დღეს, 4 თებერვალს პარლამენტში საგაზაფხულო სესია იხსნება, სადაც "ქართულ ოცნების" მიერ არჩეულ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს მოუსმენენ.
მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გამოსვლის გამო, პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო. კერძოდ, შენობაში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, რაც ნიშნავს, რომ ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
რაც შეეხება მედიის მუშაობას, დაიშვება ტელემედია საშუალებების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.
"მიმდინარე წლის 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით წარსდგება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა",- წერია საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.