საქართველოსა და ყაზახეთს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყაზახეთთან პარტნიორობის განმტკიცება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი.
„ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია ყაზახეთში სტუმრობა. დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენს ქვეყანაში ჩვენი მასპინძლობისთვის. ეს არის ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ცხადყოფს ჩვენს განსაკუთრებული ინტერესს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის თანამშრომლობის, პარტნიორობისა და მეგობრობის განმტკიცების მიმართ. ეს მეგობრობა ეფუძნება ძალიან მტკიცე ისტორიულ, ტრადიციულ ფესვებს. ასე რომ, ამ პარტნიორობის განმტკიცება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. პოლიტიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ და ყაზახეთს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ეწვევით ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის ყაზახეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი და ამასთან ერთად, არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორიც.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული ფუნქცია და ეს ფუნქცია არის ევროპის და აზიის დაკავშირება ერთმანეთთან, აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ყაზახეთთან თანამშრომლობას აქვს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა. შესაბამისად, საუბარი გვქონდა ყველა თემაზე, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხზე. რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ინტერესების შემდგომ დაახლოებას და ძალიან კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ყაზახი ინვესტორების მუშაობა. საქართველოში არის არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით და არის კონკრეტული ინტერესი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკის და სხვა სექტორებში. რა თქმა უნდა, ჩვენ შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად წარმატებული იყოს ასეთი ინიციატივები“, - განაცხადა პრემიერმა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალი დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო არის ყაზახეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი.
„გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას.
საქართველო არის ყაზახეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და თქვენი დამსახურებული დანიშვნა მეტყველებს თქვენს ძლიერ ლიდერობაზე თქვენს ქვეყანაში. გისურვებთ წარმატებას.
ასევე, ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, რათა მაღალი შეფასება მივცე საქართველოს თქვენ მიერ ბოლო წლებში მიღწეული უმნიშვნელოვანესი პროგრესისთვის. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. რამდენადაც ვიცი, შარშან ეკონომიკურმა ზრდამ მიაღწია 9.4%-ს, რაც ძალიან შთამბეჭდავ შედეგს წარმოადგენს. საქართველო არის ყაზახეთის მეგობარი ქვეყანა.
ჩვენ გვაქვს ამ ეკონომიკური ზრდის შეფასების შესაძლებლობა, რაც, რა თქმა უნდა, სარგებელს მოუტანს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას. თქვენი ვიზიტი ყაზახეთში ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ხელს შეუწყობს ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას და ურთიერთობებს ბევრ მნიშვნელოვან სტრატეგიულ სფეროში“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.