სტადიონის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე შერჩეულია 2 ძირითადი ლოკაცია, ორივე არის ოპტიმალური და ამ ორიდან ალბათ ერთ-ერთზე შევჯერდებით, დაველოდებით ჰოლანდიური კომპანიის რჩევას ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს გვქონდა საუბარი ლოკაციაზე და სხვადასხვა ალტერნატიული ლოკაცია განვიხილეთ. ჩვენ არ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, დაველოდებით ჰოლანდიურ კომპანიას, მათი რჩევა იქნება მნიშვნელოვანი, ბუნებრივია, ლოკაციის შერჩევის პროცესშიც. ერთ-ერთი მისია ამ კომპანიის იქნება ის, რომ უნდა დაგვეხმაროს ლოკაციის შერჩევაში. ყველა შემთხვევაში, ეს იქნება ქალაქის გარეუბანი. ეს არის თანამედროვე სტანდარტი იმისათვის, რომ ლოჯისტიკურად იყოს ადვილად მისასვლელი შესაბამის ლოკაციამდე. ამ ეტაპზე შერჩეულია 2 ძირითადი ლოკაცია, ორივე არის ოპტიმალური და ამ ორიდან ალბათ ერთ-ერთზე შევჯერდებით. დაველოდებით ჰოლანდიური კომპანიის რჩევას ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
„დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც განვიხილეთ სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ვიმსჯელეთ სტადიონებთან დაკავშირებულ თემებზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს დაანონსებული თბილისში ახალი მასშტაბური სტადიონის მშენებლობა, რომელიც დაიტევს 70 000 მაყურებელს. ამას აქვს თავისი საფუძველი. პირველ რიგში, არის მაღალი მოთხოვნა საგანგებო მნიშვნელობის მქონე მატჩებზე. მოქმედი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონი იტევს მხოლოდ 54 000 მაყურებელს. მოთხოვნა არის მეტი, როცა საქმე ეხება საფეხბურთო ნაკრების მატჩებს. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ახალი, უფრო მასშტაბური სტადიონის არსებობა ჩვენს დედაქალაქში. გარდა ამისა, ეს იქნება საიმიჯო პროექტი, რომელიც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. ეს იქნება რეზონანსული პროექტი. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა გახლავთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ახალ სტადიონზე. ესეც იქნება საიმიჯო კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენა. სტადიონი განკუთვნილი იქნება როგორც საფეხბურთო მატჩებისთვის ისე სარაგბო მატჩებისთვის. აქ იქნება უზრუნველყოფილი ახალი საკონცერტო ინფრასტრუქტურა. ამ კუთხითაც მოქმედი ინფრასტრუქტურა არის პრობლემური. ახალ სტადიონზე გვექნება შესაძლებლობა, რომ უმაღლესი დონის კონცერტებს ვუმასპინძლოთ ჩვენს დედაქალაქში. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა ტურისტული თვალსაზრისითაც გაიზრდება ამ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შედეგად. ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და გარდა სასპორტო და საკონცერტო დატვირთვისა, აქ იქნება უზრუნველყოფილი საკონვენციო ცენტრის არსებობა. დღეს არ აქვს ქვეყანას ე.წ. საგამოფენო საკონვენციო ცენტრი, სადაც ასეთი ტიპის მაღალი რანგის ღონისძიებებს შეიძლება უმასპინძლოს ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა დედაქალაქმა. საკონვენციო ცენტრის ფუნქციასაც შეითავსებს ახალი სტადიონი. ახალი სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთში, ასევე რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას. ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, არის ინტერესი, აშენდეს ახალი სტადიონები და მოხდეს არსებული სტადიონების რეაბილიტაცია.
„თბილისის სტადიონის გარდა ვიმსჯელეთ ასევე რეგიონულ ინფრასტრუქტურაზე. განვიხილეთ შესაბამისი პროექტები. 40-ზე მეტ ლოკაციაზეა დაგეგმილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ სპორტს აქვს დღეს უპრეცედენტო წარმატება სხვადასხვა მიმართულებით, მოთხოვნაც არის ბავშვებში გაზრდილი, ამას ამ ეტაპზე არსებული ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონებში, იმისათვის, რომ ამ მოთხოვნას ვუპასუხოთ. გარდა ამისა, არაერთ ქალაქში, სადაც არის ტრადიციები როგორც ფეხბურთის, ასევე, რაგბის მიმართულებით, არის ინტერესი, აშენდეს ახალი სტადიონები, მოხდეს არსებული სტადიონების რეაბილიტაცია, ახალი მინდვრები იყოს უზრუნველყოფილი, როგორც ბავშვთა ფეხბურთისთვის და რაგბისთვის, ასევ, ზოგადად სპორტის გასავითარებლად. ამ მიმართულებითაც დრეს ვიმსჯელეთ კონკრეტულ გეგმაზე და უახლოეს მომავალში ეს გეგმა წარდგენილი იქნება საზოგადოების წინაშე. განვიხილეთ ვადები, განვიხილეთ მიმდინარე სამუშაოები, რაც ასევე უკავშირდება თბილისის სტადიონის მშენებლობას. უკვე არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა დაიკარგოს იმისათვის, რომ ჩვენ სათანადო ვადებში დავასრულოთ ამ პროექტის განხორციელება. ჩვენ შევჯერდით დღეს კომისიის სხდომაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ჰოლანდიური გაგვიწევს საკონსულტაციო მომსახურებას. შემუშავდება ერთგვარი მასტერპლანი, კონცეფცია ახალი სტადიონისთვის, ჩვენს ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად, რომელსაც ჩართული ეყოლება უეფას ექსპერტები ამ სტადიონის კონცეფციის შემუშავების პროცესში. მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც მსვლელობა მიეცემა სტადიონის მშენებლობას, ისინი გაგვიწევენ ჩვენ საკონსულტაციო მომსახურებას. უახლოეს დღეებში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და დეტალურ ინფორმაციას ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ამის შემდეგ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება. შესაბამისად, სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი სტადიონის მშენებლობა. ჩვენს ქალაქებში და რეგიონებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი სპორტის წარმატებას, განვითარებას, რაც არის ჩვენი სიამაყის განსაკუთრებული საგანი“, - განაცხადა პრემიერმა.