფინანსებაზე, რაც ხელის გულზე დევს. რეალურად თქვენ ნახეთ, რომ 3 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი მცდელობა, ოთხი ჩავარდნილი მცდელობა და ოთხივე შემთხვევაში იკვეთებოდა უცხოური, მათ შორის ამერიკული დაფინანსება. ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი.
გახსოვთ დისკუსია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო, მაშინ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთისგან არ ვარჩევდით რუსეთს და დასავლეთს. ჩვენ ვამბობდით მარტივ რამეს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ უპირისპირდება, საიდან უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს, თუ ამერიკული ფული გამოიყენება ქვეყანაში არასწორი პროცესების წარსამართად, აქაც უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი ეროვნული ინტერესები, ისევე როგორც რუსეთიდან რომ ხდებოდეს იგივე რამ. არავითარი განსხვავება არ არის, ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი და სუვერენიტეტი უნდა იყოს ყველასთან მიმართებით დაცული და ეს ძალიან კარგად წარმოაჩინა პრეზიდენტ ტრამპის შესაბამისმა გადაწყვეტილებამ. გამოჩნდა პირდაპირ, რომ ამერიკული თანხები ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არასწორი პროცესების დასაფინანსებლად, კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად, რასაც ჩვენ ვამბობდით და რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, რომ ჩვენ ერთ სიბრტყეზე ვაყენებდით რუსეთს და ამერიკას და ა.შ., ჩვენი მსჯელობის სისწორე დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისა და პირადად პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის შეფასებით, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილი ვერ პასუხობს კითხვას, რამდენი სქესი არსებობს, რადგან მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ძალიან უნდათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ იციან, რომ მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ. უმარტივესი კითხვაა, არსებობს 2 სქესი, მარტივი პასუხი შეიძლება გასცე. დარწმუნებული ვარ, ერთი სული აქვთ მათ გასცენ ამ ყველაფერს სწორი პასუხი იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტისთვის, თუ არა ბევრად უფრო მეტისთვის, არის აბსოლუტურად მიუღებელი 2 სქესის არსებობის ეჭვქვეშ დაყენება. მე დარწმუნებული ვარ, ამის გამო მათ ერთი სული აქვთ გასცენ სათანადო პასუხი ამ შეკითხვას, მაგრამ ვერ ბედავენ იმიტომ, რომ ეშინიათ საკუთარი პატრონების. აქედანაც ჩანს, რომ აბსოლუტურად, ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე იმართებიან გარედან. მათ საერთოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის განწყობა, ქართველი ხალხის ინტერესები. ერთადერთი, ვისი განწყობა და ინტერესებიც აინტერესებთ, ეს არიან მათი უცხოელი პატრონები. სხვა ახსნა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავებას უბრალოდ არ აქვს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც განთქმული იყო თავისი საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის.
„სრულიად აშკარაა, რომ ამ ყველაფერს აქვს მკაფიოდ პოლიტიკური საფუძველი. თქვენ იცით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა დაიწყო 2008 წელს, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ყოველგვარ კომუნიკაციაზე მიხეილ სააკაშვილთან. რაც შეეხება ახალი ეტაპის პრობლემებს, ეს პრობლემები შეიქმნა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც საქართველოს მიმართ წამოვიდა კონკრეტული მოთხოვნა, რაზეც ჩვენ არ დავეთანხმეთ შესაბამის სუბიექტებს და ამასთან დაკავშირებით წარმოექმნა პრობლემები ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც, როდესაც გაიყინა თანხმები მის ანგარიშზე შვეიცარულ ბანკში. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური. საერთაშორისო მედიაში რა კოორდინაციასაც ვხედავთ, რა თქმა უნდა, ამასაც აქვს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საფუძველი. ეს ყველაფერი გამოიყენებოდა შანტაჟის ინსტრუმენტად ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ ეს პროცესი გრძელდება.
კიდევ ერთხელ უნდა ითქვას ერთი მარტივი რამ, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს. თქვენ იცით, რომ 2011 წელს ის პოლიტიკურ პროცესში შემოვიდა ძალიან დიდი რისკის ფასად, ყველაფერი გვერდზე გადადო იმის გამო, რომ იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი უალტერნატივო გზა ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის და ასე იყო ეს 2022 წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, იყო სერიოზული შანტაჟი, არცერთ ეტაპზე არც კი უფიქრია ვინმეს ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განადგურებასთან იქნებოდა დაკავშირებული. შესაბამისად, ცალსახად, ეს არის პოლიტიკური შანტაჟი. სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც განთქმული იყო თავისი საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის. ამით ანგრევენ, რეალურად, თვითონ შვეიცარულ ბანკებს, მაგალითად Credit Suisse-ის აქციების ფასი 100-ჯერ და მეტად არის გაუფასურებული. თავის დროზე თუ იყო Credit Suisse-ის აქციის ფასი 80 ფრანკი, დღეს 1 ფრანკს არის ბევრად ჩამოცილებული. ამითაც, რა თქმა უნდა, სარგებლობენ კონკრეტული სუბიექტები, რომლებიც იაფად ყიდულობენ შესაბამის აქციებს. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური კოორდინაციის შედეგი. იყო კონკრეტული ძალიან მძიმე მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის, რეალურად, განადგურებას, მეორე ფრონტის გახსნას და სწორედ ამას უკავშირდება ეს პოლიტიკური ინტერესები, რის გამოც ხდება შვეიცარული ბანკების უკვე გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს სუფთა ფურცლიდან განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.
„ჩვენ რა თქმა უნდა, ვართ ძალიან დაინტერესებულები, რომ მოხდეს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა. უფრო მეტიც, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდა სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და უფრო მეტიც, ეს გვინდა გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, დაახლოებით ისეთივე გზამკვლევით, როგორიც არის შექმნილი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი. მზად ვართ, რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დიფ სთეითის სრულად დამარცხებას აშშ-ში. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი და გვაქვს სრული მზაობა იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები აუცილებლად თვისებრივად გადაიტვირთება.
„მთავარია ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. მე დადებითად შემიძლია გამოვეხმაურო იმას, რომ ამ ეტაპზე, უკვე განცხადებების დონეზე განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი. თუ ამ განწყობას დაეფუძნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები აუცილებლად თვისებრივად გადაიტვირთება“, - განაცხადა პრემიერმა.