ვიშიმშილებ, სანამ უდანაშაულო პატიმრებს არ გამოუშვებენ და არჩევნები არ დაინიშნება - ლაშა ჩხვიმიანი

ლაშა ჩხვიმიანმა, დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დმანისში მერიის წინ, მანქანაში შიმშილობა დაიწყო.

„აქ, დმანისის მერიის წინ, მათი ვიდეო კონტროლის ქვეშ, პარკინგზე ვიქნები ჩემს მანქანაში და ვიშიმშილებ მანამდე სანამ უდანაშაულო პატიმრები არ გათავისუფლდებიან, ვიშიმშილებ სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება“, - წერს ის ფეისბუკზე.

„მხოლოდ ჩემი თვალით რა დარღვევებიც ვნახე დმანისში, ისიც კი საკმარისია ახალი არჩევნების დასანიშნად“, - აცხადებს იგი.

„უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა უსამართლობას ვეგუებოდით“, - წერს ჩხვიმიანი.

ლაშა ჩხვიმიანი ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატულ თეატრს 2017-22 წლებში ხელმძღვანელობდა. ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში 2022 წელს ის ერთადერთი კანდიდატი იყო. მაშინდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა, - რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები რეპრესიებში სდებდნენ ბრალს, - კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა.

საქართველოში 63 დღეა, საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს. ასობით ადამიანი დააკავეს.

ამასთან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე მედიისთვის ცნობილია სისხლის სამართლის წესით დაკავებული, სულ მცირე, 45 დემონსტრანტის შესახებ.

მათგან 43 მას შემდეგ დააკავეს, რაც „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

ბოლოს დაკავებული, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორი მზია ამაღლობელი, 11-12 იანვრის მიჯნაზე დააკავეს. დაპატიმრების შემდეგ მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - ასე აფასებენ იურისტები ამაღლობელის დაპატიმრებას და ბრალდებას და ამბობენ, რომ ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.