პარლამენტმა მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე - ირაკლი კობახიძე

ოპოზიციამ შეიტანა განაცხადი ჯერ კიდევ ნოემბერში მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მათ ჰქონდათ გარკვეული დრო, ჩვენ არ ავჩქარდით, დეკემბერშიც შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დამატებით, დაახლოებით ორი თვე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას იმისათვის, რომ გადაეხედათ საკუთარი გადაწყვეტილებისთვის.

„დღევანდელი დღე პოლიტიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა გავუსვა ასევე იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას ხაზი, რომელიც იქნა მიღებული საპარლამენტო მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციამ შეიტანა განაცხადი ჯერ კიდევ ნოემბერში მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მათ ჰქონდათ გარკვეული დრო, ჩვენ არ ავჩქარდით, დეკემბერშიც შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა დამატებით, დაახლოებით ორი თვე მივეცით რადიკალურ ოპოზიციას იმისათვის, რომ გადაეხედათ საკუთარი გადაწყვეტილებისთვის. უფრო სწორად, ეს დრო მივეცით, არა რადიკალურ ოპოზიციას, არამედ მათ პატრონებს, ე.წ. Deep State-ს, იგივე „გლობალურ ომის პარტიას“, თუმცა მათ არ შეცვალეს საკუთარი დამოკიდებულება და კვლავაც ძალაში დარჩა მათი გადაწყვეტილება პარლამენტში ოპოზიციის არშეყვანის თაობაზე. ასეთ პირობებში,  რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს, პარლამენტს  არ ჰქონდა არავითარი სხვა ალტერნატივა. არ შეიძლება ქვეყანაში დაკანონდეს საბოტაჟი, რაც ჩვენ ვიხილეთ 4 წლის წინ და რასაც ვხედავდით ასევე ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტმა მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტის თაობაზე“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, კრიმინალს დაერქვას კრიმინალი, უცხოელ აგენტს დაერქვას უცხოელი აგენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრინციპულად მნიშვნელოვანია იმ სისტემური დანაშაულების კიდევ ერთხელ გამოძიება, რომელიც ჩადენილი იქნა ცხრა წლის განმავლობაში იმ აგენტორული რეჟიმის მიერ, რომელიც იყო ჩამოყალიბებული საქართველოში.

„რეალურად ეს დანაშაულები დევს ხელის გულზე. ეს არის ადამიანების მკვლელობა, წამება, ციხეებში სისტემური დანაშაული. ასევე, ეს არის ბიზნესის რეკეტი, 2008 წლის ომის დანაშაული და ა.შ. ეს ყველაფერი მართალია, დევს ხელის გულზე, მაგრამ ყველაფერს კიდევ ერთხელ სჭირდება ჩაღრმავება, რათა საზოგადოებას შევახსენოთ ყველაფერი და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. ჩვენ გვჭირდება ერთგვარი ნიურნბერგის პროცესი, რათა საქართველო აღარასდროს დაუბრუნდეს ბნელ წარსულს, იმ წარსულს, რომელიც გვახსოვს ასე მძიმედ 2004-2012 წლებიდან. არავინ არასდროს არ უნდა დააბრუნოს ჩვენი ქვეყანა იმ რეჟიმში, რომელიც მოქმედებდა 2012 წლამდე. ეს იყო გარედან მართული სისხლიანი რეჟიმი, რომლის დანაშაულთა გამოძიებაც მოხდება სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება არა მხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამისი „ენჯეოებიც“. ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

კითხვა შეეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი კანდელაკის არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საზოგადოებისთვის დახმარების თხოვნის შესახებ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ყველაფერი ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგია.

„ეს არის ალბათ ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება და ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება არა მხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამის „ენჯეოებიც“. ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით. საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის“ დასრულება ამ ქვეყანაში. ვხედავთ, რომ მათი მდგომარეობა დღეს არის ძალიან მძიმე, მთავარია, პროცესები გაგრძელდეს ისე, როგორც ახლა გრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.