როდესაც კონკრეტული ადამიანი კადრულობს და პოლიციის უფროსს სახეში ურტყამს ხელს, ამაზე ყველას უნდა ჰქონდეს ჯანსაღი რეაქცია და არა ისეთი, როგორიც გამოხატეს გუშინ, მაგალითად, ევროკავშირის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა, რომ თითქოს ჟურნალისტი თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო ზის ციხეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მზია ამაღლობელის საქმეზე საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის სამარცხვინო ტყუილი.
„თქვენ მოისმინეთ ერთ-ერთი საერთაშორისო გამოხმაურება გუშინ, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს თავისუფალი სიტყვის გამოხატვის გამო ზის კონკრეტული ადამიანი ციხეში. ხომ ხედავთ, რამდენად სამარცხვინო ტყუილებს კადრულობენ და ეს ტყუილი იკადრეს უმაღლეს დონეზე ევროკავშირში. ამაზე თქვენ უნდა გქონდეთ შეფასება და ასევე მნიშვნელოვანია, თქვენ გქონდეთ შეფასება იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანი კადრულობს და პოლიციის უფროსს სახეში ურტყამს ხელს. ამაზე ყველას უნდა ჰქონდეს ჯანსაღი რეაქცია და არა ისეთი, როგორიც გამოხატეს გუშინ, მაგალითად, ევროკავშირის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა, რომლებმაც იკადრეს სამარცხვინო ტყუილი და თქვეს, რომ თითქოს ჟურნალისტი თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო ზის ციხეში. ეს სამარცხვინო ტყუილია და ასეთ სამარცხვინო ტყუილებზე ჩვენ ვერ გვექნება ვერავითარი რეაგირება,“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, არ შეიძლება, ვიღაცამ სცადოს, ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოს წარმომადგენელზე.
„რაც შეეხება წინასწარ პატიმრობას, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი, მოგეხსენებათ, ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებენ პროკურატურა და სასამართლო ხელისუფლება. მე ვერ შევალ სამართლებრივ შეფასებაში, ერთადერთი, შემიძლია საერთო შეფასება გავაკეთო იმ სამართალდარღვევის, რაც იქნა ჩადენილი. ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, თავისი საერთო შეფასებით, არ შეიძლება, ვიღაცამ სცადოს, ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოზე, სახელმწიფოს წარმომადგენელზე, პოლიციელზე. ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, რასაც სჭირდებოდა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება. როგორი უნდა იყოს ეს რეაგირება, ამაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები და ყველამ პატივი უნდა სცეს შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებებს. მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ ვერ ვხედავთ ვერანაირ სინანულს. პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით. არც კონკრეტულად ბრალდებულის, არც მისი კოლეგების მხრიდან. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. დანარჩენზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს თავისი შეფასება“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამართლებრივი საკითხები უნდა გაირჩეს პროკურატურაში და სასამართლოში.
„რაც შეეხება მზია ამაღლობელის კოლეგებთან შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან, თუმცა არავითარი სინანული, მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა, აპირებდნენ ადვოკატთან ერთად მოსვლას. სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა, მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე. სამართლებრივი საკითხები უნდა გაირჩეს პროკურატურაში და სასამართლოში, ეს არის შესაბამისი უწყებები. თუ ვინმეს უნდა გამოხატოს სინანული, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და მის შემდეგ შეიძლება, დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით და ა.შ. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ არათუ სინანულს არ გამოხატავენ კონკრეტული სამართალდარღვევის გამო, არამედ ცდილობენ, ასეთი სამართალდარღვევების წახალისებას, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ამის მიმართ ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური. კიდევ ერთხელ სინანული არის მთავარი, რაც ახლა არის გამოსახატი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ამას სჭირდება სათანადო ყურადღება და გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის განკუთვნილი იმისათვის, რომ საქართველოში ვეღარავინ სცადოს NGO-ების მეშვეობით, უცხოური დაფინანსების მეშვეობით მორიგი რევოლუციის მოწყობის მცდელობა.
„ჩვენ შარშან მივიღეთ ამერიკული „ფარას“ რბილი ვერსია. ამ კანონსაც პატივს არ სცემენ კონკრეტული ორგანიზაციები. ყველაფრის გათვალისწინებით და ყველაფრის ფონზე, მათ შორის, იმ მოვლენების, რაც განვითარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ მივიღეთ ამერიკული „ფარას“ კოპირების გადაწყვეტილება. ერთი საინტერესო დეტალი დაერთო ამ ყველაფერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა განცხადებები ფარას შერბილების თაობაზე. აქ მეორე, რაც ემატება ამ ყველაფერს, ევროკავშირს უნდოდა მსგავსი კანონის მიღება და მათ პირდაპირ, ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქართველოში ანალოგიური კანონის მიღების გამო ვეღარ იღებენ ევროკავშირში ამ კანონს იმიტომ, რომ მაშინ მორალური უფლება აღარ ექნებოდათ, საქართველო გაეკრიტიკებინათ იგივე კანონის მიღებისთვის. ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას“ კანონის შერბილებას. აქ შეიძლება ერიოს Deep State-ის ხელი. ამას მომავალი გვიჩვენებს.
რაც შეეხება ჩვენს რეალობას, თქვენ ხედავთ, რომ გასული 4 წლის განმავლობაში იყო საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, ამ 4 მცდელობაში იყვნენ ჩართული უცხოელი აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სათანადო ყურადღება და გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის განკუთვნილი იმისათვის, რომ საქართველოში ვეღარავინ სცადოს NGO-ების მეშვეობით, უცხოური დაფინანსების მეშვეობით მორიგი რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, NGO-ების მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.