გვაქვს ამბიციური ამოცანა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული, დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქცია - ირაკლი კობახიძე

ყაზახეთთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ვიზიტი იმართება სწორედ ყაზახეთში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყაზახეთთან აქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა.

„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ მრავალ თემაზე, რაც უკავშირდება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას მისი ისტორიული ფუნქცია. ეს არის დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია და ამ კუთხით საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ სხვადასხვა პროექტზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. ვფიქრობ, არის ძალიან დიდი პერსპექტივა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა თემაზე. გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხებისა, სხვადასხვა სფეროში შევეხეთ თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორიცაა კულტურა, სპორტი, განათლება და ა.შ. ყველა მიმართულებით გვექნება პროგრესი, რაც არის მნიშვნელოვანი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ყაზახეთისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა შუა დერეფნის პროექტის განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მარშრუტის გამოყენებით ხორციელდება სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროპისა და საპირისპირო მიმართულებით.

„მიზანშეწონილია ძალისხმევის გააქტიურება „შუა დერეფნის“ განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იყოს დამაკავშირებელი რგოლი ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ასევე ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. დაკავშირებადობის საერთაშორისო მარშრუტები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიქცეთ ევროპასა და აზიას შორის ციფრულ ცენტრად. საქართველო მიესალმება ყაზახური ენერგორესურსების, კერძოდ, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.