"არავის უნდა ჰქონდეს უფლება, NGO-ების უცხოური დაფინანსებით, ამ ქვეყანაში სცადოს ხელისუფლების ცვლილება" - ირაკლი კობახიძე

მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება სიცრუის და სიძულვილის გავრცელებას, საკანონმდებლო ცვლილებები თავსებადი იქნება ჩვენს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, სიცრუე და სიძულვილი ლიბერალური ფაშიზმის ის მთავარი იარაღია, რომელსაც იყენებდა „დიფ სთეითი“ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში.

 

„იცით, რომ სიცრუე და სიძულვილი ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღებია, რასაც იყენებდა „დიფ სთეითი“ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. როდესაც საუბარია მედიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, აქ ერთადერთი, რასაც შეიძლება შეეხებოდეს ეს ცვლილება არის სიცრუესთან და სიძულვილის გავრცელებასთან დაკავშირებულის საკითხები. თუ ვინმეს ეშინია იმის, რომ თავისუფლად ვეღარ მოახერხებს სიცრუის გავრცელებას, სიძულვილის თავისუფლად ტირაჟირებას, ეს არის, რა თქმა უნდა, მისი პრობლემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიცრუე და სიძულვილი არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და შესაბამისად, აქ არის საჭირო ახალი რეგულაციები, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, ყოველგვარი შელახვის გარეშე იმ ძირითადი უფლებისა, რასაც ჰქვია მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება. ბუნებრივია, საუბარია ისეთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც იქნება თავიდან ბოლომდე თავსებადი ჩვენს კონსტიტუციურ პრინციპებთან და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ  ენჯეოების უცხოური დაფინანსებით ქვეყანაში სცადოს ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნების წინააღმდეგ. 

 

„ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, განსაკუთრებით ბოლო ორი წელია, ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რაზეც ახლა უკვე ღიად ალაპარაკდა აშშ-ის ახალი ხელისუფლება - არის პირდაპირი აღიარება იმისა, რომ უცხოური დაფინანსება, კონკრეტულად ამერიკული დაფინანსება გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში რევოლუციების, არეულობის მოსაწყობად და უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები ასრულებდნენ ამაში გადამწყვეტ როლს. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი დევს ხელის გულზე და მარტო საქართველოს ხელისუფლება არ საუბრობს ამ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, ჩვენ შეგვიძლია, თავისუფლად განვავრცოთ ის კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია NGO-ების გამჭვირვალობასთან. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ საუკეთესო საშუალება არის ამერიკული ფარას კანონის პირდაპირ კოპირება ჩვენი რეალობისთვის. დანარჩენი არის დისკუსიების საგანი. შედარებით რბილი კანონის მიხედვითაც, ძალიან ბევრი NGO, მათ შორის ყველაზე მდიდარი NGO-ები თავს იკავებდნენ რეგისტრაციისგან, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ მათ არ სურდათ საკუთარი რევოლუციური პროექტების წარმოჩენა ქართული საზოგადოების წინაშე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ამოცანა, ჩვენი ეროვნული ამოცანა არის სუვერენიტეტის დაცვა და არავის არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ  NGO-ების უცხოური დაფინანსებით ამ ქვეყანაში სცადოს ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ამას ემსახურება ამერიკული ფარას ანალოგიური კანონის მიღება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, შეიცვლება აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-ს და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის.

 

„როდესაც საუბარია ცვლილებებზე, ეს ცვლილებები თანაბრად უნდა შეეხოს, როგორც USAID-ს, NED-ს, ისე საელჩოს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, შეიცვლება სწორედ აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-ს და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის,“- აღნიშნა პრემიერმა.


პრემიერის თქმით, USAID-ის დაფინანსებულმა ენჯეომ, ISFED-მა გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები 2020 წელს, რასაც მოჰყვა რევოლუციის პირველი მცდელობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

 

