"არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა 4 მილიონ ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი" - ირაკლი კობახიძე

მანდატების შეწყვეტას არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა, რაც შეეხება გახარიას პარტიას, არც მისი ადგილია საქართველოს პარლამენტში, ზოგადად, არც ერთი უცხოელი აგენტის ადგილი არაა პარლამენტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში ექსკლუზიურად ის ადამიანები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, ვინც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან.

 

„საქართველოს პარლამენტში უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ექსკლუზიურად ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ორი თეორიული ვარიანტი არსებობს იმისათვის, რომ გახარიას პარტიასაც შეუწყდეს მანდატები, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი, ერთი - თუ ამ სესიის განმავლობაში გააცდენენ სხდომებს და მეორე - თუ დაწერენ განცხადებას. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის ამ პოლიტიკურ პარტიასაც, ანუ „ნაცმოძრაობის“ ამ ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში შეუწყდეს მანდატები,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, როგორც კი მცირე  ბულინგი წამოვიდა „ნაცმოძრაობის“ სხვა განშტოებების მხრიდან, მათ მაშინვე დაიხიეს უკან, იმიტომ, რომ ისინი არიან ერთიანი, კოლექტიური ძალის ნაწილი.

 

„მთელი ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ მათ თვითონ ჩაიგდეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში. ჩვენც დავეხმარეთ, ჩვენი წვლილიც არის ამ ყველაფერში, მაგრამ პირველ რიგში, დიფ სთეითმა  თავისი ხელით გაანადგურა რადიკალური ოპოზიცია. დიფ სთეითის სურვილი იყო, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაებრუნებინა ხელისუფლებაში, თუმცა სინამდვილეში საკუთარი ხელით გაანადგურეს მათ რადიკალური ოპოზიცია. რაც შეეხება ამ შიდა კინკლაობას, რაც არის რადიკალურ ოპოზიციაში, ესეც არის მათი სისუსტის გამოვლინება.

 

რაც შეეხება კონკრეტულად, გახარიას პარტიას, მათ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქვთ შექმნილი კოალიცია დღემდე, ოთხ მუნიციპალიტეტში. ასეთ დროს მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის და საინტერესო ის არის, რომ როგორც კი მცირე  ბულინგი წამოვიდა „ნაცმოძრაობის“ სხვა განშტოებების მხრიდან, მათ მაშინვე დაიხიეს უკან, იმიტომ, რომ ისინი არიან ერთიანი, კოლექტიური ძალის ნაწილი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მხოლოდ პირობითია მათ შორის სხვაობა. ერთმანეთის მიმართაც დიდად სიმპათიებს არ გამოხატავენ, მაგრამ ეს არის პერსონალური საკითხი. პოლიტიკურად ისინი არიანი ერთიანი ძალის შემადგენელი ნაწილი ერთი მარტივი მიზეზის გამო - მათ ჰყავთ საერთო პატრონი, შესაბამისად, მათ არ აქვთ არავითარი დამოუკიდებლობის ხარისხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა 4 მილიონ ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი. 

 

„არ შეიძლება ოთხმა ასეულმა ადამიანმა შეაფერხოს ეკონომიკის განვითარება 4 მილიონი ადამიანისთვის. ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა, ეს არის პოლიციის გაძლიერება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. ვერავინ ვერ აღმართავს ხელს ქართული სახელმწიფოსა და ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, მით უმეტეს ოთხი ასეული ადამიანი, რომელიც ცდილობს, 4 მილიონ ადამიანს შეუქმნას გარკვეული პრობლემები. ოთხი ასეული „ნაციონალის“ მხრიდან არ შეიძლება ჩვენ გავატაროთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის პრობლემების შექმნა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პრინციპულად დაიცავს საკუთარ პოზიციებს და საკუთარ ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.