პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელად ბესიკ მეურმიშვილი დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად ბესიკ მეურმიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.

"ბესიკ მეურმიშვილს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი", - წერია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

2001–2013 წლებში ბესიკ მეურმიშვილი მუშაობდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. ამ პერიოდში, მას დაკავებული ჰქონდა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის პოზიციები.