„არიან საქართველოში ყველაზე მდიდარი ენჯეოები, რომლებიც პირდაპირ გამოიყენებოდნენ რევოლუციის მოსაწყობად. დღემდე გრძელდება ეს პროცესი. ეს არის ერთგვარი გაგრძელება იმ პროცესებისა, რაც დაიწყო. კონკრეტულად USAID-ის დაფინანსებულმა ენჯეომ, ISFED-მა გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები 2020 წელს, რასაც მოჰყვა რევოლუციის პირველი მცდელობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ახლაც ხედავთ, როგორც ვითარდება პროცესები - რევოლუციის მცდელობის ავანგარდში დგანან სწორედ უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები, ესენი არიან აშშ-დან დაფინანსებული ენჯეოები, USAID-ი, NED-ი, რასაც ღიად აკრიტიკებს უკვე ახალი ამერიკული ადმინისტრაცია და ესენი არიან ასევე ევროკავშირთან დაკავშირებული ფონდების მიერ იგივე EED-ს მიერ დაფინანსებული ენჯეოები. ეს ყველაფერი არის საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის და ამას სჭირდება რეგულაცია სწორედ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გზით და ამას ემსახურება ამერიკული ფარას მიღება ჩვენს ქვეყანაში. ამას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს, თითოეული ცენტი, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, უნდა იყოს გამჭვირვალე ქართული საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისთვის, იმისათვის, რომ ქართველი ხალხი არავინ შეიყვანოს შეცდომაში. ასევე, კანვასი, რომელიც USAID-ის დაფინანსებით აორგანიზებდა ტრენინგებს, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის. ჩვენ როცა ვამბობდით, რომ ამის მიზანი იყო რევოლუციური პროცესების წახალისება, ვიღაცები ირონიულად გვპასუხობდნენ, რომ როგორ შეიძლება შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები ვიღაცამ გამოიყენოს რევოლუციისთვის. თუ დააკვირდებით ახლა რევოლუციის ამ ჩავარდნილ მცდელობას, წინა ფრონტზე გამოიყვანეს სწორედ შემოქმედებითი სფეროს, თეატრის კინოს და სხვა სფეროების  წარმომადგენლები. ეს იყო მიზანმიმართული პროცესების შედეგი. USAID-ი კანვასის ტრენინგებს ატარებდა, ცდილობდა რევოლუციის მოწყობას. რა თქმა უნდა, ეს არის დაუშვებელი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი. უცხოელი აგენტების ხელით არ შეიძლება ამ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძისნაირი ადამიანები ვერც მალავენ, რომ არიან უცხოელი აგენტები და მათ აინტერესებთ არა საქართველოს ინტერესები, არამედ უცხოელი სუბიექტების ინტერესები.

 

„მათ არ ადარდებთ არც ობიექტური ამერიკული ინტერესები, ეს არის „დიფ სთეითის“ ინტერესები, რასაც ემსახურება დღემდე მამუკა ხაზარაძე, ისევე როგორც ემსახურებიან ოპოზიციის სხვა ლიდერები. რაც შეეხება ირანთან, ჩინეთთან დაკავშირებულ განცხადებებს, ყველას ვურჩევ, რომ გაეცნონ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს ამ ქვეყნებთან მიმართებით - ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ თავად ახალი ადმინისტრაცია აპირებს ურთიერთობების დალაგებას ჩინეთთან, ირანთან და ამავე დროს ხაზარაძე ცდილობს, რომ ჩინეთისა და ირანის ფაქტორი გამოიყენოს საქართველოზე შეტევისთვის. ეს არის სრული აბსურდი, ეს ადამიანები არიან აბსურდში. რეალურად ხაზარაძე, ჯო უილსონი და სხვები საუბრობენ აბსოლუტურად ერთნაირი, აბსურდული მესიჯებით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ აქვთ ძალიან სუსტი პოზიციები. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ისეთი უცხოელი აგენტების მიმართ, როგორიც არის ხაზარაძე, როგორებიც არიან რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი Deep State-ის საქმიანობის შედეგია. 

„არიან კონკრეტული ელჩები, რომლებიც მიყვებიან Deep State-ის ინსტრუქციებს. ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ღმერთს, განსხვავებით იგივე რამდენიმე წლის წინანდელი  მდგომარეობისგან, დღეს აღარ აქვს არავის იმის საშუალება, რომ უხეშად განახორციელოს ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში. კანონები იწერება საქართველოს პარლამენტში, კანონები აღსრულდება საქართველოს მთავრობაში. ეს არის ის, როგორც უნდა მოქმედებდეს სუვერენული ხელისუფლება და ჩვენ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ქართველი ხალხის წინაშე, რომ მომავალშიც ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ დამოუკიდებლად, საქართველოს ხელისუფლების მიერ, ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.