საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. მათ შორის, შეხვედრაზე იმყოფებიან გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიეტუვის, ესტონეთისა და რუმინეთის ელჩები.
შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ახლანდელ ოფისში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
შეხვედრაში, რომელიც ზურაბიშვილის ინიციატივით იმართება, ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
„ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ივანიშვილის რეჟიმი სულ უფრო მეტ კონსოლიდაციას ახდენს ავტოკრატიული მმართველობის და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცდილობს, მოახდინოს დიქტატურის კონსოლიდაცია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა ძალებმა ვისაუბროთ ერთად და ვიმუშაოთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გადავარჩინოთ ქვეყანა, ქვეყნის ევროპული მომავალი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მხრიდან ამოქმედებული სასანქციო მექანიზმი კარგი, თუმცა არასაკმარისია.
„ძალიან კარგია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სასანქციო მექანიზმი რომ აამოქმედა, მაგრამ არასაკმარისია, რადგან ეროვნულ დონეზე, ყველა ქვეყანამ უნდა დაასანქციროს ივანიშვილის რუსული რეჟიმის წევრები. ვერცერთ დასავლურ ქვეყანაში ვერ უნდა შედიოდნენ მისი რეჟიმის მსახურები, ყველას უნდა გაეყინოს ანგარიშები, მათ შორის ოჯახის წევრებსაც, მათთან დაკავშირებულ ე.წ. ბიზნესსაც, რომ მათი სისტემა იზოლაციაში მთლიანად მოჰყვეს, ამით ჩამოინგრეს და ხალხმა შეძლოს, გავიდეს სამშვიდობოს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.