არის წონის კლება, ხვალ შევაფასებთ მდგომარეობას და გადაწყდება მისი შემდგომი მკურნალობა - ჩხაიძე ამაღლობელის მდგომარეობაზე

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მზია ამაღლობელს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდა. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

რეჟიმის პატიმარს კონსულტაციებს უტარებენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები. 

"საღამოს საათებში, 17:00 საათზე. მას ჩაუტარდა შემოსვლისთანავე წინასწარ დაგეგმილი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, შემდეგ გარდა ამისა დამატებითი კვლევებიც გახდა საჭირო, რაც გამოიკვეთა ამ კვლევის პროცესში. 

გარდა ამისა, კონსულტირებული იქნა სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ და მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, შემდგომი გართულებების პრევენციის მიზნით დაიწყო დამხმარე თერაპიული ღონისძიებების ჩატარება, რაზეც მან თანხმობა განაცხადა და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ მან თანხმობა განაცხადა ამაზე. 

დეტალებს მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, დიაგნოზი თქვენ იცით, ადამიანი შიმშილობს 26 დღეა თუ არ ვცდები და რა თქმა უნდა, მას აქვს ამ დიაგნოზიდან გამომდინარე ჩივილები. არის წონის კლება, კონკრეტულ ციფრს ვერ დაგისახელებთ. დამოუკიდებლად გადაადგილდება, პაციენტი აბსოლუტურად ადეკვატურია, კონტაქტურია დახმარების გარეშე. 

როგორც გითხარით ეს იყო, ნაწილი კვლევების დაგეგმილი, პენიტენციური დაწესებულების მიერ და შემდგომში გაგრძელებული ჩვენს მიერ გაგრძელებული უფრო ღრმა, დამატებითი კვლევები. გრძელდება მონიტორინგის პროცესი, რაც გამოისახება, თუ რაიმე დამატებითი კვლევა იქნება საჭირო პაციენტს ყველაფერი ჩაუტარდება.

ახლაც კონსულტირდება სხვადასხვა სპეციალისტების მიერ დღის განმავლობაში ვნახავთ კიდევ, ხვალ შევაფასებთ მის მდგომარეობას და გადაწყდება მისი შემდგომი მკურნალობა," - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მზია ამაღლობელი 25-ე დღეა შიმშილობს.